ორგანული კაკლის ბაღი მოლდოვაში
2019 წელს, მოლდოვურმა კოოპერატივმა, CI Nucces (სოფელი კოპერჩენი, ოერის მხარე) 100 ჰექტარზე ჩანდლერის ჯიშის კაკლის ბაღი გააშენა, რომლიდანაც წელს პირველ მოსავალს მიიღებენ.
პროექტი მრავალი თვალსაზრისითაა საინტერესო. კოოპერატივი ექვსმა ფერმერმა დააფუძნა, თითქმის თანაბარი მიწის ნაკვეთების მფლობელობით. კოოპერატივის ფარგლებში, ყველა ნაკვეთზე ერთი და იგივე სასოფლო – სამეურნეო ტექნოლოგია გამოიყენება, რათა ერთნაირი ხარისხის მოსავალი მიიღონ.
ერთობლივი ინვესტიცია საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარებაში იხარჯება. მომავალში კი, მარკეტინგიც საერთო ძალებით იგეგმება. აქამდე, მოლდოვაში, მსგავსი ერთიანი მიდგომა მხოლოდ ნუშისა და თხილის სექტორში გამოიყენებოდა. შესაბამისად, კაკლის მცირე მწარმოებლები, დიდი მეურნეებისგან განსხვავებით, დიდწილად გადამმუშავებლებსა და გადამყიდველებზე იყვნენ დამოკიდებულნი.
კოოპერატივმა დაფუძნებისთანავე მოლდოვას აგრარული წარმოების ფედერაციას (FARM) მიმართა. ორგანიზაციის ექსპერტები კოოპერატივს დაეხმარნენ კაკლისთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთების არჩევაში, რომლებიც ორგანული მეურნეობის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა, შეარჩევინეს ორგანული მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები, დაეხმარნენ ბიზნეს გეგმის შედგენასა და დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში.
პროექტის წარმატებაში მთავარ როლს კაკლის სახეობა თამაშობს. ერთი მხრივ, „ჩანდლერი“ სტანდარტულად მაღალხარისხიანი, მსოფლიოს კაკლოვნების ბაზრისთვის ყველაზე შესაბამისი ჯიშია. მეორე მხრივ კი, რიგ აგროტექნოლოგიურ ღონისძიებებს ითხოვს. ერთ-ერთი პირველი, წყლის დროული და სწორი მიწოდებაა.
კოოპერატივი CI Nucces, FARM-ის დახმარებით, IFAD -ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, თავის ყველა ბაღში გააკეთებს თანამედროვე სარწყავ სისტემებს, წყალსაცავებით, რათა წყალი ხეებს დროულად და უწყვეტად მიაწოდონ.