პეკანი – კაკალი დასავლეთ საქართველოს ტენიანი სუბტროპიკული ზონისთვის
დასავლეთ საქართველოს ტენიანი სუბტროპიკული ზონის ნიადაგობრივ კლიმატური მახასიათებლები საუკეთესო პირობებს ქმნის კაკლოვანი კულტურების გასაშენებლად.
პეკანი ძვირფასია, როგორც მაღალმოსავლიანი ხანგრძლივად მოზარდი კაკლოვანი მცენარე, რომელიც იძლევა ძალიან გემრიელ და კალორიულ ნაყოფებს: პეკანი თბილი ქვეყნის მცენარეა, სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა, მისი კაკლის გული მდიდარია საკვები ნივთიერებებით: შეიცავს 80% ცხიმს, 11,3% ნახშირწყლებს, 10,3% პროტეინს.
ნაყოფი იხმარება ნედლი სახით, ან მისგან ხდიან ზეთს. 400გრ. გარ-ჩეული ნაყოფი ეკვივალენტურია 3445 კალორიისა, რაც საკმარისია ადამიანის საკვების დღიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
პეკანის ნედლი ნაყოფისგან ამზადებენ საუკეთესო მურაბებს. ნაყოფი გამოიყენება აგრეთვე საკონდიტრო წარმოებაში, კულინარიაში და სხვა.
პეკანის ნარგაობა ფართოდ გამოიყენება საუკეთესო ხეივნების მოსაწყობად, რადგან იგი ლამაზი და ხანგრძლივად მზარდი მცენარეა. პეკანის მერქანს იყენებენ სხვადასხვა სადურგლო ნაკეთობისათვის. ფოთლები შეიცავენ ფიტონციდურ ნივთიერებებს, რის გამოც მისი ვარჯის ქვეშ იშვიათად ნახავთ მავნე მწერებს, რაც ადამიანისთვის მოსვენების საუკეთესო მიკროკლიმატს ქმნის.
საქართველოში პეკანი პირველად შემოიტანეს ჩაქვში 1901 წელს, პეკანის გავრცელებისათვის ფართო შესაძლებლობებია საქართველოს ტენიან სუბტროპიკულ ზონაში, სადაც ჩვეულებრივი კაკალი ავადდება სოკოვანი ავადმყოფობით.
პეკანი ფოთოლმცვენი ხე-მცენარეა, რომელიც აღწევს 30-45მ. სიმაღლეს, ხის ტანი სწორია, მასიური, ხნიერ ხეებში დიამეტრი ძირთან 1-2 მ-ს აღწევს. მერქანი მაგარი და გლუვია. ყინვაგამძლეობა -18-250 -ის ფარგლებშია.
პეკანი ყვავილობს მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში. მამრობით ყვავილები მწიფდება ადრე, ვიდრე მდედრობითი, ამიტომ ერთჯიშიან ნარგაობაში საჭიროა დამამტვერიანებელ მცენარეთა დარგვა რათა მოხდეს ჯვარედინი დამტვერვა ქარის მეშვეობით. ყვავილობიდან ნაყოფის მომწიფებამდე საჭიროა 5-6 თვე.
ნაყოფები მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში. ნაყოფები მტევანაა, შეკრებილია ჯგუფებად 3-11 ცალი ერთად.
რამდენიმე სამრეწველო ჯიში
შლეი – მცენარე ძალიან მაღალია, სქლად შეფოთლილი, ვარჯი მრგვალია, სიმეტრიული, მსხმოიარობას ადრე იწყებს, ახასიათებს ზომიერი, რეგულარული მსხმოიარობა. კაკალი დიდი ზომისაა მოგრძო, წვერში ძლიერ წაწვეტებული, ბოლოში ბლაგვი. ნაჭუჭი ღია მიხაკისფერი, თხელი, ადვილად ტყდება და სცილდება თესლს. თესლი ძალიან ტკბილი, გემრიელი, მდიდარია ზეთით, ადრე მწიფდება. ჯიშის ნაკლოვანებაა – მცირე მოსავლიანობა და დაავადებებისადმი ნაკლები გამძლეობა.
კურტისი – მცენარე სქლად მოზარდი, ვარჯი გადაშლილი, საკმაოდ ლამაზი, კაკალი საშუალო ან მცირე ზომისაა, ადვილად ტყდება, თესლი ღია ჩალისფერია კარგად ავსებს ნაჭუჭს, მკვრივია, ადვილად სცილდება ნაჭუჭს. გამძლეა სოკოვანი დაავედებების მიმართ. აქვს მოსავლიანობის პერიოდულობისაკენ მიდრეკილება, გვიან მწიფდება.
სტიუარტი – მცენარე მაღალია, ძლიერ მოზარდი. კაკალი დიდი ზომისაა, წაგრძელებული ფორმის. ნაჭუჭი მორუხო-ნაცრისფერია, საშუალო სისქის, ადვილად ტყდება. ტიხრები თხელია, თესლი მსხვილია, ღია ჩალისფერი, კარგად ავსებს ნაჭუჭს, მოტკბოა, კარგი გემოსი, უძლებს სოკოვან დაავადებებს, მსხმოიარობა ზომიერი და რეგულარულია. ფართოდ გავრცელებული ჯიშია.
მონეიმეკერი – კაკალი საშუალო ზომისაა. კვერცხისებრი ან მოგრძო კვერცხისებრი ფორმის, ოდნავ წიბოიანი. ნაჭუჭი საშუალო სისქის, ტყდება ძალიან კარგად. თესლი მთლიანად ავსებს ნაჭუჭს. კარგი გემოსი და ღირსებისაა. ჯიში ადრე მწიფადი, მოსავლიანი, ყინვაგამძლეა.
ფროტჩერი – მცენარე ახალგაზრდობაში ძლიერ იზრდება და თანდათანობით იძლევა გადაშლილ ვარჯს. კაკალი დიდი ზომისაა, ოდნავ წაგრძელებული, ცილინდრულ კვერცხისებრი ფორმის. ნაჭუჭი საშუალო სისქისაა, კარგად ტყდება და გული ადვილად თავისუფლდება, თესლის რბილობი მშრალია, მოუხეშო, მაგრამ გემრიელი. მოსავლიანი ჯიშია, ადრემწიფადი.
კაკალი ზიბოლდა – შედარებით დაბალი ჯუჯა მცენარეა, ხასიათდება უხვი მსხმოიარობით, მტევანზე 15- 20 ნაყოფი, საუკეთესოა როგორც ნედლეული მაღალხარისხოვანი მურაბების მოსამზადებლად. მრავლდება თესლით, იძლევა გენეტიკურად ერთგვაროვან ნათესავებს.
/ზაურ გაბრიჩიძე/, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი