სოფელი ჩონთო – „ნაშთი ძველი დიდებისა“…
ქართული სოფელი – ქვეყნის ეკონომიური სიძლიერის ისტორიული ქვაკუთხედი!
ერის ზნეობის, მორალის, პატრიოტიზმის, ოჯახური სიწმინდისა და სხვა ჭეშმარიტი ტრადიციული ღირებულებების სიმბოლო!
ბევრო მათგანი საერთოდ წაშალა რუკაზე: ზოგი მოსახლეობის სხვაგან ჩასახლებამ ჩაყლაპა, ზოგიც მაღალმთიანობის მკაცრი პირობების გამო მიგრაციამ, ზოგიც – კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების დამსხვილებამ.
მარტო საჩხერის რაიონში ორ ათეულზე მეტი წარსულის დიდების ადგილია, რომლისთვისაც სრულიად დაუმსახურებელია ნაღვლიანი თავსართი „ნა“ – ნასოფლარი.
გვინდა, პერიოდულად გაგაცნოთ ისინი. დღეს თქვენს ყურადღებას ერთ-ერთ მათგანზე – ჩონთოზე მივიპყრობთ.
აქ ერთ დროს, რომ იტყვიან, ცხოვრება დუღდა და გადმოდიოდა. ჩონთოურ კაკალზე, თხილზე, წაბლზე, ვაშლზე, მსხალზე, რძის ნაწარმზე, პირუტყვ-ფრინველის ხორცზე მუდმივად ეჭირა თვალი მუშტარს საჩხერისა და ხაშურის ბაზრებში. სოფლის მიმდებარე ურნალი, პერანგა, საკანაფურა, კარტნაულა ხომ ხე ტყის დამზადების მთავარი ბაზები იყვნენ!
ოზონით გაჟღენტილი მთის ჰაერი, მდინარე ძირულის ხეობის თვალწარმტაცი შემოგარენი, ნახირით გაძეძგილი საძოვრები მხატვრის ხელთუქმნელ პანორამას შლიდა.
მეოცე საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს, ზემოხსენებული მიზეზების გამო, უკანასკნელი მოსახლის ურემმა დატოვა ჩონთო. აქაურობა მგლებს, ტურებს და ბრაკონიერებს დარჩათ სათარეშოდ და ის ნაღვლიანი „ნა“ თავსართიც გამრავლდა: ნასაძოვარი, ნაყანარი, ნატყევარი, ნასახლარი…
საბედნიეროდ ქართველი კაცის გამორჩეულმა გრძნობამ – ადგილის დედისადმი ნოსტალგიამ – იმძლავრა და კვლავ გაჩნდა ინტერესი, გრძნობა მიტოვებული მამულის მოვლისა.
განსაკუთრებით აქტიურობენ ბოლნისში და მარნეულში ჩასახლებული ასანიძეების და დავაძეების შთამომავლები, რომლებიც ყოველწლიურად ეწვევიან ხოლმე წინაპართა ნასახლარებს, მოინახულობენ საფლავებს, რჩებიან რამდენიმე დღე.
საჩხერის ბარის სოფლებში ჩამოსახლებულმა ხარშილაძეებმაც, კაპანაძეემაც, დარბაიძეებმაც, ლომსაძეებმაც, გულიაშვილებმაც, შუბითიძეებმაც, კიპაროიძეებმაც, ჭიჭინაძეებმაც, გაფრინდაშვილებმაც, ტალახაძეებმაც იბრუნეს პირი, რასაც ხელი შეუწყო მთავარი პრობლემების მოგვარებამ – ჩონთოს გაუვალ აღმართებზე რკინა-ბეტონის გზის დაგებამ, ქველმოქმედთა მიერ ღვთისმშობლის ეკლესიის აღდგენამ.
მუნიციპალიტეტის მთლიანმა გაზიფიკაციამ და დაცვის გამკაცრებამაც კეთილი ნაყოფი გამოიღო: ფერდობებს ისევ შეეფინა ცხვარ-ძროხა, ისევ აიქოჩრა წაბლის, წიფლის, რცხილის ტყეების მასივები, ძირულაში ისევ მომრავლდა თევზი, ბუხრებიდან ისევ ამოდის კვამლი, ორღობეზე ისევ აყივლდა მამალი…
აღდგა მესაქონლეობის ტრადიციული დარგი მეკამეჩეობა, რისთვისაც სპეციალური ფერმაც აშენდა.
დღეისათვის ჩონთო სოფელ კორბოულის უბანს წარმოადგენს და აქ უკვე 22 კომლი სახლობს.
აქაურებს სოფლის სტატუსის აღდგენაც სწადიათ და თუ დაბრუნების პროცესი გააქტიურდება, არც ამ სურვილის ასრულების დრო უნდა იყოს შორს.
ზურაბ თურმანიძე,
ჩონთო, ოქტომბერი, 2021 წ.