დარგებიმებაღეობამემცენარეობა

ფეიჰოას პლანტაციის გაშენება

ნიადაგის მიმართ ფეიჰოა დიდად მომთხოვნი არ არის. ის კარგად იზრდება საშუალო და მსუბუქ თიხნარ ნიადაგებზე.

კოლხეთის დაბლობზე ფეიჰოასთვის პირველ რიგში ასათვისებელ ნიადაგებს ეკუთვნის ალუვიური, სილნარი, ეწერი და სუსტი ეწერი ნიადაგები.

ნიადაგის ფაქტორის გარდა გასათვალისწინებელია გრუნტის წყლის სიახლოვეც.

რაც შეეხება აჭარა-გურია-სამეგრელოსა და აფხაზეთის გორაკ ბორცვიან წითელმიწა, ყვითელმიწა, ეწერმიწა ნიადაგებს აქ ფეიჰოას კულტურას ზრდა-განვითარების და მსხმოიარობის საუკეთესო პირობები აქვს.

ფერმერულ მეურნეობებში სადღეისოდ ფეიჰოას სპეციალური სამრეწველო პლანტაციები ნაკლებად მოიპოვება, იგი ძირითადად გვხვდება ცალკეული ნარგაობის სახით, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ურეკის, სუფსის, აბაშის, ცხაკაიას, ხობის რეგიონებში შეხვდებით საკარმიდამო ნაკვეთებზე გაშენებულ 0.1-0.5 ჰა ფართობის მქონე პლანტაციებს. ამ ზონებში ნიადაგის ჭარბი ტენიანობის გამო აწყობენ 12 მეტრიან ოვალურ კვლებს სადრენაჟო არხებით, ნიადაგს 2-3 წლით ადრე აკულტურებენ და რგავენ ფეიჰოას მცენარეებს 3 მწკრივად 4×3-მის სიხშირით ანუ 4 მეტრი მწკრივებს შორის, 3 მეტრი მწკრივში მცენარეთა შორის. ანალოგიურად წარმოებს ნაკვეთის დაგეგმვა გორაკ-ბორცვიან ზონებში.

ვაკე ადგილებზე მწკრივთა შორის მანძილი შესაძლებელია იყოს 4 მ. მცენარეთა შორის 3 მეტრი. რაც შეეხება 100-ზე ზემოთ დაქანებულ ფერდობებს, აგეგმვა წარმოებს გარდიგარდმო-ჰორიზონტალურად. სარგავ ზოლზე მოინიშნება რგვის ადგილები 3×3-მ-ზე.

ნიადაგს წინასწარ ამუშავებენ 45 სმ. სიღრმეზე, დამუშავებისას შეაქვთ ფოსფორიანი სასუქი 200-250 კგ. ანგარიშით ჰექტარზე. დარგვის წინ მონიშნულ ადგილებში ამოიღებენ 30-40-სმ. სიღრმის ორმოს, მასში შეაქვთ 10 კგ. ტორფკომპოსტი, 250 გრ. სუპერფოსფატი და 100 გრ კალიუმის მარილი.

დასარგავად გამოიყენება კონტეინერებში გამოყვანილი 1 ან 2 წლიანი სტანდარტული ნერგები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი სერტიფიკატი. დარგვის დროს ნერგს ფრთხილად იღებენ კონტეინერიდან და ათავსებენ წინასწარ გამზადებულ ორმოში შემზადებულ ნიადაგის ნარევთან ერთად, ნერგს ასწორებენ ვერტიკალურად, ფრთხილად აყრიან ნიადაგს და ტკეპნიან.

ფეიჰოას პლანტაციის გაშენება შესაძლებელია შემოდგომაზე 15 სექტემბრიდან ნოემბრის ბოლომდე, გაზაფხულზე პირველი მარტიდან აპრილის ბოლომდე.

პლანტაციის გაშენების დასასრულს თითოეული ფერმერი ადგენს ნაკვეთის პასპორტს, რომელშიც დაფიქსირდება: გაშენების წელი, ადგილმდებარეობა, ჯიშური შედგენილობა, გაშენების სიხშირე და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. აღნიშნული დოკუმენტი ასევე აუცილებელია სადაზღვეო კომპანიებთან ურთიერთობისათვის.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი