აგრარული განათლებააგროსიახლეებიაგროტექნოლოგიებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

იქნებ ჩვენც დავიწყოთ თანამედროვე, ნიადაგ და რესურსდამცავი ტექნოლოგიების დანერგვა

ტრადიციულად ქართველი გლეხი, მინდორში სახნავად, მარტივ, რუხადლო გუთანს იყენებდა. ამით ის ნიადაგს ხნავდა, უფრო სწორად, ღარავდა, ნიადაგში თესლის, საჭირო სიღრმეზე ჩასათესად. ასეთი მამა-პაპური წესით ჩვენი წინაპარი ამუშავებდა ნიადაგს, ვიდრე, ერთმა უცხოელმა მეწარმემ, ბატონმა საკმა მე 19 საუკუნეში გუთანი არ გამოიგონა.

ამ გუთნის მთავარი სიახლე ის იყო, რომ რაც შეიძლება სწორად აეჭრა ნიადაგის ზედა, ყველაზე ნოყიერი ფენა მოეჭრა და ხნულის ქვეშ მოეთავსებინა, ამოებრუნებინა. ამ პრცესის დეტალურად არ გავნიხილავ და სათქმელს,შეძლებისდაგვარად, მოკლედ ვიტყვი.

ასე გრძელდებოდა ათეული წლების განმავლობაში, ვიდრე 1840 წლიდან კი, ლიბიხის ცნობილი მინერალური კვების თეორიის საფუძველზე, მთელს ცივილიზებულ სამყაროში ქიმიზაციის პროგრამა დაიწყებოდა.

ამ პროგრამის მთავარი მიზანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების გამოსაკვებად მინერალური სასუქების გამოყენება იყო.

დადგინდა, რომ ნიადაგს ყველაზე მეტად აზოტი აკლდა და დაიწყო აზოტოვანი (და სხვა) სასუქების მასობრივი წარმოება. შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რა კავშირშია მინერალური სასუქები და ხვნა? საქმე ის არის, რომ როცა ბელტი ამობრუნებულია და ის ჰაერთან შეხებაშია, იწყება ნაყოფიერი ნიადაგის ინტენსიური მინერალიზაცია.

მართალია მინერალური სასუქები ნიადაგს ერთგვარად ამარაგებს, ახდენს კომპენსაციას, მაგრამ მინერალიზაციის პროცესი ჭარბობს და დროთა განმავლობაში ნიადაგი, თუ ის არ მარაგდება ორგანული სასუქით, იფიტება. აი, სწორედ აქ არის მთავარი პრობლემა.

ორგანული სასუქის (ნებისმიერი ფორმის: ფხვიერი, თხევადი, საფარი კულტურები და სიდერატები) შეტანა, პირველ ხანებში, როცა მეცხოველეობის სექტორის ფუნქციონირებდა და სავარგულები ჭარბად იყო, მინდვრები დაყოფილი იყო ანეულებად (როგორც შავი, ასევე მწვანე),იყენებდნენ მინდვრის ბალახების თესლბრუნვას და ნაჩხატურ (6-7 წლით მიტოვებულ მინდორზე დაბრუნება) სისტემას, ნიადაგის ნაყოფიერებას საფრთხე არ ემუქრებოდა. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ცნობილი „მწვანე რევოლუციის” შედეგად, როცა მთავარი აქცენტი ქიმიზაციაზე იყო გადატანილი, მოხდა ნიადაგების თანდათანობითი დეგრადაცია.

აქვე უნდა ითქვას, რომ ნიადაგის მინერალიზაციასთან ერთად მიმდინარეობდა ნიადაგის ბიოტას (ბიომრავალფეროვნება) დარღვევა, პათოგენური მიკროორგანიზმების სასარგებლოდ გადაჯგუფება.

დასავლეთის განვითარებული ქვეყნებში მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან კლასიკურ გუთნებს აღარ იყენებენ​. 1990 წლებიდან თანდათან გადავიდნენ ნიადაგის დამუშავების თანამედროვე, ნიადაგ და რესურსდამცავ ტექნოლოგიებზე, როგორიცაა: Mini till, No till და Planting green.

იქნებ ჩვენც დავფიქრდეთ, ღრმად გავეცნოთ, ავწონ-დავწონოთ და ეტაპობრივად დავიწყოთ აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვა.

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“