იქ, ზემოთ, მთებში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს
ჭალის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული სოფელია პერევი _ ბუნებით, მდინარე ყვირილის ხეობის საოცარი სანახაობებით, ტყეებით, საძოვრებით, ჰაერით და განსაკუთრებული უძირო სევდით გამორჩეული. ეს სრულიად საქართევლოს საერთო საყოველთაო სევდაა, რომელიც აქ უფრო ძალუმად იგრძნობა.
სევდა-ნაღველი ასეთი მძაფრი არ იყო სიცოცხლით ხალისით, სილაღით სავსე აქაურებისთვის მანამ, სანამ მესაზღვრე სოფელ ქარძმანში საოკუპაციო ბლოკ-პოსტები გამოჩნდებოდნენ.
განა ბედის ირონია და ცინიზმი არაა, როცა უწინ პერევის, ქარძმანისა და სინაგურის პირობით, მხოლოდ პირობით საზღვრებს ოსებისა და ქართველების ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, დაფასება და იგავმიუწვდომელი თანაცხოვრება აკონტროლებდნენ, ახლა კი – ეს საზიზღარი ბლოკ-პოსტები.
განა შეიძლება შეეგუო მდგომარეობას, როცა ქარძმანელს სხვა ქვეყნის საშვი სჭირდება საკუთარ მიწაზე საკუთარი სახლიდან გამოსვლა შესვლისთვის?
არც პერეველები არიან უკეთეს მდგომარეობაში: პირუტყვს, თუნდაც ადამიანს ფეხი არ უნდა გადაუცდეთ იქით, თორემ პრობლემები შეექმნებათ.
მარტო ფუტკრები არიან თავისუფლებაშეუზღუდავები და ეს ერთგვარი შვებაა შრომისმოყვარე, გამრჯე პერეველებისთვის, რადგან მესაქონლეობასთან ერთად მეფუტკრეობა მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა.
და დაბზუიან სიკეთის, ერთგულებისა და თავისუფლების ელჩები დასტურად იმისა, რომ კაცობრიობის არსებობისათვის აუცილებელ ამ პოსტულატებს ვერავითარი საზღვარ-სამანი ვერ.
გენდერული თანასწორობის პირობებში დღეს თითქოს წაშლილია ზღვარი ქალურ და მამაკაცურ პროფესიებს შორის, მაგრამ მეფუტკრეობა პირადად მე, უფრო მამაკაცურ პროფესიად მიმაჩნია შრომატევადობისა და ერთგვარი საფრთხის შემცველობის გამო, მაგრამ ასე არ ფიქრობს თაფლისფერთვალება, ენადათაფლული მშვენიერი ქალბატონი ეკა გოგატიშვილი.
პერევლების რძალი რომ გახდა და ალალ-მართალი მთის კაცის, ცნობილი მეფუტკრის, მეუღლე გოჩა ბერიძის შრომას შეჰყურებდა, იფიქრა ცოტას შევეშველებიო.
ცოტა შეშველება, ცოტა პროფესიის შესწავლა, ცოტა სპეციალური ტრენინგები და ამ „ცოტა-ცოტაობაში“ ჯერ გაუთანაბრდა, მერე კიდეც გადააჭარბა გოჩას.
ახლა მასზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ იცის თაფლის, სანთლის, ფუტკრის რძის, დინდგელის შემქმნელი, ფიჭის არქიტექტორი ამ უკეთილშობილესი დიდოსტატი მწერის ენა. ხმიანობით (ზუზუნით) ხვდება მის საჭიროებას და ამის მიხედვით საზღვრავს, რა დროს რა წამლობაა ჩასატარებელი, როდის უნდა ჩარჩოს ჩადგმა, მომთაბარება (ადგილის შეცვლა), რომელ სკას აკლია დედა ფუტკარი და ათასგვარი სხვა წვრილმან-მსხვილმანი.
ოჯახური მეურნეობის მენეჯერის „თანამდებობაზეც“ დაწინაურდა. ყველას თავისი ფუნქცია დააკისრა: შვილები, პერევის საჯარო სკოლის მოსწავლეები სალომე და ნინო, სპეციალურ ჟურნალს აწარმოებენ, სადაც ყოველდღიურად აღნიშნავენ, რომელ სკას რა სამუშაო რეჟიმის დაწესება სჭირდება, პროფესიით ეკონომისტი მეუღლე გოჩა სკების დამზადებით, შეკეთებით, ფუტკრის მომთაბარებით არის დაკავებული, თითონ – პროდუქციის შეფუთვით, რეკლამირებით, გასაღებით, ყველანი ერთად კი – თაფლის გამოხდით, სხვადასხვა ტევადობის მინის ქილებში მოთავსებით, დაფასოებით.
„მომთაბარების“ ადაპტირებულ წესს მხოლოდ და მხოლოდ აკაციის ყვავილობის პერიოდში მიმართავენ ამ სახეობის თაფლის საწარმოებლად. ისიც ვადის მკაცრი დაცვით, რომ ფუტკარი ძირითადი „საცხოვრებლის“ პირობებს არ გადაეჩვიოს. სხვა დრო წაბლის თაფლის წარმოებისთვის არის განკუთვნილი.
_ ფუტკრის შხამი ცხენს და დათვს კლავსო, გამიგია, არ გეშინია ეკა? – ვეკითხები ზემოხსენებულ საფრთხეზე.
_ „თავიდან კი, მაგრამ, როცა დავუმეგობრდი და გავუშინაურდი, მივხვდი, რომ იგი უმიზეზოდ არავის არაფერს ერჩის. რატომ უნდა აუქნიო ხელი, რატომ უნდა აიძულო, ყვავილს მოშორდეს? შხამი და ნესტარი ამ ყოვლად უწყინარი მწერისთვის თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა. ერთი სიტყვით, ფუტკარი კეთილი განზრახვის ადამიანს არ კბენს. შხამი შხამია, მაგრამ ამავე დროს იგი უნიკალური სამკურნალო საშუალებაცაა, ისევე, როგორც ფუტკრის რძე, ნექტარი, დინდგელი. ამავდროულად ფუტკარი უდიდესი პედაგოგიც არის. თუ დაუჯერებ და ბოლომდე მიჰყვები, შრომისმოყვარეობას გასწავლის, რაც უდიდესი შვებაა ეკონომიკურად დაუძლურებისგან მომავლის იმედისშემყურე ჩვენი ერისათვის.
მე, მაგალითად, ფუტკართან ურთიერთობის დროს ყოველგვარი დაღლა მეხსნება და სარგებლის მიხედვითაც, მართალია, ზღვა-ფაფად არ ვარ, მაგრამ არც ის მაქვს საფიქრალ-სადავიდარაბო, ხვალ-ზეგ რით და როგორ დავაპურო ოჯახი“.
მართლაც, ასი სკისგან ყოველწლიურად მიღებული 1,2 ტონა თაფლი, კილოგრამი 20 ლარად ღირებული, ცოტა შემოსავალი როდია. თანაც ეს ხომ ბრენდი – ,,ეკას თაფლია“ – პერევის სუფთა ეკოლოგიურ გარემოს ნაზიარები, მთის ჰაერთან ადაპტირებული, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სერთიფიცირებული, ორიგინალურ ლოგო-დიზაინირებული! მოსწონთ საჩხერეშიც, თბილისშიც, სადაც ორი მაღალ ვარსკვლავციფრიანი სასტუმროა მისი მომხმარებელი.
განსაკუთრებული მუშტრებიც ჰყავს: საოკუპაციო ზონის ფრანგი, იტალიელი, გერმანელი და სხვა ეროვნების დამკვირვებლები, რომლებიც „ეკას თაფლს“ ოჯახებს უგზავნიან და ამ ქვეყნებიდანაც მოდის და მოდის შეკვეთები.
_ რაც უფრო მეტად შეისწავლი პროფესიას, მით უფრო გიადვილდება შრომაო, ამბობს ეკა და ეს მარტო მეფუტკრეობას არ ეხება – ზედმიწევნით არის დაუფლებული პედაგოგიკასაც. უმაღლესი განათლებით ისტორიკოსი, ამავე საგანს ასწავლის პერევის საჯარო სკოლის მეშვიდე და მაღალკლასლებს. მისი მიზანდასახულების და მიზნისკენ სწრაფვის უნარის მქონე ადამიანს არც ახალი ჩანაფიქრის – სკოლაში პრაქტიკულ საგნად მეფუტკრეობის შეტანის – განხორციელება უნდა გაუჭირდეს.
ხვალ-ზეგ რით და როგორ დააპუროს ოჯახი, ამის დარდი აღარ აქვს ეკას, მაგრამ საერთო გაჭირვება რომ არის? როგორ უნდა გაუძლოს გულმა, თუ ხელმოკლე მოყვასს არაფერი უწილადა? მაგრამ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… და იმძლავრებს თავმოყვარეობა, რომც შიოდეს, არ გაგრძნობინებს, ხელის გამოშვერას არ იკადრებს, თავს არ დაგავალდებულებინებს.
ესეც რომ არა, საკუთარი შრომით მოპოვებულ ლუკმაზე გემრიელი ხომ არაფერია! ეს ფუტკარმა ასწავლა ეკას, ფუტკარმა, რომელიც ოჯახში (სკაში) ზარმაც და უქნარას ვერ ეგუება. თუმცა მოსახლეობაში საქმე სხვაგვარადაა – ოჯახური ეკონომიკის დაბალშემოსავლიანობას სიზარმაცე კი არა, სამუშაო ადგილების სიმწირე განაპირობებს.
ამაზეც ბევრი იფიქრა ეკამ, იფიქრა და ექვსი პერეველი ქალბატონი აიყოლია საკუთარის პარალელურად მეფუტკრეობის ამხანაგური მეურნეობის შესაქმნელად. ჯერ-ჯერობით 50 სკა აქვთ, მომავალში მნიშვნელოვნად გაფართოებას აპირებენ.
მართლაც საკვირველია, რა ენერგიის, რა ჰუმანურობის მატარებელი უნდა იყოს ადამიანი, თანაც ლამაზი სქესის წარმომადგენელი, ამხელა დატვირთვას რომ უძლებდეს! ყოველივე ზემოხსენებულთან ერთად ეკა რამდენიმე ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიური წევრიცაა. ყველაზე მეტად იმით ეამაყება, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია „ჯეარ-კავკასიის“ კორდინატორია, რითაც უკვე მიაღებინა პერეველ ქალბატონებს გრანტები მეღორეობის და საინკუბაციო მეურნეობების, სამკერვალო და სილამაზის სალონების გასახსნელად.
ასე აპირებს მეფუტკრე ეკა გოგატიშვილი თანასოფლელებისა და მთელი საქართველოსათვის იმ უმძიმესი სევდის განქარვებას.
და შენც, შემგრძნობი, შემხედვარე და გამთავისებელი ყოველივე ამისა, ფიქრობ, რომ ეკასნაირი პიროვნებების სიმრავლეს, სიმტკიცეს, მათ ერთსულ და ერთხორც შეკვრას იმ საშინელი ბლოკ-პოსტებისგან განთავისუფლებაც კი შეუძლიათ.
რაც შეეხება მეფუტკრეობას, კიდევ ერთხელ ღრმად ეთანხმები შოთა ნიშნიანიძეს: „ამაზე კარგი რა უნდა იყოს – კაცს თაფლი მისცე, ღმერთს კი სანთელი“
ზურაბ თურმანიძე, პერევი, ნოემბერი, 2021წ.