რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს.
,,იანვრიდან რძის წარმოებასთან დაკავშირებით პრობლემა მუდმივად იჩენს თავს, ამ დროს რძის წარმოება დაბალია და ფასიც შესაბამისად მატულობს. გარდა ამისა, რძე ძვირდება გლობალურ ბაზრებზეც, ჩინეთი ევროპიდან რძისა და რძის პროდუქტების დიდი შემსყიდველია, განსაკუთრებით იანვრიდან სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით. როგორც ვიცით, ჩინური ახალი წელი 15 თებერვლამდე გრძელდება და ესეც ახდენს გავლენას მოთხოვნის ზრდაზე.
პრობლემას აქვს მეორე მხარეც, ჩვენ გვაქვს ძირითადად მოსახლეობის მიერ წარმოებული რძე, ასევე რძე, რომელსაც იდნუსტია ქმნის, რაც მთელი წარმოების 5%-იც არ არის. ზამთრობით კი პირუტყვის კვება ძვირდება და მცირდება წველადობა, რაც ასევე დიდი პრობლემაა.
თამამად შეიძლება თქმა, რომ საქართველოში არის რძის პროდუქტების დეფიციტი. მართალია, ინდუსტრიული რძის ფასი მეტნაკლებად შენარჩუნებულია, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ რძის პროდუქტების მისაღებად რძის შემცველი, უმეტესად, რძის ფხვნილი გამოიყენება“, _ ამბობს მიხეილ ჭიჭაყუა.
მისი თქმით, სეზონური ცვლილების დროს, წესით, გაზაფხულიდან პროდუქტი უნდა გაიაფდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ის მოცემულობაა, როცა ფასების შემცირების არანაირი წინაპირობა არ არის, პირიქით, არ არის გამორიცხული, რძე კიდევ გაძვირდეს.
,,ნატურალურ ნაწარმთან ერთად, მატულობს რძის ფხვნილის ფასიც, მსოფლიოში ამ პროდუქტებზე მოთხოვნა დიდია, თვითონ მომავალი რძის ბაზარზე მაღალი ფასებით იქნება გამორჩეული. 10-13%-ით უკვე მოიმატა ფასმა, მთავარია კატასტროფულად არ გაძვირდეს. თუმცა ტენდენცია მზარდია, მით უმეტეს, ტურისტული სეზონი თუ იმუშავებს და მოთხოვნა გაიზრდება, ფასზეც ადეკვატურ გავლენას მოახდენს“, – დასძენს მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“.
მისი შეფასებით, საქართველოში რძის პროდუქტების ბაზრის პრობლემა დიდწილად გამოწვეულია ჯიშების არასწორი სელექციით, საძოვრების არასწორი მართვით და მარცვლეულის საწარმოებლად სახნავ-სათესი ფართობების არაეფექტიანად გამოყენებით. შესაბამისად, პოტენციალს ვერ ვიყენებთ, ამიტომ გამოსავალიც ანალოგიურია – სწორი მართვა და ისეთი აგროპოლიტიკის შემუშავება, რაც მცირე ფერმერების და ზოგადად, საოჯახო მეურნეობის როლს გაააქტიურებს.
მიხეილ ჭიჭაყუას ინფორმაციით, საქართველოში წლიურად 600-700 მილიონი ლიტრი რძე იწარმოება, თუმცა მოთხოვნა 1,1 მილიარდი ლიტრია.
შეგახსენებთ, რომ ერთი ლიტრი სოფლის რძის ფასმა 5 ლარს მიაღწია, რძის შემცველი ქარხნული ნაწარმის ფასი 3,50-4 ლარის ფარგლებშია.
რძესთან ერთად, გაძვირდა ყველა დასახელების ყველი, მათ შორის, იმერულის ფასმა 17 ლარს მიაღწია, ხოლო სულგუნი 25 ლარზე იაფად უკვე არ იყიდება.
მარი ჩიტაია