აგროსიახლეები

გენეტიკური რესურსების საცავი, ხეხილის, ვაზის, ხორბლისა და სხვა კულტურების ახალი ნიმუშებით შეივსო

გენეტიკური რესურსების დაცვის მიზნით, ხეხილის, ვაზის, ხორბლისა და სხვა კულტურების კოლექციები ახალი ნიმუშებით შეივსო

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გენეტიკური რესურსების მოძიების, დაცვისა და კონსერვაციას მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მცენარეთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნების მიზნით, ხეხილის ადგილობივი ჯიშების კოლექცია, 2021 წელს, 18 ახალი გენოტიპით, ვაზის საკოლოექციო ნარგაობა კი,სასუფრე მიმართულების 102 ჯიშით შეივსო; სუბტროპიკული კულტურების კოლექციას დაემატა ჩაის, ფორთოხლის, აქტინიდიას, ფეიჰოას, წყავის და დაფნის კულტურების პერსპექტიული ჯიშფორმები.

274729191_259777926331642_5891276684536298496_n

გრძელვადიან გენეტიკურ რესურსების კოლექციებში შეგროვებული და დაცულია ქართული ხორბლის 65-ზე მეტი სახეობა, სახესხვაობა და ძველი ჯიშები, ფეტვის – 9, სორგოს – 10 და ღომის 4 სახეობის ნიმუში. აღდგენილია ქართული ხორბლის დოლის პურის 9 ჯიში, ex-situ კოლექციები განახლდა ხორბლის – 800, სიმინდის – 45, ლობიოს – 34 და თამბაქოს – 10 ნიმუშით.

გასავრცელებლად დაშვებულ სასოფლო-სამეურნეო ჯიშების ეროვნულ კატალოგს დაემატა ხორბლის ქართული ტრადიციული ჯიშები: დიკა, მახა, ჩელტა ზანდური, ახალციხის წითელი დოლი, შავფხა.

აგრო-ბიომრავალფეროვნების შენარჩუნენის და საბაზისო სარგავი მასალების წარმოების მიზნით, ინ-ვიტრო გენბანკში ინახება ვაზის, გოჯი ბერის, კარტოფილის, ბატატის და სხვა კულტურების ჯიშების სინჯარის მცენარეები.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, 2021 წელს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტით განახორციელა საქართველოს ტყის გენეტიკური რესურსების კვლევა, რომლის ფარგლებშიც მოხდა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მერქნიანი მცენარეების კონსერვაცია, გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება, მაღალი ნაყოფმსხმოიარობით გამორჩეული უბნების გამოყოფა მუდმივ და დროებით სათესლე ნაკვეთებად. შეიქმნა თესლთა ბანკის აქტიური (1-3 წელი) და საბაზისო (4-10 წელი) კოლექციები.

274651038_259781429664625_4062024248162994424_n

ღვინის ეროვნულს სააგენტოსთან ერთად, ცენტრი აგრძელებს ველური ვაზის ფორმების შესწავლას და დაცვას. ამჟამად, მოძიებული და ჯიღაურას ბაზაზე დაცულია ველური ვაზის 70 ფორმა. ველური ვაზის მსოფლიო მევენახეობის სფეროში ადგილის განსაზღვრის და ვაზის კულტურულ ჯიშებთან სიახლოვის დადგენის მიზნით, მიმდინარეობს მისი გენეტიკური კვლევა.

კულტურულ მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის, არსებული მდგომარეობის შეფასების, მათი მდგრადი შენარჩუნების, მართვის, ეფექტიანი გამოყენების და მათ შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით,შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ჯგუფი იმ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, ასოციაციას და კერძო სექტორის წარმოამდგენელს აერთიანებს, რომლებიც გენეტიკური რესურსების დაცვის კუთხით ფუნქციონირებს.

სამეცნიერო კვლევითი ცენტრი