აგროსიახლეები

„ღვინის ზღვა“- შავი ზღვის რეგიონში ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა

შავი ზღვის რეგიონის, როგორც ღვინის ტურიზმის მიმართულების ხელშეწყობა არის საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრის პროექტის „ღვინის ზღვა“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და საქართველოს, უკრაინის, საბერძნეთის და სომხეთის მხარეების ერთობლივი მონაწილეობით ხორციელდება.

პროექტში ჩართული ორგანიზაციები აქტიურად თანამშრომლობენ ოთხი მონაწილე ქვეყნის ღვინისა და ტურიზმის სექტორში მოღვაწე ბიზნესებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათი პროდუქციისა და მომსახურების წარდგენისა და პოპულარიზაციისთვის საერთო მიდგომების შემუშავებაში.

ამ ეტაპისთვის დასრულებულია ღვინის ტურიზმის სექტორის მონაცემთა ბაზაზე და ღვინის მარშუტებზე მუშაობა. საქართველოს ბაზრისთვის შექმნა 6 ახალი თემატური მიმართულება, რომელიც აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით 25 მარანს. ეს მიმართულებები შავი ზღვის ღვინის ერთიან მარშრუტთან ერთად,  ხელმისაწვდომი იქნება ICT პლატფორმაზე, რომელიც ტურისტებს და ღვინის მოყვარულებს მიაწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას ღვინის მარშუტების, ტურისტული ატრაქციების და სხვადასხვა შეთავაზებების შესახებ.

„შავი ზღვის რეგიონში მზარდი ტურისტული ინტერესი ქმნის დიდ შესაძლებლობას, ღვინის ტურიზმის და ახალი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციისთვის, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავხმარებოდით ადგილობრივ მარნებს და სერვის მიმწოდებლებს თავიანთი პროდუქციის და მომსახურების პოპულარიზაციაში.

პროექტის ფარგლებში შერჩეული მარნების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ICT პლატფორმაზე, ჩვენ შევიმუშავეთ 6 ახალი თემატური ღვინის მარშრუტი, თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი მოთხრობა და თემატური აქცენტი, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია ადგილობრივი წარმოების ღვინოების და ძირძველი ვაზის ჯიშების შესახებ, ასევე გაეცნონ ქვეყნის ისტორიას, კულტურას, გასტრონომიას, ხელოვნებას და დაგეგმონ ღვინის გზის ტურები საქართველოსსხვადასხვა რეგიონში.“ – აცხადებენ საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრში.

პროექტი განხორციელდება 2020-2022 წლებში პარტნიორი ქვეყნების შემდეგი წარმომადგენლების მიერ: ფონდი ICARE – სომხეთი, სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი, საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრი და ოდესის კვების ტექნოლოგიების ეროვნული აკადემია, „ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის“ (European Neighbourhood Instrument) მიერ დაფინანსებული შავი ზღვის აუზის 2014-2020-ის ერთობლივი სამოქმედო პროგრამის ფარგლებში, ერთობლივ ტექნიკურ სამდივნოსთან (Joint Technical Secretariat) მჭიდრო თანამშრომლობით.