რატომ გადავიდა ქვეყანა ხორბლიდან ფქვილის იმპორტზე
„სახელმწიფოს რომ შეენარჩუნებინა საფასო პოლიტიკა (ყველაზე იაფი ფქვილი შემოდიოდა რუსეთიდან) ჩვენ არ დავკეტეთ იაფი ფქვილის წყარო, რომ მოსახლეობას ჰქონოდა იაფი პური“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
გიორგი ხანიშვილის განმარტებით დღეს მდგომარეობით, ქვეყანაში მარაგები არის, თუმცა ხორბლის ნაცვლად, ახლა უკვე დიდი ოდენობით ფქვილის იმპორტი ხორციელდება.
მოდელის შეცვლა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ გამოიწვია.
„დღეს მარაგები გვაქვს, მაგრამ რეალურად, მსოფლიო გადავიდა უზრუნველყოფით და გაყიდვებით სხვა დინამიკაში, ვიდრე იყო ეს ომამდე. დინამიკა შეიცვალა, იმიტომ, რომ მსოფლიოში სავაჭრო ფასების გაძვირება დაახლოებით, მერყეობს 20-დან 43%-მდე. ეს გადახდისუნარიანობაზე ძალიან მოქმედებს და დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დამთვრებული საქართველოთი, ყველგან შემცირდა მსყიდველუნარიანობა.
გრძელვადიანი მარაგების შექმნა არცერთ ქვეყანაში არ არის, გულწრფელად რომ გითხრათ, ეს არის საბჭოთა მოდელი, საომარ პირობებში მყოფი ქვეყნის მოდელზეა საუბარი. ჩვენ მიჩვეული ვართ იმას, რომ საბჭოთა კავშირის დროს, მინიმუმ 5 წელი, ომის პირობებში უნდა ჰქონოდა მარაგები. ჩვენ გვახსოვს, კასპის საცავი, საგარეჯოს საცავი და ა.შ.
მსოფლიო კი, დამყარებულია სწორ სავაჭრო ურთიერთობებზე, მიწოდებაზე, ღია ბაზრის პრინციპზე, ჩვენც ამის ნაწილი ვართ. შესაბამისად, როგორც კი ხდება ამა თუ იმ ქვეყნიდან პროდუქციაზე პრობლემის შექმნა, მისი ჩანაცვლება ხდება მეორე ქვეყნით.
ჩვენ ომის დაწყების დღიდან, ვხვდებით იმპორტიორებს, სავაჭრო ქსელებს და ეს გრძელდება ყოველკვირეულ რეჟიმში. როგორც დარგობრივ ნაწილში, ისე ასოციაციებთან მიმართებით და მუდმივად პულსზე გვიდევს ხელი, თუ სად რა ხდება.
ხორბალთან დაკავშირებით ცოტა სხვა მოდელზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ხორბალი აღარ შემოდის, მაგრამ ხორბალი აღარ შემოვა არა იმიტომ, რომ აღარ არის მსოფლიოში, ან ვერ ვიყიდით, ხორბალი არ შემოდის იმ მოდელის გამო, რომელიც შეიცვალა. თქვენ იცით, რომ გასული წლის შემოდგომიდან რუსეთმა შემოიღო ხორბალზე ექსპორტის გადასახადი, თავდაპირველად ეს არ ეხებოდა საბაჟო კავშირის წევრ ქვეყნებს (უზბეკეთი, ყაზახეთი, სომხეთი), მაგრამ გვეხებოდა ჩვენ და თავისუფალ სავაჭრო სამყაროს. როდესაც ეს დაიწყო, პირველი ექსპორტის გადასახადი 25 დოლარი იყო, დღეს 110 დოლარია.
რომ განვმარტოთ, ექსპორტის გადასახადი რა არის, მსოფლიოში ხორბალი ღირს ხან 400- დოლარი, ხან 500 დოლარი. მაგაზე იაფად ვერ ვიყიდეთ, ყველაზე იაფი მაინც რუსეთშია, მაგრამ რუსეთი გარეთ გასატან ხორბალზე აწესებს ექსპორტის გადასახადს, ეს არის 200 დოლარზე ზემოთ გაყიდული ფასის 70%, რომელსაც არ ახდევინებს და იმაზე ნაკლებად აწვდის შიდა წისქვილებს, საკუთარი მოხმარებისთვის. ამიტომ, იქ წარმოებული ფქვილი ბევრად ნაკლები ღირს და უკვე ხორბლის ნაცვლად, ყველა ქვეყანამ დაიწყო რუსეთიდან ფქვილის გატანა.
რაც შეეხება FAO-ს სტანდარტს, ეს ერთადერთი გულისხმობს, ხორბლის მარაგების გაკონტროლებას, დაახლოებით ორთვიან გარდამავალ პერიოდზე. მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს მარაგები არ გვაქვს. გვაქვს, მაგრამ სხვანაირად. მაგალითად, დღეის მდგომარეობით, ხორბალი შემოვიდა დაახლებით, 5 500 ტონა, რუსეთიდან ძირითადად, შემოსულია როგორც გემით, ისე რკინიგზით და ლარსის გახსნის შემდგომ, ავტომობილებით; ამასთანავე, შემოსულია 12 500 ტონა ფქვილი. შეგახსნებთ, რომ ფქვილი შემოდიოდა, 900-დან 1200 ტონამდე, დანარჩენი შემოდიოდა ხორბლად. ახლანდელი 12 000 ტონა ფქვილი თვის ბოლოს ავა დაახლოებთ, 16-17 000 ტონამდე. ეს არის ერთი თვის ხორბლის ექვივალენტი. ანუ, შემოდის და მარაგები გვაქვს ფქვილის სახით, უბრალოდ, ეს ვერ იქნება მრავალთვიანი, ეს არის თვე-თვენახევრიანი მარაგი. დღეს რომ შეხვიდეთ ნებისმიერ პურის საცხობში, მარაგები არის. რომ ნახოთ ნებისმიერ იმპორტიორთან, მარაგები არის.
ახლა ვინ არიან იმპორტიორები? ამ შემთხვევაში თავიდან იყვნენ არაორგანიზებული ბაზრის ნაწილი, მაგრამ დღეს წისქვილების უმრავლესობა გადართულია და შემოაქვს ფქვილი. სამწუხაროდ, ეს არ არის ის მოდელი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და წისქვილებისთვის კარგია, მაგრამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც არის საომარი ვითარება, როდესაც გრძელვადიანი პროგნოზები ცოტა უფრო რთულად გასაკეთებელია, სახელმწიფოს რომ შეენარჩუნებინა საფასო პოლიტიკა (ყველაზე იაფი ფქვილი შემოდიოდა რუსეთიდან), ჩვენ არ დავკეტეთ იაფი ფქვილის წყარო, რომ მოსახლეობას ჰქონდა იაფი პური“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
წყარო: bpn.ge