აგროსიახლეები

სოფლის მეურნეობის ლაბორატორია „აგროლაბის“ პრეზენტაცია

დღეს თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ლაბორატორიის „აგროლაბი“ და სატელიტური პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.

როგორც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ თანამედროვე სტანდარტის ლაბორატორიის „აგროლაბის“ მნიშვნელობაზე საუბრის დროს აღნიშნა, მულტიპროფილური მოლეკულური ლაბორატორია თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, სადაც შესაძლებელია, მაღალი სისზუსტის კვლევების ჩატარება.

„აგროლაბი“ არის პირველი ქართული მულტიპროფილური, მოლეკულური ლაბორატორია, რომელიც სურსათის უვნებლობის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვით სფეროებს აერთიანებს.

ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მულტიპროფილური მოლეკულური ლაბორატორიის მომსახურებით ფერმერები და აგროსექტორში ჩართული ბიზნესები სიზუსტისა და მაღალი ხარისხის გარანტიით შეძლებენ, სურსათის უვნებლობაზე, ვეტერინარიაზე, მცენარეთა დაცვაზე, ღვინოზე, გარემოს დაცვაზე, ნიადაგსა და წყალზე სრული კვლევები მიიღონ.

სატელიტურ სისტემაზე დაფუძნებული მაღალი სიზუსტის სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოების დახმარებით კი, ფერმერებს საკუთარ მეურნეობებში წარმოებული პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესება და ფერმერული საქმიანობის გაძლიერება შეეძლებათ.

ორი ინოვაციური მომსახურების დანერგვით ფერმერები დროის დაზოგვით მაღალი ხარისხის პროდუქტს მიიღებენ, რაც არსებულ ბაზარს კონკურენტუნარიანს გახდის,“

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა.

როგორც ბატონმა გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა _ „დღეს ფერმერთა ასოციაცია და „აგროლაბი“ ერთად აკეთებენ პრეზენტაციას, სადაც არამარტო ლაბორატორიების საჭიროებაზე ვსაუბრობთ, არამედ იმაზეც, რომ გვჭირდება მუდმივი მუშაობა, გვჭირდება, ფერმერებამდე მივიტანოთ, რომ წარმატების საფუძველი არის ცოდნა. ბოლო 5-6 წელია სახელმწიფო მუდმივად ავითარებს ლაბორატორიის სისტემას, რისთვისაც იხარჯება მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი. ქვეყანაში, სახელმწიფო ლაბორატორიების პარალელურად, იქმნება დამოუკიდებელი ლაბორატორიები. ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და, დღეისათვის, ევროპაში თაფლის ექსპორტის 83 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. საქართველოში, პრაქტიკულად სრული ანალიზი ტარდება უკვე. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეული ლაბორატორია ისეთ დონეზე იყოს აღჭურვილი, რომ ფერმერს ანალიზის პასუხის მიღებისათვის არ უწევდეს დედაქალაქში ჩამოსვლა“.

EOS Crop Monitoring პლატფორმაზე საქართველოს ფერმერთა ასოციაციას ექნება პროფესიონალური გამოწერის პაკეტი, რომელსაც სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს. ასოციაციის მხრიდან მომსახურების ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციების მიწოდება და ფერმერთა ტექნოლოგიური ცოდნის განვითარება.