ნექტრის შემოტანა სკაში, გადამუშავება და დაბინავება
ინტენსიური ღალის დროს ფუტკარი გარედან შემოტანილ ნექტარს სკაში მომუშავე ფუტკარს გადასცემს, რომელიც მას განალაგებს წვეთების სახით თავისუფალ უჯრედებში.
უჯრედებში მიმდინარეობს ნექტრის გადამუშავების პროცესები: მასში შერეული ყვავილის მტვრის ნაწილაკებისაგან გასუფთავება, სანერწყვე ჯირკვლების გამონაყოფით გამდიდრება, ნექტრიდან ზედმეტი წყლის აორთქლება, რისთვისაც ბუდეში იქმნება საჭირო მიკროკლიმატი: ტემპერატურა 34-35ºC-ის ფარგლებში და ბუდის ინტენსიური ვენტილირება. ამის წყალობით 3-4 დღეში ნექტრის კონდიცირება (შედგენილობის საჭირო ცვლილებები) ძირითადად დამთავრებულია, წყლის შემცველობა დამწიფებული თაფლის მაჩვენებელს უახლოვდება, მაგრამ რთული შაქრების გარდაქმნა მონოშაქრებად (ფრუქტოზა, გლუკოზა) კიდევ 2-3 კვირა გრძელდება. ამავე პერიოდში თაფლში გლუკოზიდან წარმოიქმნება გლუკონის მჟავა, რომელიც, გავრცელებული შეხედულებით, თაფლს იცავს ამჟავებისაგან. ამრიგად, ნექტრის შეგროვებასთან ერთად ფუტკრის ოჯახში მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ნექტრის თაფლად გარდაქმნისათვის.
მეფუტკრეს შეუძლია ამ პროცესის გაადვილება ფუტკრისათვის: ზედმეტი ტენის ასაორთქლებლად კორპუსებს შორის დატოვოს ღრიჭოები და ნექტრის განსათავსებლად სკა მოამარაგოს საჭირო რაოდენობის სათადარიგო ჩარჩოებით. უნდა გახსოვდეთ, რომ ამ პირობების შეუსრულებლობა ფუტკარს ხელს უშლის თაფლის მოპოვებასა და გადამუშავებაში, რამაც შეიძლება არსებითად შეამციროს სათაფლე პროდუქტიულობა.
მნიშვნელოვანია თაფლოვანი მცენრეებიდან ნექტრის მოტანის ინტენსივობის განსაზღვრა ბუნებრივი საკვების დინამიკის შესასწავლად და მთაბარობისათვის შესაფერისი მომენტის დასადგენად. ამისათვის მეფუტკრე არჩევს ძლიერ ოჯახს, აყენებს მას საკონტროლო სასწორზე (ტვირთამწეობით 100-150 კგ), მოაწყობს ნალექებისაგან დაცულ ფარდულს და საღამოობით, ფუტკრის ფრენის დამთავრების შემდეგ, ისევ აწონის, რათა დაადგინოს წონის მატება. აუცილებელია სათანადო ჩანაწერის გაკეთება. ჩანაწერების სისტემატური შესრულება ეხმარება მეფუტკრეს იმის განსაზღვრაში, რამდენად ეფექტურია მისთვის მოცემულ ადგილზე ფუტკრის ყოლა.
სკაში შემოტანილი თაფლის რაოდენობის დასადგენად თქვენ უნდა აწონოთ გამოწურული თაფლის მასა და დაუმატოთ დატოვებული თაფლის მარაგი (მიახლოებით). ცნობისათვის, თაფლით სრულად გავსებული დადან- ბლატის სკის ბუდის ჩარჩო 3-4კგ თაფლს შეიცავს. ამავე მიზნით თქვენ შეიძლება აწონოთ ჩარჩოები ციფერბლატიანი სასწორის გამოყენებით. გაითვალისწინეთ, რომ საკუთრივ ჩარჩოიანი ფიჭის მასა 250-300გ-ს შეადგენს (სიძველის მიხედვით).
თაფლის გადამუშავება დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს მას შემდეგ, რაც ფუტკარი თაფლიან უჯრედებს გადაბეჭდავს ცვილის თხელი ფენით (ფირფიტებით). თაფლის წურვა ფიჭებიდან მაშინ შეიძლება, თუ თაფლის 2/3 მაინც ცვილით არის გადაფარული, თუმცა არის საკმაო მიზეზი იმისათვის, რომ ეჭვი შევიტანოთ ამ დებულების სისწორეში. თაფლიანი უჯრედების ცვილით დასაფარად საჭიროა ნექტრის საჭირო მარაგის მოტანა, რაც ხშირად წყდება. მიუხედავად თაფლის ღია მარაგის დამწიფებისა, მას ფუტკარი აღარ გადაფარავს.
თაფლის დაგროვებასთან ერთად (აქტიურ სეზონზე) ფუტკარი მას ინტენსიურად ხარჯავს. დადგენილია, რომ წლიურად სრულფასოვანი ოჯახი ხარჯავს 90-110 კგ თაფლს, აქედან 20-25 კგ-ს – ზამთრობის პერიოდში (მისი ხანგრძლივობიდან გამომდინარე), ხოლო სასაქონლო თაფლის რაოდენობა საშუალოდ 10-30 კგ-ს არ აღემატება. მეფუტკრეს შეუძლია ამ მაჩვენებლებში არსებითი ცვლილებების შეტანა მიმდინარე პროცესებში გარკვევის შედეგად.
„მეფუტკრეობა“
თბილისი 2017 წ.