აგროსიახლეები

Agro Food Expo Georgia 2026 – სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა თბილისში

თბილისში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა Agro Food Expo Georgia 2026 გაიხსნა.

ორდღიანი ღონისძიება აგროსასურსათო სექტორის ადგილობრივ და უცხოელ წარმომადგენლებს აერთიანებს და ახალი ტექნოლოგიების, პროდუქციისა და საქმიანი თანამშრომლობის შესაძლებლობების გაცნობას ემსახურება.

წლევანდელი გამოფენა რიგით 24-ეა, დღეს გაიხსნა და ხვალ 14 ნოემბერს დასრულდება. გამოფენაში რვა ქვეყნის ასამდე კომპანია მონაწილეობს.

გამოფენის ძირითადი მიზანია აგროსასურსათო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების, ინოვაციური პროდუქტებისა და წარმოების ახალი შესაძლებლობების წარმოჩენა. ექსპოზიცია სოფლის მეურნეობისა და სურსათის წარმოების სრულ ციკლს მოიცავს – ნიადაგის დამუშავებიდან და მოსავლის მიღება-გადამუშავებამდე, შეფუთვასა და რეალიზაციამდე.

გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიების პროდუქცია და მომსახურება. საერთაშორისო მონაწილეებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კორეულ კომპანიებს, რომელთა რაოდენობა ცხრაა. გამოფენაში მონაწილეობენ ნიდერლანდებისა და იტალიის წარმომადგენლებიც.

ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, აგროდრონებს, მცენარეთა დაცვის ციფრულ სისტემებს, სარწყავ ტექნოლოგიებს, ორგანულ სასუქებს, მოსავლის დამცავ ბადეებს, გადამამუშავებელ და შესაფუთ დანადგარებს. წარმოდგენილია ასევე კვების მრეწველობისთვის განკუთვნილი ინგრედიენტები და საწარმოო ტექნოლოგიები.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ დემონსტრაციებს. მათ შორისაა პურისა და საცხობი პროდუქციის დამზადების მასტერკლასები, სადაც დაინტერესებულ პირებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და წარმოების პროცესების გაცნობა შეუძლიათ.

გამოფენის მნიშვნელოვანი ნაწილია აგრარული ფორუმი, რომლის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში იმართება პრეზენტაციები და პროფესიული შეხვედრები.

13 ნოემბრის პროგრამაში წარმოდგენილი იყო სოფლის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები, პივოტური სარწყავი სისტემებისა და ქოთნებში მოცვის მოყვანის ტექნოლოგიები, ციფრული სოფლის მეურნეობა, სანელებლების წარმოება და ფქვილისა და პურ-ფუნთუშეულის წარმოების თანამედროვე გამოწვევები.

14 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრები შეეხება აგროწარმოებაში დამატებითი ღირებულების შექმნას, მინერალური სასუქების გამოყენების თანამედროვე მიდგომებს, აგრარულ განათლებასა და მწვანე ტექნოლოგიებს.

გამოფენის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფერმერებისთვის ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას. განხილვის თემებს შორისაა სურსათის უვნებლობის მოთხოვნები, მცირე მეწარმეობის განვითარება, ბიომეურნეობა, ბიოსერტიფიცირება, საექსპორტო შესაძლებლობები, ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და მწვანე დაფინანსება.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებიდან ფერმერებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლების ჩართულობას. ორგანიზატორების მიერ წინასწარ გამოცხადებული სპეციალური პროგრამა მათ გამოფენაზე მოწვევასა და ტრანსპორტირებას ითვალისწინებდა.

Agro Food Expo Georgia 2026 კიდევ ერთი შესაძლებლობაა ქართული აგროსასურსათო სექტორის წარმოსაჩენად, უცხოური გამოცდილების გასაზიარებლად და ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის ახალი საქმიანი კავშირების დასამყარებლად.

ასეთი ღონისძიებების მნიშვნელობა მხოლოდ გამოფენილი პროდუქციისა და ტექნოლოგიების დემონსტრირებით არ განისაზღვრება. მათი მთავარი ღირებულება ცოდნის, გამოცდილებისა და ბიზნესურთიერთობების გაღრმავებაა, რაც საბოლოოდ ქართული სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის კონკურენტუნარიანობის ზრდას უნდა ემსახურებოდეს.