აგრარული განათლებადარგებიმეფრინველეობა

ბროილერის გამოზრდა

ბროილერის გამოზრდა. ფრინველის ხორცის წარმოება ძირითადად დაფუძნებულია ბროილერის ხორცის წარმოებაზე. ბროილერის გამოზრდის ტექნოლოგია სამ სისტემას მოიცავს: ღრმა საფენზე, ბატარეა-გალიებში და მავთულბადიან იატაკზე.

 ბროილერების მისაღებად იყენებენ მაღალპროდუქტიულ კროსებს. ბროილერის გამოსაზრდელად საჭიროა საფრინველის წინასწარი შემზადება, ამისათვის ორი დღით ადრე შენობას ათბობენ, ათეთრებენ კედლებს კირით, აწესრიგებენ სავენტილაციო სისტემას.

♦ საფრინველეს აკომპლექტებენ ერთი ასაკის წიწილებით. ღრმა საფენზე შენახვისას 1მ² იატაკის ფართობზე  120- 140კგ ბროილერის ხორცს აწარმოებენ, მავთულბადიან იატაკზე — 190- 200კგ., ბატარეა გალიებში — 220-260კგ.

♦ წყალი აუცილებლად ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს; ცივი წყალი ბროილერს გააცივებს.

გამოსაზრდელად აუცილებელია ჩაისვას კონდიციური ერთდღიანი წიწილა. ერთდღიანი ბროილერის ცოცხალი მასა 38-40 გ-ია. გამოჩეკიდან 6-8 საათის შემდეგ ბროილერები გამოსაზრდელად საწიწილეში უნდა გადავიყვანოთ. საკვები და წყალიც მაშინვე უნდა მიეწოდოს. გამოზრდის პირველ კვირას საფრინველეში სავენტილაციო სისტემა უნდა გამოვრთოთ, რადგან ჰაერის ხშირი მოძრაობის, განსაკუთრებით ორპირი ქარის, გამო წიწილები ცივდებიან.ერთი კვირის შემდეგ სავენტილაციო სისტემის ჩართვაა აუცილებელი. ღრმა საფენზე შენახვისას საფენის მოწყობის წესი იგივეა, რაც სხვა ფრინველების გამოზრდისას. საფენად კარგია ნამჯა, რადგანაც იგი სიმშრალეს ხანგრძლივად ინარჩუნებს და დაბინძურებაც უფრო ნაკლებია. 3-5 დღემდე საკვებს ნავისებური საკვებურიდან აძლევენ, რომლის ზომაა 320 x 320 x 20 მმ. 5 დღიდან გადაჰყავთ ღარისებურ საკვებურზე (ზომა 700 x 100 x 5² მმ). პირველ დღეს წყალს ასმევენ თეფშზე გადმობრუნებული წყლიანი ქილით, ხოლო შემდგომ ასაკში ღარული ან წვეთოვანი საწყურვებლით, რომელიც ჩამოკიდებულია საწიწილის მთელ სიგრძეზე გაყოლებულ პლასტმასის მილზე, რომელშიც მუდმივად მიედინება სუფთა წყალი.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჰაერის ტემპერატურას, რადგან სიცოცხლის პირველ დღეებში წიწილის სხეულის ტემპერატურა ახლოსაა ინკუბატორის ტემპერატურასთან. ასეთი ტემპერატურა ხელს უწყობს წიწილის თერმორეგულაციის მექანიზმის ჩამოყალიბებას და, შესაბამისად, უკეთეს ზრდა-განვითარებას. მე14-16 დღეზე თერმორეგულაცია ნორმალიზდება და სხეულის ტემპერატურაც სტაბილური ხდება 40,6-41,7°C ფარგლებში. სიცოცხლის პირველ დღეებში შენობაში ტემპერატურის შექმნის 2 წესია: 1. ტემპერატურის შექმნა მთელ შენობაში და 2. კომბინირებული — როგორც შენობის, ასევე ლოკალური გამათბობლით. ბროილერების გამოზრდისას უპირატესობას კომბინირებულ წესს ანიჭებენ, რადგან იგი საშუალებას იძლევა სათანადო ტემპერატურული რეჟიმი შეიქმნას უშუალოდ ფრინველის განლაგების ადგილას, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებს. ელექტროგამთბობელ იატაკზე შენახვისას წიწილები უფრო სწრაფად იზრდებიან, ვიდრე ბრუდერული გამათბობლით, რაც ხელს უწყობს ყვითრის უკეთ შეწოვას.

აუცილებელია, ასაკის გათვალისწინებით დასმის სიმჭიდროვის განსაზღვრა. 3 კვირის ასაკამდე ბროილერებს ზრდიან ყოველ 1მ2-ზე 40 ფრთის რაოდენობით. ამ შემთხვევაში საჭიროა მიკროკლიმატის სისტემატური კონტროლი. საფრინველეს ტიხრავენ მსუბუქი ხის ჩარჩოთი, რომელზედაც გადაკრულია პოლიეთილენის აპკი. შეიძლება სხვა მასალის გამოყენებაც. თითოეული ბრუდერის ქვეშ ათავსებენ 1200 ფრთას და იცავენ 26-28°C ტემპერატურას. გაზრდილი დასმის სიმჭიდროვის გამო, წიწილის ბიოლოგიური სითბოს ხარჯზე ტემპერატურა 32-34°C აღწევს. 3 კვირის შემდეგ ტიხარს იღებენ და წიწილებს შენობის მთელ ფართობზე ანაწილებენ.

♦ ბროილერების გამოზრდისას გამოიყენება სხვა ტექნოლოგიური ხერხიც. მაგალითად, საფრინველეს ყოფენ 4 არათანაბარ ნაწილად. სიცოცხლის პირველ კვირას ბროილერებს ათავსებენ შენობის ფართობის 1/3-ზე, შემდეგ მე-2 და მე-3 კვირას შენობის 1/2-ზე ათავსებენ, მე-4 კვირის ასაკში — 2/3-ზე, მეხუთე კვირის ასაკში ბროილერებს შენობის მთელ ფართობზე ანაწილებენ. ასეთი ტექნოლოგიის დროს ბროილერის დასმის სიმჭიდროვე 1მ²–ზე შეადგენს; 1 კვირის ასაკში 54-60 ფრთა, მე-2 და მე-3 კვირას — 36-40, 4 კვირის ასაკში — 27- 30, მე-5 კვირას — 16-20 ფრთა.

♦დასმის სიმჭიდროვის სწორად განსაზღვრისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბროილერის ცოცხალ მასას.

ბროილერის დასმის სიმჭიდროვის ნორმატივი ცოცხალი მასის გათვალისწინებით:

ერთი ფრთის ცოცხალი მასა, გ

დასმის სიმჭიდროვე, 1მ2/ფრთა

1400-1600

18

1600-1800

16

1800-2000

14

2000-2200

12

საფრინველის ის ადგილი, სადაც ლოკალური გათბობაა, დანარჩენი ნაწილისაგან გამოყოფილია დასაკეცი ტიხარით. ამიტომაც, სანამ ტიხარს ავიღებდეთ, საფრინველის ცარიელი ნაწილი წიწილების მიღებამდე უნდა შევამზადოთ. კერძოდ, უნდა ჩავრთოთ გათბობის სისტემა და შევქმნათ 2°C- ით მეტი ტემპერატურა, ვიდრე პირველ ზონაში იყო.

კვირის ასაკამდე  ასეთი ტექნოლოგიის გამოყენება  იძლევა 40% ელექტროენერგიის ეკონომიას, ხოლო გამოზრდის მთელ პერიოდში იზოგება 24,6% ელექტროენერგია, ამასთან ფრინველის პროდუქტიულობა უცვლელი რჩება.

სინათლის რეჟიმი. საფრინველის გასანათებლად იყენებენ ჩვეულებრივ ან ლუმინესცენციურ ნათურებს. ბროილერების გამოზრდის ახალი ტექნოლოგია გულისხმობს განათების ენერგოდამზოგავ რეჟიმს. რეკომენდებულია წყვეტილი განათების ფართოდ აპრობირებული მეთოდი. წყვეტილი რეჟიმის გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა ყველა ტექნოლოგიური ნორმატივის ზუსტად დაცვა, განსაკუთრებით კვების ფრონტი (2,5 სმ/ფრთა) და დაწყურვების ფრონტი (1 სმ/ფრთა). აღნიშნული სინათლის რეჟიმი რეგულირდება ავტომატურად.

განათების რეჟიმი ოილერის გამოზრდისას

ასაკი, დღეები

განათების ინტენსივობა, ლუქსი სინათლის ხანგრძლივობა, სთ

0,7

20-25

23 განათება: 1 ჩაბნელება

7-12

20-10 (თანდათან მცირდება)

23 განათება: 1 ჩაბნელება

21 და ზევით

10

23 განათება: 1 ჩაბნელება

თანამედროვე ტექნოლოგიის ერთ-ერთი ეფექტური რესურსდამზოგავი პრინციპია უახლესი გათბობის სისტემის დანერგვა. მსოფლიო მეფრინველეობაში ნაცვლად ელექტრობრუდერებისა ფართოდ იყენებენ ულტრაიისფერ ნათურებს, ან გაზის გამათბობლებს. ინფრაწითელი გათბობა საშუალებას იძლევა უშუალოდ ფრინველს გადასცეს ენერგია, სითბო ღრმად აღწევს ორგანიზმში შენობის საერთო ტემპერატურის გაზრდის გარეშე. სხვა გამათბობლები მხოლოდ ორგანიზმის ქსოვილის ზედაპირს ათბობენ. ბროილერის მავთულიდან იატაკზე გამოზრდა — ფრინველის ხორცის წარმოების ერთ-ერთი რეზერვია. იგი საშუალებას იძლევა წლის განმავლობაში 1მ² იატაკის ფართობზე 200 კგ-მდე ბროილერის ხორცი ვაწარმოოთ, საფრინველის ერთ ბრუნვაზე კი 33 კგ.

ამასთან დაკავშირებით იზრდება ბრუდერის ტიხრებით შემოღობვის მანძილიც (30-40%-ით). მავთულბადიანი იატაკიდან ნაკელი ცვივა ბეტონის ორმოში, საიდანაც ფხეკია ტრანსპორტიორით იწმინდება. სიცოცხლის პირველ დღეებში წიწილებს მავთულბადეზე უფენენ ქაღალდს, რომელსაც 4-6 დღის შემდეგ იღებენ, 7-10 დღის შემდეგ ბრუდერის ირგვლივ არსებულ ტიხარსაც იღებენ, ხოლო 20-30 დღიდან ბრუდერებს ზევით წევენ. დაწყურვების ფრონტი 1 სმ/ფრთაზე, კვების — 2,5 სმ. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 18-22°C. მავთულბადიანი იატაკი მზადდება მეტალის ბადისაგან, რომლის უჯრის ზომა 16×16 მმ-ია, ხოლო თითოეული ხვრელის დიამეტრი 3-4 მმ. ზოგჯერ გათბობის მიზნით იყენებენ სპეციალურ გამასხივებელ მოწყობილობას (ИКУФ და სხვა), რომელიც ჩამოკიდებულია 0,8 მ სიმაღლეზე მავთულბადიანი იატაკიდან. გამასხივებლის პარამეტრები, გათბობისა და ტემპერატურის რეჟიმი ისეთივეა, როგორც ღრმა საფენზე შენახვისას.

საყურადღებოა!

მავთულბადიან იატაკზე გამოზრდისას დასმის სიმჭიდროვე, ღრმა საფენთან შედარებით, 25-30%-ით იზრდება.

7 დღის ასაკამდე გამასხივებელ-გამათბობლის ქვემოთ მავთულბადეზე აფენენ ქაღალდს. ბროილერის დასმის სიმჭიდროვის დიფერენციაციის დროს უნდა მოეწყოს სითბოგაუმტარი დასაკეცი ტიხარი. აუცილებელია, სითბოგაუმტარი ტიხარი მოეწყოს არამარტო გვერდებზე, არამედ იატაკის ქვეშაც. მათი კონსტრუქცია სხვადასხვაგვარია. მთავარია იგი აკმაყოფილებდეს ორ მოთხოვნას: არ გაატაროს სითბო და ადვილად ირეცხებოდეს.

მავთულბადიან იატაკზე გამოზრდისას შერჩეული უნდა იქნეს ტემპერატურისა და ტენიანობის შესაბამისი რეჟიმი. ვინაიდან მეტალის იატაკი მალე ცივდება, მავთულბადის ზედაპირზე ტემპერატურა 27°C არ აჭარბებს, ამიტომაც შენობის შიგა ტემპერატურა 1-2°C-ით მეტი უნდა იყოს, ვიდრე ღრმა საფენზე შენახვისას.

ბროილერის გალიური გამოზრდა. გალიური გამოზრდისას იცავენ შემდეგ პარამეტრებს: ერთ ფრთაზე დედლებითვის უნდა მოდიოდეს — 320 სმ2 იატაკის ფართობი, მამლებისთვის — 360 სმ² , სქესგაურჩევლად გამოზრდისას — 340 სმ2. კვების ფრონტი არა უმცირესი 3 სმ ღარული და არა უმცირესი 2 სმ ბუნკერული საკვების გამოყენებისას. დაწყურვების ფრონტი 1 სმ ერთ ფრთაზე ღარული საკვებურისას და ერთი მიკროთეფშური საწყურვებელი 10 ფრთაზე, ასევე ერთი წვეთოვანი საწყურვებელი ათ ფრთაზე. გალიის შიგნით ტემპერატურის შესაქმნელად იყენებენ თვით შენობის ან კომბინირებულ (შენობის და ლოკალური) გათბობას. შენობის შიგ სითბოს შესაქმნელად საჭიროა ტემპერატურის შემდეგი რეჟიმის დაცვა: პირველი კვირა 33-28°C, 2-4 კვირა 25-24°C, 5-6 კვირა 20°C, 7-9 კვირის ასაკში 18°C. ლოკალური გათბობისას ფართოდ იყენებენ გამასხივებლებს, რომელსაც კიდებენ გალიის იატაკიდან 0,8 მ სიმაღლეზე. ერთი გამასხივებელი ყოფნის ორ გალიას. ბროილერებისათვის გამათბობლებს იყენებენ პირველი 3 კვირა ისევე, როგორც მავთულბადიან იატაკზე შენახვისას.

ბროილერების გალიური შენახვის ახალ ტექნოლოგიას გვთავაზობს გერმანული ფირმა „შპეხტ“-ი. მათ მიერ გამოშვებული ბატარეა-გალია 3-6 იარუსიანია, მავთულბადიანი იატაკის ნაცვლად აქვს ლენტური ტრანსპორტიორი, რომლითაც იწმინდება ნაკელი. ახალგამოჩეკილ წიწილებს პირდაპირ აღნიშნულ ლენტზე ათავსებენ, რომელზედაც ყრიან ქვეშსაფენს. დასმის სიმჭიდროვე 1 მ-ზე 23 ფრთაა. თითოეულ იარუსზე ორივე მხარეს მოთავსებულია სავენტილაციო მილი, საიდანაც შემოდის გამთბარი ჰაერი. ბუნკერული საკვებური, თეფშისებური ან წვეთოვანი საწყურვებელი უშუალოდ მოთავსებულია ლენტური ტრანსპორტიორის ზემოთ. გამოზრდის ციკლის დამთავრების შემდეგ ლენტურ ტრანსპორტიორს ჩართავენ, რითაც ფრინველი საფენთან ერთად გადაადგილდება ბატარეის ბოლოში და მუშის დახმარებით ჩაიტვირთება სპეციალურ ყუთებში. ლენტურ ტრანსპორტიორზე დარჩენილი ქვეშსაფენიანი ნაკელი იყრება ნაკელშემგროვებელ ტრანსპორტიორზე.

ამ ბოლო პერიოდში გალიური შენახვისას ფართოდ იყენებენ ლოკალურ გამათბობლებს. გამათბობელი მილი, რომელიც 42 მმ დიამეტრისაა, შეერთებულია სითბოს გენერატორთან. გამათბობელი მილი სათითაოდ მონტაჟდება ბატარეა-გალიის ზემოთ, თითოეულ მილს უკეთებენ დამხშობ არმატურას, რის საშუალებითაც რეგულირდება თბოგენერატორიდან სითბოს მიწოდება გალიებში. წიწილების გალიაში ჩასმამდე ბატარეა-გალიას ზემოდან აფარებენ ქაღალდს ისე, რომ დაფაროს გამათბობელი მილი. ქაღალდი წარმოადგენს ეკრანს, რომელიც თბილ ნაკადს უშვებს წიწილების მოთავსების ადგილას. ლოკალური გამათბობლის გამოყენება ბატარეა-გალიებში ქმნის საჭირო ტემპერატურას, რაც საშუალებას იძლევა შენობაში შევამციროთ ტემპერატურა 27°C-მდე. ყველა ეს პროცესი ხორციელდება ავტომატური რეჟიმით.

http://agriedu.ge