მედიარეგიონებირუბრიკები

  ინკლუზიური სამეწარმეო განვითარების რეფორმა საქართველოს რეგიონებში

(დასასრული, დასაწყისი

ისტორიული განვითარების არსებულ ეტაპზე, სოფლად ეკონომიკური და სოციალური განვითარების პრიორიტეტი მოსახლეობის ინკლუზიური სამეწარმეო განვითარება უნდა გახდეს, რაც დაკავშირებულია მათი შრომითი და მატერიალური რესურსების კაპიტალიზაციასთან და ეს უნდა მოხდეს ისეთი პროექტების მხარდაჭერით, სადაც ჩართული იქნება მოსახლეობის უმეტესი ნაწილი.

მიმდინარე პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი რეზერვი საზოგადოების თითოეული წევრის მოქალაქეობრივ და სამეწარმეო გააქტიურებაში, პრობლემების საერთო ძალისხმევით მოგვარებასა და სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესების ხელშეწყობაში დევს. არსებულ პირობებში სოფლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, ანუ  მცირემიწიანი და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ინკლუზიური სამეწარმეო გააქტიურების, მასობრივად დასაქმების, წარმოების ინტენსიური ზრდის, სიღარიბის დაძლევის, მიგრაციის შეჩერების და ადგილებზე გრძელვადიანი ეკონომიკური და სოციალური განვითარების პერსპექვივის შექმნის რთული პროცესის განხორციელებაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რასაც ეკონომიკურ თვითმმართველობასთან ერთად, წარმოების კონცენტრაციის მაღალი დონე განაპირობებს.

მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის ინკლუზიური სამეწარმეო განვითარების მხრივ, სხვა სამეწარმეო ფორმებთან შედარებით, კოოპერაციული სექტორი გაცილებით ქმედუნარიანია, რადგან თუ შპს-ში სამეწარმეო საქმიანობას  ეწევა ერთი ან რამდენიმე პირი, კოოპერატივში იგივე მოცულობით  ინვესტირების პირობებში, შეიძლება მაღალი უკუგების მიმღები, ასობით და ათასობით ადამიანი გახდეს.  ეს პოზიცია არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს მოსახლეობის სამაწარმეო განვითარების და მატერიალური დოვლათის გადანაწილების სამართლიანობის საკითხის წინ წამოწევით რამდენადმე იზღუდებოდეს სამეურნეო სისტემის განვითარების წმინდა ეკონომიკური ასპექტი. პირიქით, სწორედ მრავალმხრივ გააზრებული, სწორი ეკონომიკური მექანიზმის პრიორიტეტი იძლევა მატერიალური დოვლათის განაწილების ორი ძირითადი პრინციპის – ეკონომიკურისა და ეთიკურის ოპტიმალური სინთეზის შესაძლებლობას.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული სისტემის სახელმწიფო რეგულირება რთული სტრუქტურით და ნორმატიულად განსაზღვრული კომპლექსური მიდგომებით გამოირჩევა. სახელმწიფო რეგულირებით ხორციელდება ის ფუნქციები, რომლებიც არ არიან უზრუნველყოფილი თვითრეგულირების  საბაზრო ბერკეტებით. აგრარულ სექტორში საბიუჯეტო სახსრების შეღავათიან პირობში განთავსება და მათი კონტროლი  სახელმწიფოს მხრიდან სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში ხორციელდება. ამ პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას სახელმწიფო კომპლექსური მიდგომების საფუძველზე ასრულებს, რაც იმით გამოიხატება, რომ პროექტმა კონკრეტული მიმართულების სასოფლო-სამეურნეო წარმოების მთლიანი სისტემა მოიცვას.

სიღრმისეულ გააზრებას და ახლებურ ხედვას საჭიროებს გადამმუშავებელი მრეწველობის, როგორც ძირითადი დამატებული ღირებულების  შემქმნელის მნიშვნელობა, რადგან არსებითია, თუ ვისი შემოსავლების ზრდას ემსახურება პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული დამატებული ღირებულება და რა შედეგი მოაქვს ამ საკითხის მიმართ გაუაზრებელ პოლიტიკას, ან საერთოდ პოლიტიკის არარსებობას.  საკითხის იმ ჭრილში დაყენება, თითქოს სამუშაო ადგილების შექმნა არის სოფლად ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტი, არის თავის მოტყუება და არ შეესაბამება ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე არსებულ რეალურ გამოწვევებს, რადგან უკეთეს შემთხვევაშიც კი, სამუშაო ადგილების შექმნას ისეთ სფეროებში, როგორიცაა საყოფაცხოვრებო მომსახურების, კულტურის, ჯანდაცვის და თუნდაც გადამმუშავებელ საწარმოებში, სადაც დასაქმებულია 10-12 პირი, არ ექნება მასობრივი ხასიათი და ვერანაირად ვერ იმოქმედებს სოფლის მოსახლეობის ძირითადი ნაწილის შემოსავლების ზრდაზე და სამეწარმეო განვითარებაზე.

            სხვადასხვა პროგრამებით მხარდაჭერილი შპს-ტიპის გადამმუშავებელი საწარმოები და შუამავალი ორგანიზაციები ორიენტირებული ხდებიან ექსტენსიურ განვითარებაზე, რაც მოსახლეობიდან მათი კუთვნილი მიწების შესყიდვის ხარჯზე საკუთარი მიწების გაფართოებაში ვლინდება. ისინი სარგებლობენ იმით, რომ ინდივიდუალურ სამეწარმეო საქმიანობას მიუჩვეველი, სხვადასხვა ხასიათის მრავალ შიდა თუ გარე პრობლემებთან დაპირისპირებული, საჭირო ხელშეწყობას მოწყვეტილი, განცალკევებული მცირემიწიანი მოსახლეობა იძულებული ხდება უკიდურესი გაჭირვების გამო გაყიდოს საკუთარი მიწები, რასაც თან ახლავს მათთვის გამოუსწორებელი შედეგები, რამაც ბოლო პერიოდში მასობრივი ხასიათი მიიღო.

          მიწა ფერმერისათვის/გლეხისთვის – არა მარტო წარმოების საშუალება, არამედ მისი, როგორც სოციალურ-ეკონომიკური და ეროვნული სუბიექტის არსის განმსაზღვრელი ორგანული ნაწილია. ამიტომ, მიწების ყიდვა-გაყიდვისა და გირავნობის საკითხს, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე უდიდესი ეროვნული მნიშვნელობა აქვს. მიწის მიმართ დამოკიდებულებამ და მიწის მართვის სწორმა პოლიტიკამ, ქვეყნისა და მოსახლეობისთვის მისი განსაკუთრებული აქტუალობის გამო, საქართველოს სახელმწიფოს სტრუქტურირებაში  მნიშვნელოვანი, შეიძლება განმსაზღვრელი ფუნქციაც შეასრულოს. მიწისგან გლეხის მოწყვეტა გამოიწვევს მისი, როგორც სამეწარმეო სუბიექტის ფუნქციის მოსპობას და მას უკეთეს შემთხვევაში, გადააქცევს მხოლოდ დაქირავებული შრომის ობიექტად. დაქირავებული ადამიანი უბრალო დანამატად იქცა სხვისი კაპიტალის დაგროვების პროცესში, რომელსაც მხოლოდ მარტივი, ადვილად ასათვისებელი და ერთფეროვანი სამუშაოს შესრულება მოეთხოვება. დღეს თუნდაც ამ ტიპის სამუშაოს შოვნის დეფიციტის გამო, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა იძულებულია დათანხმდეს სამუშაოს დისკრიმინაციულ პირობებს. მისი დაქირავების ხარჯები განისაზღვრება იმ საარსებო მინიმუმით, რომლებსაც იგი საჭიროებს თავის გადასარჩენად.

            გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ არსებულ პირობებში მოსახლეობიდან მიწების შესყიდვა წარმოადგენს მოსახლეობის ცივილიზებული ძარცვის კიდევ ერთ „ეფექტურ“ მექანიზმს, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის ყველაზე მძიმე შედეგებით. მოსახლეობა, ისე როგორც სახელმწიფო,  ზარალდება სოციალური სფეროს მოშლით. უდავოა, რომ ასეთ პროცესებს თან ახლავს საზოგადოებისა და ქვეყნისათვის გამოუსწორებელი შედეგები, რისი გამართლებაც საქართველოში მიწის ბაზრის განვითარების და მიწების კონსოლიდაციის არგუმენტებით, რა თქმა უნდა დაუშვებელია.  საქართველოში ჯანსაღი მიწების უმეტესობა დაუცველი, მოუვლელი და დაუმუშავებელია, ხოლო რეგიონების შრომისუნარიანი, ჯანსაღი მოსახლეობა მასიურად გაედინება საზღვარგარეთ, სხვის მიწებზე სამუშაოდ. უაღრესად მნიშვნელოვანი და საგანგაშოა, რომ რეგიონების მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის საქმიანობის სამეწარმეო ფორმის მოსპობით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბუნებრივად ნადგურდება ოჯახის ინსტიტუტი, დეგრადაციას განიცდის და ქრება ადამიანისათვის უძვირფასესი ურთიერთობები. ისტორიულად დამკვიდრებული სენსიტიური ფრაზები ოჯახზე, მშობლებისა და შვილების ნაზ ურთიერთობაზე, აღზრდაზე,  მხოლოდ ლიტონი სიტყვები და ყბედობა ხდება.

სწორედ სათემო კოოპერატივებს ყველაზე მეტად ხელეწიფებათ –  შექმნან საერთო სამეურნეო საქმიანობის წარმატებით განხორციელების საფუძვლები, რაც მიწების განკერძოებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებსაც მკაცრი საზოგადოებრივი კოორდინირების ფარგლებში მოაქცევს. თემი „Gemeinschaft“ (გერმ) – ეს არის კოლექტიური ერთობის ყველაზე ბუნებრივი და მდგრადი ფორმა. საქართველოში, განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში, იგი ისტორიულად წარმოადგენდა სისხლის მონათესავეთა და მათ სამეზობლოდ მცხოვრები ოჯახების გაერთიანებას, სადაც ადამიანები შეკავშირებული არიან გეოგრაფიული, რელიგიური, კულტურული, ფსიქოლოგიური, თავდაცვის და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საერთო ეკონომიკური ინტერესებით  და მიმართულია მუდმივი გაძლიერებისკენ. სათემო კოოპერატივები უზრუნველყოფენ კოოპერაციის პროცესში მოსახლეობის მასობრივ ჩართულობას, სადაც შესაძლებელი გახდება მასშტაბის ეფექტის გამოყენება და ადგილებზე მოსახლეობის შესაძლებლობების და მატერიალური რესურსების კაპიტალიზაცია, რათა რაც შეიძლება სწრაფად გამრავლდეს მწარმოებლურ ძალთა ჯამი და შეიქმნას ინკლუზიური სამეწარმეო განვითარების მყარი საფუძველი.

გადამმუშავებელი მრეწველობა, როგორც ერთიან საწარმოო ციკლში დამატებული ღირებულების შექმნის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი, სწორედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ფარგლებში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რადგან მხოლოდ ამ სისტემაში იგი ახორციელებს მოსახლეობის სამეწარმეო გაძლიერების მომსახურების ფუნქციას.  ვერტიკალურად ინტეგრირებული კოოპერაციული საწარმო პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებლები მოახდენენ საკუთარი პროდუქციის წარმოების, გადამუშავების, დაფასოების, შენახვის და რეალიზაციის ერთიანი საწარმოო ციკლის ორგანიზებას და დამატებული ღირებულების გენერირებას, სადაც დამატებული ღირებულება ყოველ სამეურნეო საფეხურზე იზრდება და ისინი მიიღებენ მნიშვნელოვნად გაზრდილ შემოსავლებს საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან. აქედან გამომდინარე, მოხდება მოსახლეობის შემოსავლების მკვეთრი ზრდა, რაც თავის მხრივ განაპირობებს უმნიშვნელოვანეს შედეგებს: მასშტაბური წარმოება, კვალიფიციური მენეჯმენტი, პროდუქციის თვითღირებულების შემცირება, სარეალიზაციო სეგმენტებზე წარმატებული ოპერირება, სამეწარმეო რისკების მინიმუმამდე დაყვანა, სოფლად მოსახლეობის მასობრივი დასაქმება,

            დღეს სოფლის მოსახლეობა ფორმალურად თითქოს თავისუფალია სამეწარმეო საქმიანობაში. ისინი დამოუკიდებლად, ყოველგვარი დიქტატის გარეშე ახდენენ წარმოების ძირითადი და საბრუნავი საშუალებების შესყიდვას და საწარმოო ტექნოლოგიური პროცესების განხორციელებას. აქ იკვეთება მთავარი შეკითხვა – როგორ შეიძლება ამ საქმიანობას ეწოდოს „სამეწარმეო“ და მით უმეტეს „თავისუფალი“, როდესაც ალტერნატივის არარსებობის გამო, მოსახლეობა იძულებულია თავისი პროდუქცია მიაწოდოს შპს-ტიპის გადამმუშავებელ საწარმოს, რომელიც მას კარნახობს მიწოდების დისკრიმინაციულ, უმეტეს შემთხვევაში კარტელური შეთანხმებებით დადგენილ პირობებს და ფასებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვერ ანაზღაურებს ამ პროდუქციის წარმოებაზე გაწეულ დანახარჯებსაც კი. შესაბამისად, მათ ფორმალურად გააჩნიათ თავისუფლება საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის კუთხით, მაგრამ ეს უფლება პრაქტიკულად წართმეულია, წარმოების შემდგომ ეკონომიკურ საფეხურზე ჩამოყალიბებული სამეწარმეო კასტების კარტელური შეთანხმებების და მონოპოლიების მიერ, სადაც აგროწარმოების ყოველგვარი სიკეთე პრაქტიკულად დახურულია რეგიონების მოსახლეობის უმრავლესობისთვის.

შპს-ებისა და მოგებაზე ორიენტირებული სხვა სამეწარმეო ფორმების განვითარებას, რა თქმა უნდა თავისი ადგილი და მნიშვნელობა გააჩნია საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მაგრამ არსებულ პირობებში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სწორი გეზის არჩევისთვის აუცილებელია, რომ ცალსახად და კატეგორიულად განისაზღვროს: როცა არსებობს სამეწარმეო საქმიანობის განვითარების სხვა, უფრო ძლიერი ეკონომიკური მოტივები და მით უმეტეს მოდელები, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოების მრავალრიცხოვანი წევრების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი იგნორირება ან მოაზრება კერძო ბიზნეს-პროექტების პარიტეტულ რანგში, წარმოადგენს სერიოზულ მეთოდოლოგიურ შეცდომას.

ზოგჯერ გამოითქმის მოსაზრება (ძირითადად კოოპერაციული სისტემის არასაკმარისად მცოდნე პირებს მიერ), რომ საქართველოს მოსახლეობა ჯერ არ არის მზად სოფლად კოოპერაციის მასშტაბური პროექტების განხორციელებისთვის და აპელირებენ ევროპის ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხანგრძლივ პერიოდზე, სადაც განვითარების არსებული დონის მიღწევას 200 წელიწადზე მეტი დასჭირდა. ეს არის ყოვლად გაუმართლებელი, მცდარი პოზიცია. ევროპის ქვეყნებში მე-19 საუკუნეში დაწყებული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესი ვითარდებოდა სტიქიურად, ყოველგვარი სტრატეგიის, საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის არსებობის და ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე. დღეს შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყნის არაერთი მაგალითის მოყვანა, სადაც მთავრობები აცნობიერებდნენ რა ამ პროცესის განსაკუთრებულ გავლენას მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, სწორედ ევროპის ქვეყნების მრავალწლიანი, ევოლუციური განვითარების გამოცდილებაზე დაყრდნობით, იღებდნენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ინტენსიური განვითარების ცენტრალიზებული მასშტაბური მხარდაჭერის გადაწყვეტილებებს. ამის კარგი მაგალითია იაპონია, სადაც 1947 წელს ქვეყნის იმპერატორის განკარგულების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ კანონის მიღების შედეგად, სოფლად მცხოვრები მთელი მოსახლეობა ჩაერთო კოოპერაციის პროცესში და ამ გზით მთავრობამ ცენტრალიზებულად მოახდინა ახალი აგრარული პოლიტიკის გატარება. მიმდინარე პერიოდში იაპონელი ფერმერების 91% გაწევრიანებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში.

კაპიტალი, ვის საკუთრებაშიც არ უნდა იყოს ის, კოლექტიური პროდუქტია, რომლის მოქმედებაში მოყვანა შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების მრავალი წევრის ერთობლივი მოქმედების შედეგად. შესაბამისად, კაპიტალი შეიძლება გადაიქცეს არა მხოლოდ პირად, არამედ საზოგადოებრივ ძალად. მაშასადამე, თუ კაპიტალი კოლექტიურ, საერთო ეკონომიკური მიზნებით გაერთიანებული ადამიანების კოოპერაციულ საკუთრებად აისახება, ეს არ იქნება პირადი საკუთრების გადაქცევა საზოგადოებრივ საკუთრებად, შეიცვლება მხოლოდ საკუთრების საზოგადოებრივი ხასიათი. კოოპერაცია არავის ართმევს საკუთრებას. იგი მხოლოდ იმის შესაძლებლობას ართმევს, რომ ერთობლივი შრომის პროდუქტის მისაკუთრებით დაიმონონ სხვისი შრომა. არსებულმა რეალობამ კაპიტალისა და მიწათმფლობელობის მზარდი კონცენტრაციის ტენდენციურობა და შრომის დანაწილებაში არსებული ფორმის დამრღვევი მოქმედება განსაზღვრა როგორც წვრილი მიწის მესაკუთრეების განადგურების, სიღატაკის, კრიზისების, მატერიალური დოვლათის განაწილებაში უთანაბრობის, ზნე-ჩვეულებათა და ოჯახურ ურთიერთობათა რღვევის და გაძლიერებული მიგრაციის მთავარი ფაქტორი.

სოფლოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების როგორც ქართული, ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან, შესაძლებელია ცალსახად განისაზღვროს მთავარი:

  • დასმული ამოცანის გადაწყვეტა არ შეიძლება ემპირიულად, პრობლემათა თეორიული და მეთოდოლოგიური ასპექტების გათვალისწინების და სათანადო საფუძვლების მომზადების გარეშე;
  • აუცილებელია სოფლის მოსახლეობის ინკლუზიური სამეწარმეო განვითარების ცენტრალიზებული პოლიტიკის გატარება, რაც ემყარება განვითარების ორგანიზაციულ-ეკონომიკური და ფინანსური მექანიზმების კონცეპტუალური საფუძვლების შექმნას, საფინანსო გარემოს არსებით ცვლილებს, მოსახლეობის შრომითი და მატერიალური რესურსების კაპიტალიზაციასა და სახელმწიფოს და კერძო სექტორის ეკონომიკური ინტერესების დაბალანსებას;
  • არაერთი განვითარებული ქვეყნის მსგავსად, აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ცენტრალიზებული მართვის სისტემის შექმნა, რომელიც მოკლე დროში (2-3 წელიწადში) გადავა სრულ ეკონომიკურ თვითდაფინანსებაზე.

არასაკმარისი გაცნობიერება იმისა, რომ არსებულ პირობებში სოფლად კოოპერაციის განვითარება სახელმწიფო რეფორმებისა და გარდაქმნების ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და თავის შეკავება ამ კუთხით ადექვატური ქმედითი ღონისძიებების გატარებისა და წარმატებული ეკონომიკის ქვეყნების მდიდარი გამოცდილების გაზიარებისაგან, ქმნის გადაულახავ პრობლემებს, რაც შეუძლებელს ხდის სოფლად მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. სახელმწიფო მხარდაჭერის და რეგულირების სისტემაში არსებული გამოწვევების ადექვატური, ქმედითი ელემენტების შეტანა, ხელს შეუწყობს ეფექტურ ინსტიტუციონალურ მოწყობას და შექმნის მყარ საფუძველს იმ წინააღმდეგობათა გადალახვისათვის, რაც აფერხებს აგრარული სექტორის ტრანსფორმაციას მრავალფეროვანი საფინანსო-ეკონომიკური ურთიერთიერთობების გაფართოებულ სისტემებზე.

დავით მამუკელაშვილი

 ეკონომიკის დოქტორი