მედიარუბრიკებისტატიები

ინკლუზიური სამეწარმეო განვითარების რეფორმა საქართველოს რეგიონებში (ნაწილი პირველი)

დღეს პროგრესული ეკონომიკური აზროვნება საბოლოოდ მივიდა იმ საყოველთაო აღიარებამდე, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რეალურად ადამიანების პრაქტიკული განვითარების პროცესია, რომელშიც გადამწყვეტი როლი ადამიანის პრაქტიკულ საქმიანობას და სოციალურ ურთიერთობებს ენიჭება, რაც საბოლოო ჯამში შესაბამისი იდეოლოგიური საფუძვლების ფორმირებაში გამოისახება. არასდროს, არც ერთ ქვეყანაში არ დამყარებულა დემოკრატიული წესწყობილება, სადაც მოშლილია ეკონომიკა. მძლავრი ეკონომიკა არის  დემოკრატიული სისტემის მთავარი საყრდენი, რაც ნათლად დასტურდება ევროპისა და სხვა დემოკრატიული ქვეყნების მაგალითებით. მშიერი ქვეყანა ყოველთვის იქნება მოცული ანარქიით, იგი ვერანაირად ვერ იქნება დემოკრატიული და მხოლოდ დემოკრატიის ცარიელი პრინციპების გაფეტიშება არაფერს შეცვლის.

მამუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეელლლლლლლლლლლლლლლლლ

ღარიბი მოსახლეობა და შესაბამისად ღარიბი ქვეყნები ღარიბებად რჩებიან, რასაც ძირითადად განაპირობებს ის გარემოება, რომ მცირე მეურნეების (რომლებიც დღეს საქართველოს სოფლის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ) დაბალი შემოსავლების პირობებში რესურსების დაზოგვა აღწარმოებისთვის შეუძლებელია, რადგან მთელი შემოსავალი გამოიყენება სამომხმარებლო მიზნით. თუ დაზოგვა არ ხდება, მაშინ ინვესტირების რესურსები არ არსებობს. გარდა ამისა, სუსტია მონეტიზაცია, რაც ბაზრის დავიწროების კიდევ ერთ მიზეზს წარმოადგენს. საქართველოში სიღარიბის გამო არ იქმნება კაპიტალი, რომელიც საკმარისი იქნება საინვესტიციო საქმისათვის, მოსახლეობის არსებული შემოსავლები კი თავისი ოდენობით ვერ ქმნის საინვესტიციო კლიმატს. შედეგად, სიღარიბე ექცევა ჯადოსნურ წრეში, ხოლო სახელმწიფო ექცევა რუტინულ ტყვეობაში და მოკლებულია შესაძლებლობებს – დაძლიოს შექმნილი გარემო.  ამ პრობლემის მოგვარება, რაც პიდაპირ კავშირშია გამძაფრებული სოციალური პრობლემების მოგვარებასთან, ვერ შეძლო საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ, რაც მნიშვნელოვანწილად გახდა მათი ეკონომიკური პოლიტიკის და ზოგადად, მათი წარუმატებლობის მიზეზი.

საქართველოში დღეს არსებული სამეწარმეო ურთიერთობები მეტად ვიწროა, რათა დაიტიოს მთელ მოსახლეობაში არსებული შრომითი, მატერიალური და ინტელექტუალური პოტენციალი, რაც არსებით ნეგატიურ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ინკლუზიურ განვითარებაზე, არამედ ეკონომიკურ ზრდაზეც. დემოკრატიულმა ხელისუფლებამ უნდა შექმნას ორგანიზაციული და სამართლებრივი პირობები, ისეთი სოციალურ-ეკონომიკური სისტემისთვის, რომელიც ჩაანაცვლებს მახინჯ სამეწარმეო გარემოს, რაც ახშობს საზოგადოებას. ჩვენთან დემოკრატიად აღიქმება მხოლოდ პოლიტიკური დემოკრატია და ყურადღება არ ექცევა ეკონომიკურ განვითარების განმსაზღვრელ როლს დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებაში. მანამ, სანამ საქართველოში არ მოხდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რითაც შეიქმნება მოსახლეობის ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების ძლიერი ფუნდამენტი, მანამ რაიმე ტიპის დემოკრატიის არსებობაზე ლაპარაკი მხოლოდ დემაგოგიაა და და მეტი არაფერი. სამწუხაროდ აქამდე ჩვენმა საზოგადოებამ ეს ვერ დაინახა, ვერ შეაფასა და ვერ მიიღო ის სწორი გადაწყვეტილებები, რაც აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

  დღეს საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 48% დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, რომელთა უმრავლესობა იმყოფება სიღარიბეში და არ გააჩნია სამეწარმეო განვითარების შესაძლებლობა. ამ გარემოებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მცირემიწიანობის პრობლემა. 2014 წლის სასოფლოსამეურნეო აღწერის მიხედვით, 1 ჰექტრამდე მიწას ფლობს მიწათმოსარგებლეთა 75%, 1-დან 5 ჰექტრამდე – 23.8%, 5-დან 50 ჰექტრამდემხოლოდ 1,46%, 50 ჰექტარზე მეტსმხოლოდ 0.16%. ასეთ პირობებში ამ რთული და არაერთგვაროვანი სისტემის კრიზისიდან გამოყვანა, შესაბამისი დაცვითი მექანიზმების და დახმარების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მხარდაჭერის გარეშე, სოფლად  მცირე  მეურნეობების არსებობა შესაძლებელია მხოლოდ დაბალტექნოლოგიურ დონეზე, რაც ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს მათ სამეწარმეო განვითარებას. მნიშვნელოვანია, ადექვატურად იყოს გააზრებული ქვეყნის განვითარებაზე კოოპერაციული სისტემის განსაკუთრებული გავლენა და საწყის ეტაპზე სახელმწიფომ, განვითარებული ეკონომიკის არაერთი ქვეყნის მსგავსად, შეასრულოს ამ პროცესის  მაკოორდინირებელიმაორგანიზებელი  და მხარდამჭერი ფუნქცია. უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან გამომდინარე, იქმნება იძულებითი მდგომარეობა, ვუპასუხოთ გამოწვევებს საკვები პროდუქტების დეფიციტთან და აგფლაციასთან დაკავშირებით, რაც უნდა გახდეს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული გეგმის ნაწილი. აუცილებელია პრობლემის სიღრმისეული ეკონომიკური ანალიზი, რაც ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტალურად განსხვავებულ მიდგომებს აყალიბებს. საქართველოში და მის მსგავს ქვეყნებში დგას დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის შეფარდებით გამოცალკევებული პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც უშუალოდ ხელისუფლების ძალისხმევასთან არის დაკავშირებული.

სახელმწიფო ხელისუფლება წარმოადგენს იმ რეალურ ძალას, რომელიც საერთო ეკონომიკურ კანონზომიერებებზე ახდენს გავლენას და საკუთარ ქვეყანას უქმნის განვითარების სპეციფიკურ პირობებს, აჩქარებს წინსვლას, ან აფერხებს მას.  არსებულ პერიოდში, სოფლად გავრცელებული მასიური სიღარიბის, ინვესტიციების მოზიდვის მინიმუმამდე დაყვანილი შესაძლებლობების და გართულებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო,  ხელისუფლება უნდა გახდეს პასუხისმგებელი საქართველოს რეგიონების მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, ანუ მცირემიწიანი და დაბალშემოსავლიანი მეურნეების ინტერესების დაცვაზე და ქვეყნის განვითარებისთვის მათი როლის პრიორიტულობის აღიარებაზე. სწორედ ხელისუფლება უნდა გახდეს პასუხისმგებელი ეკონომიკური და სოციალური განვითარების ისეთი პერსპექტივის შექმნაზე, რომლის ფუნდამენტური მიზანს წარმოადგენს წარმოების საშუალებებზე კერძო და საზოგადოებრივი, მათ შორის უპირატესად კოოპერაციული და სათემო საკუთრების დაწესება, რათა რაც შეიძლება სწრაფად გამრავლდეს მწარმოებლურ ძალათა ჯამი,  რომელიც გახსნის პიროვნების თავისუფალი განვითარების, განათლების, კულტურისა და მეცნიერულ-ტექნიკური აღმავლობის ყველა შესაძლებლობას. განხორციელდება ეკონომიკური ურთიერთობების ტრანსფორმირება იმ ტიპის წარმოებით ურთიერთობებზე, რომელიც გამოიწვევს რადიკალურ ცვლილებას ადამიანთა სოციალურ არსებობასა და ცნობიერებაში.

საქართვესათვის არსებულ ისტორიულ პერიოდში  უაღრესად მნიშვნელოვანია საწარმოო ურთიერთობათა ფორმის სწორი არჩევანი და მასზე დამყარებული პროგრესული სოციალურ-ეკონომიკური სისტემური ცვლილებები (რეფორმები), რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტურად განსხვავებულ მიდგომებზეა დაფუძნებული და გამოიწვევს მოსახლეობის შემოსავლების და ეროვნული პროდუქციის მოცულობის ინტენსიურ ზრდას, მასობრივ დასაქმებას და უზრუნველყოფს სამეწარმეო განვითარების გრძელვადიან პერიოდზე ორიენტირებული გარემოს ფორმირებას. ამ თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცალსახად განისაზღვროს – რომელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის უფრო ახლოს აგრარულ სექტორში სახელმწიფოს სოციალურ და ეკონომიკურ მისიასთან და რომელ მათგანს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფო მხარდაჭერის თვალსაზრისით. ამისათვის საჭიროა საღრმისეული ანალიზი, თუ საიდან იღებს სათავეს წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების დემოკრატიული პრინციპები და რა არის მისი საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ ამ ქვეყნებმა მწვავე კრიზისების დაძლევის და სწრაფი ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტულ მიმართულებად სწორედ კოოპერაციული სისტემის განვითარება მიიჩნიეს. თუ თვალს გადავავლებთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას ამ კუთხით, დავინახავთ, რომ საერთო ჯამში ეკონომიკის ორგანიზაციული სტრუქტურა, საწარმოო და საკრედიტო-საფინანსო ურთიერთობები, ისევე როგორც დემოკრატიული ინსტიტუტები, იცვლებოდნენ განვითარების ეტაპების მიხედვით, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო სახელმწიფოს როლის გაძლიერებასთან კოოპერაციული ინსტიტუტების დამკვიდრებაში.

ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში აგროსამრეწველო ინტეგრაციისა და კოოპერაციის  გამოცდილება იძლევა საკმარის მასალას, სისტემური ანალიზის საფუძველზე მათი სამეცნიერო და პრაქტიკული განზოგადებისათვის. მაგალითად, ესპანეთის რეფორმების წარმატების მთავარი მიზესს სოფლის მეურნეობაში კოოპერატივების განვითარება წარმოადგენს, რომლის მთავარ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ესპანეთის კონსტიტუციის (1978.) 129.2 მუხლი: „სახელმწიფო ორგანოებმა ეფექტურად უნდა დასახონ წარმოებაში მონაწილეობის სხვადასხვა ფორმები და ხელი შეუწყონ  კოოპერატივების ჩამოყალიბებას არსებული კანონმდებლობის საფუძველზე“. დღეს ესპანეთის სასოფლოსამეურნეო კოოპერატივებში გაწევრიანებულია 1 მლნმდე ფერმერი; ქვეყნის მთლიანი საქონელბრუნვის 47% და აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების 60% ხორციელდება სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების მიერ. ღვინის, ხილბოსტნეულის და ზეთის ხილის წარმოებაში ესპანეთი პირველ ადგილზეა ევროპაში. იტალიის, ისევე როგორც ესპანეთის კოოპერაციული სისტემის სამართლებრივ საფუძველს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს იტალიის რესპუბლიკის 1947 წელს მიღებული კონსტიტუციის 45- მუხლი, რომელშიც ნათქვამია: „რესპუბლიკა აღიარებს კოოპერაციის სოციალურ ფუნქციას, რომელიც ეფუძნება ურთიერთდახმარებას და არ ისახავს მიზნად სპეკულაციურ მიზნებს“. უფრო დაწვრილებით კოოპერაციის მიზნები ჩამოყალიბებულია იტალიის სამოქალაქო კოდექსში, სადაც მითითებულია:  „კოოპერაციის მიზანს წარმოადგენს მისი წევრებისათვის უკეთესი მომსახურეობისა და სამუშაო პირობების შექმნა, ვიდრე ეს შეუძლია თავისუფალ ბაზარს.“ საფრანგეთში 24 000 სასოფლოსამეურნეო კოოპერატივი უზრუნველყოფს 1 მილიონ სამუშაო ადგილს და  მათი წლიური საერთო ფინანსური ბრუნვა აღემატება 300 მილიარდ ევროს. ბელგიაში კოოპერატივების სასოფლოსამეურნეო პროდუქციის წილი ბაზარზე შეადგენს: რძე 50%, ხილი და ბოსტნეული 70-90%, ხორცი 20-30%. უაღრესად მწირი ბუნებრივი რესურსების მქონე ისრაელმა, სწორედ კოოპერაციული სისტემით შეძლო შეექმნა ცოდნის ეკონომიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დამყარებული სასოფლოსამეურნეო წარმოების სისტემა. სწორედ კოოპერაციული სისტემით მიაღწია ჰოლანდიამ, გამხდარიყო მსოფლიოში ერთერთი ლიდერი რძის პროდუქტების ექსპორტით. იაპონიაში კოოპერაციულმა სისტემამ გამოავლინა განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობა. 1947 წელს სასოფლოსამეურნეო კოოპერაციის შესახებ  კანონის მიღების შედეგად და იაპონიის იმპერატორის განკარგულებით, სოფლის მთელი მოსახლეობა ავტომატურად ჩართული იქნა კოოპერაციულ სისტემაში, რომლის მეშვეობითაც მთავრობამ მოახდინა ახალი აგრარული პოლიტიკის გატარება. მიმდინარე პერიოდში იაპონელი ფერმერების 91% გაწევრიანებულია სასოფლოსამეურნეო კოოპერატივებში. საქართველოზე გაცილებით მწირი რესურსების მქონე სომხეთმა, კოოპერაციული აგროსაკრედიტო სისტემის შექმნით მოახერხა ის, რომ ჩვენზე მაღალი აქვს თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები (განსაკუთრებით ხორბლის წარმოებაში) და თავის სოფლის მეურნეობის პროდუქციასხილს, ბოსტნეულს და ყურძენსაც კი, საქართველოს ბაზრებზეც ყიდის.

 ეკონომიკური საქმიანობის კოოპერაციული ფორმის აღმოცენება განპირობებული იყო ეკონომიკური და სოციალური პროგრესის ობიექტური მოთხოვნებით. კოოპერაციული უთიერთობების ინტენსიური განვითარება დაიწყო მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან და განპირობებული იყო განვითარებულ ფულად-სასაქონლო ურთიერთობების გზაზე მდგარი ჩამორჩენილი სასოფლო-სამეურნეო სისტემისა და სუსტი ეკონომიკური პოტენციალის მქონე  წვრილი და საშუალო გლეხური მეურნეობების სასაქონლო ბაზრებთან, განვითარებულ წარმოების საშუალებებთან და საკრედიტო რესურსებთან სტაბილური კავშირების დამყარების აუცილებლობით. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ისტორიის ხანგრძლივ პერიოდში დახვეწილი და სრულყოფილი, დემოკრატიულ მართვის პრინციპებზე და რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ორგანულად თავსებადია – ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული კოოპერაციული საწარმოო ურთიერთობები, მნიშვნელოვანი მდგენელია ევროკავშირის ქვეყნების ძლიერი ეკონომიკის და დემოკრატიული წესწყობილების.

აგრარულ მეურნეობათა კოოპერირება ობიექტური პროცესია. მას განაპირობებს საწარმოო ძალთა და წარმოებითი ურთიერთობების განუწყვეტელი სრულყოფის პროცესი, რომელიც მოითხოვს მიწაზე ოპტიმალური სიდიდის შესაბამისი ორგანიზაციული ფორმის მეურნეობრიობის ტიპს. კოოპერაციული პრინციპები არის სახელმძღვანელო მითითებები საქმიანობის წარმატებისთვის. ისინი ქმნიან ხიდს ფასეულობებსა და წევრების მატერიალურ ინტერესებს შორის, რაც აძლიერებს განვითარების პროცესს. ამ მოდელის უპირატესობა მდგომარეობს მხარაჭერის მეთოდების კომპლექსურ ხასიათში, რაც იძლევა საწარმოთა ფუნქციონირების ოპტიმალურთან მიახლოების ყველაზე კარგ საშუალებას.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გააჩნია რიგი მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ნიშანთვისებები, რაც ძირითადად მათ შიდასაწარმოო ურთიერთობებში ვლინდება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შიდასაწარმოო ურთიერთობების წესები წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის, როგორც ორგანიზაციული ფორმის ინდენტობის განმსაზღვრელ მთავარ კომპონენტს, რადგან სწორედ ამ წესების დანერგვით იქმნება ეკონომიკური გარემო, სადაც სოფლად სამეწარმეო საქმიანობის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს არა საპაიო ფონდში შეტანილი მატერიალური სახსრებით დივიდენდების მიღების პერსპექტივა, არამედ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში უშუალოდ ჩართული მოსახლეობის შრომის უკუგების მაღალი ხარისხი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ლოკალური ტერიტორიული გავრცელების ოპტიმალური ფორმის განსაზღვრაში, პრიორიტეტული მნიშვნელობა სათემო კოოპერატივებს ენიჭება. მათი ჩამოყალიბება მოხდება ადმინისტრაციული ერთეულების ფარგლებში, წარმოების სპეციალიზაციისა და საწარმოო ძალთა კონცენტრაციის ფაქტორების გათვალისწინებით. სათემო კოოპერატივები უზრუნველყოფენ კოოპერაციის პროცესში მოსახლეობის მასობრივ ჩართულობას, სადაც შესაძლებელი გახდება მასშტაბის ეფექტის გამოყენება და ადგილებზე მოსახლეობის შესაძლებლობების და მატერიალური რესურსების კაპიტალიზაცია, რაც შექმნის ინკლუზიური სამეწარმეო განვითარების მყარ საფუძველს. სოფლის მეურნეობის განვითარების დაბალი დონე მნიშვნელოვანწილად გახდა ქვეყანაში სიღარიბის განმაპირობებელი და მაღალი სოციალური პოლარიზაციის საფუძველი, რაც უპირველეს ყოვლისა, აისახება ჯინის (სოციალური უთანასწორობის) ინდექსში (0.40), რომელიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდანაც კი ყველაზე მაღალია რუსეთის შემდეგ. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე, ქვეყნის მთავრობების ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელიც სახელმწიფო მონოპოლიზმის საბჭოთა ბიუროკრატიულ-მმართველობითი სისტემა ჩაანაცვლა, არაფერი იღონა სოციალური უთანასწორობის შესამცირებლად, სრულ იგნორირებას უკეთებდა მას, არც კი განიხილავდა, როგორც ქვეყნის განვითარების შემაფერხებელ მნიშვნელოვან ფაქტორს და მოახდინა წარმოების საშუალებათა კონცენტრაცია მცირერიცხოვანი კონტიგენტის ხელში. აუცილებელია ეკონომიკური განვითარების თვისებრივად ახალი პოლიტიკის ჩამოყალიბება და  გარღვევა შექმნილი სიტუაციიდან, რისთვისაც უპირველეს ყოვლისა საჭიროა გამოვლინდეს სიღარბის წარმომქმნელი გარეგანი და შიდა ფაქტორები, შემუშავდეს მათი დაძლევის ფორმები და მექანიზმი.

ეკონომიკური განვითარება  პრინციპულად განსხვავებული და გაცილებით ფართო მცნებაა, ვიდრე ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური ზრდის მოდელისგან განსხვავებით, ეკონომიკური განვითარების მოდელი პრაქტიკულად წარმოადგენს სოციალურად ორიენტირებულ ეკონომიკურ მოდელს და განისაზღვრება არა მარტო მშპის დონით ერთ სულ მოსახლეზეარამედ აჩვენებს თუ რა გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდას უშუალოდ მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, როგორია ქვეყანაში ცხოვრების დონის ცვლილების დინამიკა.  გლობალური განვითარების საერთო ტენდენციებიდან გამომდინარე, აუცილებელი ხდება მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე კანონზომიერების დაკვირვება და მოქმედების სათანადო რეკომენდაციების შემუშავება. ამ მიზნისათვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული იქნა „ანგარიშთა ერთიანი სისტემა“, რომლის მეშვეობითაც ყველა ქვეყანა ამუშავებს ეროვნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებს და აქვეყნებს მათ. ქვეყანათა რეიტინგს საფუძვლად დაედო „ადამიანის განვითარების“ ინდექსი, რომელიც წარმოადგენს მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე, შეწონილს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობასა და მოსახლეობის განათლების დონესთან. მართალია, იგი ვერ ცვლის მთლიან შიდა პროდუქტს, რომელიც რჩება ეკონომიკური ზრდის მთავარი ინდიკატორი, მაგრამ ქმნის სრულ წარმოდგენებს მოსახლეობის ინკლუზიური განვითარების აქტივობებზე. საკითხი აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, სადაც მოსახლეობის უმეტესობა გაჭირვებაში ცხოვრობს, არამედ მაღალგანვითარებული ქვეყნებისთვისაც. განსხვავება იმაშია, რომ საქართველოში ღარიბები შიმშილობენ, ხოლო მაგ. აშშის ღარიბების საარსებო მინიმუმი თვეში 900 დოლარზე მეტია.

გასული საუკუნის 60-90-იან წლებში ეკონომიკური პოლიტიკა ახლოს იდგა „ვაშინგტონის კონსენსუსის“ სახელით ცნობილ პარადიგმასთან, რაც გულისხმობდა მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციას და მაშტაბური ინფარასტრუქტურული პროექტების განხორციელებით კერძო ინვესტიციების გააქტიურებას, რასაც შედეგად მოყვებოდა ეკონომიკური ზრდა, რაც საბოლოო ანგარიშით მიგვიყვანდა უთანასწორობის პრობლემის დაძლევამდე. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად სიღარიბე და უთანასწორობა არ მცირდებოდა. პირიქით,  ასეთი ვითარება ხელს უშლიდა გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას. 90-იან წლებში ამ ლოგიკამ, მისი შედეგებიდან გამომდინარე, დომინატის ფუნქცია დაკარგა და თანდათან გამოეთიშა მსოფლიო ბანკის ეკონომიკურ პოლიტიკას, სადაც დღეს უკვე დომინირებს  „ინკუზიური ზრდის“ პარადიგმა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა უდავოდ აუცილებელია სიღარიბის შესამცირებლად, მაგრამ იმისათვის რომ ზრდა იყოს მდგრადი და აისახოს მოსახლეობის სოციო-ეკონომიკურ განვითარებაზე, მან უნდა უზრუნველყოს სამუშაო ძალის ფართო ჩართულობა ეკონომიკურ პროცესებში და სოციალური უთანასწორობის შემცირება.

საბოლოოდ დადასტურდა, რომ უთანასწორობა საფრთხეს უქმნის ეკონომიკური ზრდის პროცესს, რამაც განაპირობა ინკლუზიური ზრდის პარადიგმის გააქტიურება. ინკლუზიური ზრდა მიზანშეწონილად მიიჩნევს ისეთ სოციალურ პოლიტიკას, რომლიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდაში მოსახლეობის ფართო ჩართულობას და ემიჯნება ე.წ. „კალდორ-ჰიკსის“ ლოგიკას, რომლის მიხედვით მთავარია ეკონომიკური ზრდა და შემდეგ ზრდის რედისტრიბუცია სოციალური უზრუნველყოფის გზით.

სოციალურ უზრუნველყოფაზე ორიენტირებული ბიუჯეტი ეფუძნება სიღარიბის დაძლევის პოლიტიკას საბიუჯეტო ხარჯების გადანაწილების გზით, რაც ვერანაირად ვერ გახდება ინკლუზიური ზრდის მეინსტრიმი. ინკლუზიური ზრდა კი პროდუქტიული დასაქმების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული და ამით უზრუნველყოფს ბიუჯეტის მდგრადობას სოციალური ხარჯების შემცირების გზით. ინკლუზიური ზრდის შეფასება მოითხოვს კომპლექსურ ინდიკატორთა კრებულს და მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია, რომელიც წარდგენილი იყო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე 2015 წელს, შეიძლება მიჩნეული იქნას ერთ-ერთ საუკეთესოდ ამ კუთხით. ინკლუზიური ზრდის მთავარი მიზანი პროდუქტიული დასაქმების ხელშეწყობა და ამის ხარჯზე ფართოდ დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის მიღწევაა. (ლ. არევაძე 2015 წ.)

ქმედითი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისთვის ფუნდანენტური მნიშვნელობა აქვს, რომ კატეგორიულად განისაზღვროს: არსებულ ეტაპზე სოფლის მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა წარმოადგენს განსაკუთრებული აქტუალობის პრობლემას, მთავარ გამოწვევას და სახელმწიფო პოლიტიკა უპირატესად უნდა ეყრდნობოდეს სწორედ ამ მოცემულობას. აუცილებელია ინკლუზიური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც ორიენტირებული იქნება რეგიონების მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, ანუ მცირემიწიანი და დაბალშემოსავლიანი, უშუალოდ პირველადი სასოფლოსამეურნეო პროდუქციის მწარმოებლების სამეწარმეო განვითარებაზე. ამისათვის განხორციელებულია შემდეგი ღონისძიებები:

  • შეფასებულია თანამედროვე კოოპერაციული სისტემების და ურთიერთობების განვითარების ტენდენციები, რისთვისაც შესწავლილი იქნა საერთაშორისო და ეროვნული განვითარების გამოცდილება, ამ პროცესში სახელმწიფოს მონაწილეობის მეთოდების ანალიზით;
  • შემუშავებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული სისტემის განვითარების მეთოდური ინსტრუმენტები, საკუთრებითი ფორმების ინტეგრირების საფუძველზე;
  • დასაბუთებულია კოოპერაციული სისტემის კონკურენტული უპირატესობა სხვა სამეწარმეო ფორმებთან მიმართებაში, სამეურნეო სუბიექტების რესურსების გამსხვილების და ვერტიკალურად ინტეგრირებული კოოპერაციული სისტემის ანალიზის საფუძველზე;
  • შემუშავებულია კოოპერაციული სისტემის ორგანიზაციულ-ეკონომიკური მექანიზმის რეგულირების მოდელი და ფინანსური მექანიზმის მართვის სტრუქტურა;
  • სისტემატიზირებულია სახელმწიფო ფინანსების მართვის პრობლემები და განხილულია საგადასახადო პოლიტიკის რაციონალიზაციის თავისებურებები.

 დავით  მამუკელაშვილი, ეკონომიკის დოქტორი,

(ნაწილი პირველი)