აგროტექნოლოგიებირუბრიკები

ჩაის თესლი

ჩაის მცენარე ყვავილობს და იძლევა ნაყოფს, რომელიც მომწიფებამდე მომწვანო ფერის გლუვი ზედაპირის მქონე 3 – 4 ბუდიან კოლოფს წარმოადგენს. ნაყოფის თითოეულ ბუდეში თითო ცალი თესლი არის მოთავსებული.

ჩაის თესლის დამწიფების ნიშნებია _ კოლოფის რუხი შეფერილობა, მისი გახსნა და თესლის ჩამოცვენა. თესლი მრგვალი ან ოვალური ფორმისაა და დაფარულია მკვრივი ყავისფერი გარსით. თესლის გარსი მსხვრევადია, რომლის ქვეშ თხელი მოყვითალო-თეთრი აპკია მოთავსებული. ჩაის თესლის დიამეტრი საშუალოდ 13-15 მმ-ს, ხოლო მასა _ 0,8-1,2 გ-ს შეადგენს. თესლიდან გულის გამოსავალი 70%-ის ფარგლებშია და პრაქტიკულად მთელი ცხიმზეთი მასში არის თავმოყრილი. დამზადების მომენტში ჩაის თესლში ტენის შემცველობა 45-50%-ს შეადგენს.

ცხიმზეთის მისაღებად გამიზნული ჩაის თესლი ხასიათდება შემდეგი ქიმიური შედგენილობით: წყალი _ 15-20%, ლიპიდები _ 18-20%, საპონინები _ 9-10%, ნახშირწყლები _ 56%, მათ შორის, სახამებელი _ 32%, ცილოვანი ნივთიერებები _ 8,5%, მინერალური ნივთიერებები _ 3%.

ჩაის თესლიდან ზეთის მიღება შესაძლებელია დაწნეხით და ექსტრაქციით. გამოყოფილი ზეთი მოყვითალო-ჩალისფერიდან მუქში გადამავალი ფერისაა, დამახასიათებელი სუნით. ზეთი ხასიათდება შემდეგი ფიზიკური და ქიმიური მაჩვენებლებით: ხვედრითი წონა _ 0,903 – 0,927, მჟავიანობის რიცხვი _ 0,3-4,0%, გასაპვნის რიცხვი _ 188-197, იოდის რიცხვი _ 78-93.

ჩაის თესლის ცხიმზეთი არაშრობადი ზეთების კატეგორიას მიეკუთვნება და ძირითადად ტექნიკური მიზნებისათვის გამოიყენება, როგორც საცხი საშუალება, ასევე ზოგიერთი სახის სარეცხი საშუალების და ფარმაცევტული პრეპარატების დასამზადებლად. საპონინების მაღალი შემცველობის გამო ჩაის თესლის ზეთი საკვებად არ გამოიყენება. 

საპონინები გლიკოზიდებია სტერო-იდული ბუნების აგლიკონით – საპოგენინით. საპონინები ამორფული, წყალში კარგად ხსნადი, ძლიერი აქაფების უნარის მქონე, ზედაპირულად აქტიური, შხამიანი ნივთიერებაა. იგი არ შეიცავს აზოტს. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს მოწამვლას. გამოიყენება მედიცინაში, ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებების წარმოებაში.

თემურ რევიშვილი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი,

თამაზ მიქაძე, ტექნოლოგიების დოქტორი