სათბურის მცენარეთა ფუტკრისმიერი დამტვერვა
სათბურში არსებული მცენარეებისაგან მიღებული მტვერი და ნექტარი აშკარად არასაკმარისია ფუტკრისათვის, ამიტომ ყოველ 1 სასათბურე ოჯახზე იყოლიეთ 1 დამხმარე (გარეთ მყოფი) ფუტკრის ოჯახი, საიდანაც სასათბურე ოჯახს გადაედგმება ფიჭები ჭეოთი და ნახშირწყლოვანი საკვებით. კვალსათბურში მცენარეთა ჯვარედინი დამტვერვისათვის, ყოველ 1000 ჩარჩოზე გაითვალისწინეთ 1 ოჯახი, რომელსაც მიიტანთ უშუალოდ კვალსათბურთან; ფრენის გასააქტიურებლად შესასვლელთან (აწეული ჩარჩოები) დადგით საკვებური შაქრის სიროფით.
ყოველ 100 მ2 სასათბურე ფართობზე უნდა გაითვალისწინოთ ფუტკრის 1 ძლიერი ოჯახი:
სათბურში არსებულ მცენარეთა დასამტვერად, დაბალი ტემპერატურის დროს, ფუტკარი უნდა შეიყვანოთ სათბურში და განალაგოთ შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს, სადაც დილით განათება ყველაზე ინტენსიურია;
ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, ფუტკარი უნდა განლაგდეს სასათბურე კედლის გარეთა მხარეს, იმ ანგარიშით, რომ ფუტკარი საფრენიდან მხოლოდ სათბურში ხვდებოდეს (გვირაბის გაკეთებით), ხოლო სათბურის სახურავში გაკეთდეს ვიწრო ფანჯარა ფუტკრის საფრენად (სათბურიდან).
სასათბურე ოჯახის საკვები მარაგი პერიოდულად უნდა შეივსოს დამხმარე ოჯახიდან, რათა ნახშირწყლოვანი საკვები იყოს 8-10-კგ-ის ფარგლებში. ჭეოს დეფიციტის შესავსებად, დამხმარე ოჯახიდან ეძლევა ჭეოიანი ფიჭები ან კანდი, რომელიც შეიცავს ყვავილის მტვერს 20-25%-ის ოდენობით, ან ყვავილის მტვერს, რომლებიც მზადდება შემდეგი რეცეპტურით (ყოველ 100 კგ საკვებზე):
ინვერსიული სიროფი – 30 კგ;
ცხიმგაცლილი სოიის ფქვილი – 9კგ;
ინაქტივირებული საფუარი – 3 კგ;
მოხდილი რძის ფხვნილი – 3 კგ;
შაქრის ფქვილი – 55 კგ.
აღნიშნული ნარევი მოიზილება, მომზადდება 1 კგ-იანი გუნდები, რომელსაც გაახვევენ პოლიეთილენის აპკში და საკვები მიეცემა სასათბურე ოჯახს ჩარჩოს ზედა თამასებზე გარდიგარდმო დადებით.
შხამქიმიკატები, რომელთაც სათბურში იყენებენ მავნებლებისგან მცენარეთა დასაცავად, ფუტკრის დაცვის მიზნით გამოიყენება სათბურში მხოლოდ დღის I I ნახევარში, როცა სათბურში ფუტკრის ფრენა თითქმის შეწყვეტილია.
_ სასათბურე კულტურებზე ფუტკრის ფრენის გასააქტიურებლად გამოიყენება არომატიზებული შაქრის სიროფი, რომელსაც ამზადებენ: შაქარი+წყალი 1:1-ზე მასური შეფარდებით, ცხელ სიროფს ამატებენ სასათბურე მცენარის ყვავილებს, დილით ადრე, ფუტკრის ფრენის დაწყებამდე გადაწურული სიროფი მიეცემა სასათბურე ფუტკრის ოჯახს 100-150 გ-ის ოდენობით.
გიორგი მაძღარაშვილი
„მეუტკრეობა“