აგროსიახლეები

ერ-რიადში გამართულ საერთაშორისო აგრარულ გამოფენაში საქართველო პირველად მონაწილეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოსა და საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს  ორგანიზებით,  საქართველო ქალაქ ერ-რიადში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში Saudi Agriculture International Trade Exhibition   (https://saudi-agriculture.com) პირველად მონაწილეობს.

მასშტაბური გამოფენის გახსნას საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩი  ვახტანგ ჯაოშვილი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საუდის არაბეთი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა 36 მილიონიანი მოსახლეობით. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, საუდის არაბეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე. დღეისათვის, ადგილობრივ სავაჭრო ქსელში, უკვე წარმოდგენილია ქართული  პროდუქცია, თუმცა ვფიქრობ, რომ მსგავს მასშტაბურ გამოფენაში ქართული  კომპანიების მონაწილეობა, არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და ექსპორტის ზრდას არა მარტო საუდის არაბეთში, არამედ მთლიანად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში“, _ აღნიშნა ვახტანგ ჯაოშვილმა.

საქართველოს სტენდზე, საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ ჯაოშვილმა  საუდის არაბეთის სამეფოს გარემოს დაცვის, წყლისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, აბდულრაჰმან ალფადლის უმასპინძლა და ქართული პროდუქცია გააცნო.

გამოფენის  Saudi Agriculture International Trade Exhibition სტუმრებს, საშუალება აქვთ  საქართველოს სტენდზე გაეცნონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი 10 ქართული კომპანიის – შპს „nuts.ge“, კოოპერატივი „რაჭის ნატურალური პროდუქტები“, შპს „ჯორჯიას ნეიჩერალს“, შპს „როიალ ბერი“, შპს „წყალი მარგებელი“, შპს „დომეინ სვანიძე“, შპს „ჰერბია“, შპს „ხონის პლანტაციები“, შპს „კულა“, შპს „აგროქიზიყი“ პროდუქციას. სტენდზე წარმოდგენილია ქართული კაკალი, თხილი, თაფლი, მოცვი, ჟოლო, ტყემალი, საწებელი,  წყალი, მინერალური წყალი, ხილის ნატურალური წვენი, სუნელი, ცხვრის ხორცი და ზეითუნის ზეთი.

კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ორგანიზება და მხარდაჭერა, ქართველი მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანი დახმარებაა და ხელს უწყობს როგორც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას, ასევე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას.

Saudi Agriculture International Trade Exhibition  საუდის არაბეთის უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც საუდის არაბეთის სამეფოს გარემოს დაცვის, წყლისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით ხორციელდება. მიმდინარე წელს, გამოფენაში  40-მდე ქვეყანა და  400-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია  მონაწილეობს. ყოველწლიურად, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 25 000-ს აღწევს. გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში არსებულ სიახლეებს  –  წამყვანი კომპანიების  მიერ დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და წარმოებულ ტექნიკას. გამოფენა წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას მეწარმეებისთვის, დაამყარონ საქმიანი კონტაქტები, გააფართოონ ბიზნესი და ხელი შეუწყონ აგროსასურსათო სექტორის   განვითარებას.

Saudi Agriculture International Trade Exhibition მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს გაიხსნა და დღეს, 20 ოქტომბერს დასრულდება.