წვნიანი საკვების მნიშვნელობა მეცხოველეობაში
სენაჟი და მისი მნიშვნელობა მეცხოველეობის საჭირო რაოდენობის, მაღალი კვებითი ღირებულების საკვებით მომარაგება შეიძლება, საკვების დამზადების ისეთი სრულყოფილი მეთოდებით შეცვლის, რომლებიც უზრუნველყოფენ დამზადებისას საკვების საყუათო ნივთიერებების დანაკარგების მნიშვნელოვნად შემცირებას, აგრეთვე ცხოველის კვების მრავალკომპონენტიანი რაციონის მონოსაკვებით ჩანაცვლებას.
ამ მოთხოვნებს პასუხობს სენაჟი, რომელიც არის ვეგეტაციის ადრეულ ფაზაში მოთიბული, მინდორში 45…55% ტენიანობამდე შემჭკნარი და 350.. 400კგ/მ3 სიმკვრივემდე დაწნეხილი ბალახებისაგან ანაერობულ პირობებში დაკონსერვეული საკვები.
საკვების კლასიფიკაციის მიხედვით სენაჟი, როგორც 40% – ზე მეტი ტენიანობის პროდუქტი წვნიანი საკვებია, მაგრამ რადგანაც იგი მზადდება იმავე ნედლეულისაგან, რითაც თივა და ცხოველის კვების რაციონშიც მას ცვლის, მეცხოველეობაში დამკვიდრდა, როგორც უხეში საკვები. სენაჟის დამზადება დაიწყეს გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, აშშ-სა და კანადაში, ხოლო შემდეგ გავრცელდა ევროპის ქვეყნებში.
საქართველოში სენაჟის დამზადება დაიწყო 1965 წლიდან, მაგრამ სენაჟის დამზადების ტრადიციული ტექნოლოგიის სირთულეებისა და ჩვენი აზრით, საქართველოს მეცხოველეობასა და საკვებ ბაზასთან შეუსაბამობის მიზეზით რამდენიმე წელიწადში შეწყდა.
შეფუთულლი სენაჟის დამზადების ახალი ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ, სენაჟის დამზადების ტემპი მთელ მსოფლიოში იზრდება, ამჟამად შეფუთული სენაჟი, დამზადებული მოცულობითი საკვების მთლიანი რაოდენობის ნახევარზე მეტია.
სენაჟის გამოყენება მსხვილფეხა ცხოველისა და ცხვრის კვებაში იძლევა, საკვების დამზადების პრინციპულად ახალი ტექნოლოგიის დანერგვის საშუალებას.
სენაჟი კვებითი ღირებულებით, თითქმის არ განსხვავდება მწვანე ბალახისაგან. საყუათო ნივთიერებების დანაკარგები თივის დამზადებისა და შენახვისას შეადგენს 35…50% -ს, ბალახიდან სილოსის დამზადებისას – 25…30%-ს, ხოლო სენაჟის დამზადებისას – 10…12%-ს. პარკოსანი ბალახებისაგან დამზადებული 1 კგ სენაჟი შეიცავს 0,4 საკვებ ერთეულს, 55 გრ პროტეინს და 40 მგრ კაროტინს.
სენაჟი მზადდება უფრო სრულყოფილლი მეთოდებით ვიდრე თივა, რაც საშუალებას იძლევა ერთი ჰა სათიბიდან მივიღოთ 1000…1500 საკვები ერთეულით მეტი, ვიდრე თივის 7 დამზადებისას და 300…400 საკვები ერთეულით მეტი სილოსთან შედარებით. სენაჟის თვითღირებულება მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე სილოსისა და თივის.
სენაჟს თავისი თვისებებით შუალედური მდგომარეობა უკავია თივასა და სილოსს შორის. თუ თივა მზადდება ბალახის 18…20% ტენიანობამდე გაშრობით, სასილოსე მასის ტენიანობა 65% -ზე მეტია, ხოლო სენაჟისათვის გამოიყენება მინდორში მოთიბული და 45…55% ტენიანობამდე შემჭკნარი ბალახი, ან ბალახების ნარევი.
გერმანელი მეცნიერების მონაცემებით 1 ტ. ბალახის, ფურის საკვებად მწვანე მასის სახით გამოყენებისას მიიღება 333 კგ. რძე, სენაჟით კვებისას 262 კგ, სილოსით კვებისას – 224 კგ, ხელოვნურად (აქტიური ვენტილაციის გამოყენებით) გამშრალი თივით _190 კგ, ხოლო ბუნებრივად გამშრალი თივით – 80 კგ. რძე.
მეცხოველეობის ფერმებისათვის მოცულობითი საკვების დამზადების ხარისხისა და მნიშვნელობისადმი მიძღვნილი ლიტერატურის ანალიზი საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ დასკვნა, რომ სენაჟის დამზადება წარმოადგენს ბალახოვანი საკვების დამზადების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ხერხს. სენაჟის საყუათო ნივთიერებებს მცოხნავი ცხოველი უფრო იოლად ითვისებს, ვიდრე თივისა და სილოსის საყუათო ნივთიერებებს. ასე მაგალითად: სამყურასაგან დამზადებულ სენაჟიდან ცხოველი ითვისებს საყუათო ნივთიერებების 60,8 % -ს, ხოლო იმავე ნედლეულიდან დამზადებული სილოსისა და თივიდან სათანადოდ – 56,4 და 56,9%, ასეთივე მდგომარეობაა უჯრედანას შემთხვევაში.
14…18ლ წველადობის ფურების რაციონში, სენაჟით შეიძლება თივისა და სილოსის მთლიანად, ხოლო ძირნაყოფების (ჭარხალი) ნაწილობრივ შეცვლა, მიღებული რძის ხარისხისა და რაოდენობის შემცირების გარეშე. მსხვილფეხა პირუტყვის 9…11 თვის ასაკის მოზარდებში 10 კგ სენაჟისა და 1,1 კგ კონცენტრატით შედგენილი რაციონით, ცოცხალი მასის საშუალო სადღეღამისო მატება 850….880 გრამია.
ძირნაყოფების, სილოსისა და თივის სენაჟით შეცვლით, 1 ცენტნერი რძის წარმოებაზე დახარჯული საკვების ღირებულება მცირდება 28%-ით.
სენაჟი მეცხოველეობის საკვები ბაზის განმტკიცებისათვის პერსპექტიულია, განსაკუთრებით, საკვები კულტურების შეზღუდული რესურსების მქონე მეურნეობებისათვის.
ჯემალ კაციტაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი;
ირაკლი კვირკველია, ტექნიკის აკადემიური დოქტორი