რუბრიკებისტატიები

სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები, სასურსათო უზრუნველყოფა

 თანამედროვე მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოება აღიარებულია. როგორც ადამიანის სიცოცხლისათვის აუცილებელი საკვებ პროდუქტებთან ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა და მათი საკმარისი რაოდენობით წარმოება. ფიზიკური ხელმისაწვდომობა განიხილება, როგორც საკმარისი რაოდენობისა და ხარისხის პროდუქტების არსებობა. ეკონომიკური ხელმისაწვდომობა გულისხმობს იმას, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს იმდენი შემოსავალი, რომ შეძლოს მინიმალურად მაინც დაიკმაყოფილოს სურსათზე მოთხოვნილება.
 საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური გარდაქმნების ნეგატიური შედეგები უშუალოდ აისახა სასურსათო უსაფრთხოებაზე. სასოფლო-სამეურნეო წარმოების მოცულობის მკვეთრად შემცირებით კვების პროდუქტების წარმოების დონეც დაეცა.

1990 წელთან შედარებით 2019 წელს მარცვლის წარმოება შემცირდა – 1,7 ჯერ, მათ შორის ხორბლის წარმოება – 2,6-ჯერ, სიმინდის – 1,3-ჯერ, კარტოფილის – 4,5-ჯერ, ბოსტნეულის – 2,8-ჯერ, ხორცის – 2,5-ჯერ, რძის – 1,2-ჯერ, კვერცხის – 1,2-ჯერ. დაბალია მოსავლიანობა, კერძოდ ხორბლის – 23 ., სიმინდის – 2 ., კარტოფილის – 123 , ბოსტნეულის – 88 . დაბალია მეცხოველეობის პროდუქტიულობაც, კერძოდ ერთ ფურზე იგი შეადგენს – 1543 კგ, ერთ კვერცხმდებელ ქათამზე – 140 ცალ კვერცხს.

სურსათის მოხმარების დონის მიხედვით დაფიქსირდა თავისებურება: წარმოების მკვეთრად შემცირების მიუხედავად მოსახლეობის ერთ სულზე გაიზარდა მოხმარების მაჩვენებელი. მაგალითად, ხორცის მოხმარება 1990 წელს შეადგენდა 36,5 კგ-ს, 2019 წელს – 40 კგ-ს. მაშინ, როცა მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული იყო 1990 წელს 31,2 კგ, 79 ხოლო 2019 წელს 19,5 კგ. სხვაობა პირველ შემთხვევაში 5,2 კგ, მეორე შემთხვევაში 20,5 კგ. დაიფარა იმპორტით. აღსანიშნავია, რომ 1990 წელს მოსახლეობა შეადგენდა 5 მილიონ 456 ათას კაცს, 2019 წელს 1 მილიონ 739 ათასით ნაკლებს.

ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოება მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული, ეს დასტურდება შემდეგი მონაცემებითაც. 2016-2019 წლებში საშუალო წლიურად ქვეყანაში იმპორტით შემოტანილ იქნა 596,25 ათასი ტონა ხორბალი, ადგილზე წარმოებული იყო 108 ათასი ტონა. შესაბამისად, ხორცი 85,3 ათასი და 69,5 ათასი ტონა, ბოსტნეული 98 ათასი და 142 ათასი ტონა, რძე და რძის პროდუქტები 130 ათასი და 546 ათასი ტონა.

ნიშანდობლივია, რომ შემოგვაქვს ისეთი პროდუქტი, რომლის წარმოების ხელსაყრელი პირობები და ტრადიციებიც ადგილზე გაგვაჩნია. მაგალითად, 2019 წელს ქვეყანაში შემოტანილია 44,6 მლნ დოლარის მცენარეული ზეთი, 58,3 მლნ დოლარის შაქარი, 78,2 მლნ დოლარის ხილი, 9 მლნ დოლარის ჩაი, 36 მლნ დოლარის თევზი და თევზეული, 78 მლნ დოლარის ფრინველის ხორცი. სასურსათო უსაფრთხოების მაღალ რისკებზე მიუთითებს ქვეყნის აგრარულ ბაზარზე სასურსათო პროდუქტების მაღალი ხვედრითი წილიც (70-75%).

ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის ჩამოყალიბებული იმპორტით შემოტანილი ტენდენციები გვიჩვენებს, რომ პრობლემა კომპლექსურია და სისტემური მიდგომებით გადაწყვეტას მოითხოვს. მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის ფუნქცია სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკური სუბიექტის ექსკლუზიური ფუნქციაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის მიწის ფონდის 85%-მეტი ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია, გასაგები გახდება სასურსათო უზრუნველყოფაში სახელმწიფოს როლის მზარდი ხასიათი.

სასურსათო უსაფრთხოების რისკების შემცირებისათვის და ამ მიმართულებით სტაბილური მდგომარეობის შესაქმნელად საგანგებო ღონისძიებათა განხორციელება იქნება საჭირო, კერძოდ:

– აუცილებელია 10 დასახელების ძირითადი სასურსათო პროდუქციის მიხედვით, რომლებითაც განისაზღვრება სასურსათო უსაფრთხოების დონე, გაანალიზდეს არსებული მდგომარეობა, რეზერვები, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივა, რეგიონების რესურსული პოტენციალი, საბაზრო კონიუნქტურა და განისაზღვროს 2030 წლამდე პერიოდისთვის მათი წარმოების შესაძლებლობები.

ღონისძიებებში გათვალისწინებული უნდა იყოს არა მხოლოდ მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენება, არამედ მასთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებისა და შრომის ორგანიზაციის მაღალი დონე.

წყარო: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

(წლიური ანგარიში/2021)