ფუტკრის ოჯახის მოწამვლა
მეთაფლე ფუტკრის ტოქსიკოლოგია მეცნიერების დამოუკიდებელი განხრაა და სხვადასხვა წარმოშობის ნაერთებით ფუტკრის ოჯახის მოწამვლის შემთხვევებს შეისწავლის.
სოფლის მეურნეობაში, მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლის გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, მოღალე ფუტკრებს, რიგ შემთხვევებში, პესტიციდებით დაბინძურებულ გარემოში უწევთ ნექტრის, ყვავილის მტვრის, წყლისა და დინდგელის შეგროვება.
ფუტკრის ინტოქსიკაცია შესაძლოა აგრეთვე უკავშირდებოდეს ფუტკრის ოჯახებში ვეტერინარული პრეპარატების გამოყენებას.
ფუტკრის ოჯახის ინტოქსიკაცია ყველა შემთხვევაში განსხვავებულად მიმდინარეობს, თუმცა, პირობითად, შესაძლოა მოწამვლის მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობის აღწერა.
მწვავე ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნებია: ამა თუ იმ ასაკის ფუტკრების დიდი ნაწილის ერთდროულად დაღუპვა, ცოცხალ ფუტკრებში კი მოწამვლის ერთ-ერთი ან რამდენიმე სიმპტომის გამოვლენა: მომატებული აღგზნებადობა, ჰიპერაქტიურობა, ჰიპოაქტიურობა, სხეულის ინტენსიური თვითწმენდა (გრუმინგი), განმეორებითი მოძრაობის სახით ხორთუმის გამოყოფა პირის აპარატიდან, არანორმალური რეგურგიტაცია, დეზორიენტაცია, ფრენის უნარის მოშლა, ცახცახი, ნიადაგზე ან სკის ფსკერზე რკალისებურ პოზაში მყოფი ფუტკრების წრიული მოძრაობა.
ქრონიკული მოწამვლა, როგორც წესი, რაიმე თვალსაჩინო კლინიკური ნიშნით არ გამოირჩევა, თუმცა მისი გავლენით ფუტკრის ოჯახი შესაძლოა თანდათან დასუსტდეს და სხვა სტრესფაქტორების მიმართ გახადეს მოწყვლადი.
სოფლის მეურნეობაში პესტიციდების მრავალფეროვანი არსენალი (ინსექტიციდი, აკარიციდი, ჰერბიციდი, ფუნგიციდი) გამოიყენება, ისინი, როგორც წესი, სხვადასხვა ტიპის ფარმაკოლოგიურ ჯგუფებს განეკუთვნებიან და ფუტკარზე ტოქსიკური მოქმედების განსხვავებული მექანიზმითაც ხასიათდება.
ფუტკრის ოჯახზე პესტიციდების სუბლეტალური დოზებით მოქმედებისას მოწამვლის დამაზიანებელი ეფექტი შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სახით:
- ფუტკრის ბარტყის განვითარების შეფერხება-გახანგრძლივება, მომატებული სიკვდილიანობა. მეტამორფოზის შემდგომი სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება და დისფუნქციურობა ფუტკრის სხეულში შხამის გავლენით მომხდარი ფიზიოლოგიური ცვლილებების გამო;
- ზრდასრულ ფუტკრებში კოგნიტური უნარებისა და სენსო145 რული მგრძნობელობის მოშლა;
- ძიძა ფუტკრებში საკვებწარმომქმნელი ჯირკვლების და146,147 ზიანება;
- იმუნური სისტემის დათრგუნვა და პათოგენების მიმართ 148 გაზრდილი მოწყვლადობა .
ზოგიერთი პესტიციდი არა პირდაპირ ფუტკრის ორგანიზმს, არამედ ფუტკრის ოჯახში ბინადარ სიმბიონტ მიკროორგანიზმებს თრგუნავს და მოწამვლით გამოწვეული დისბიოზით ვნებს მწერის ჯანმრთელობას.
ფუტკრის ოჯახი რთულ ბიოლოგიურ სტრუქტურას წარმოადგენს, წლის სხვადასხვა დროს განსხვავებულ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და შესაბამისად, ტოქსინების მიმართ განსხვავებულ მგრძნობელობასაც ავლენს.
როგორც აღინიშნა, მოწამვლის ყოველი შემთხვევა უნიკალურია და მრავალი ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს მის სიმწვავეს, მიმდინარეობასა და გამოსავალს.
პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ხშირია რამდენიმე ტოქსინის ერთდროულად მოხვედრა ფუტკრის ოჯახში და მათი სინერგიული, ანტაგონისტური ან ნეიტრალური ეფექტის გამოვლენა . მაგალითად, შესწავლილია სინერგიული მოქმედება ტაუფლუვალინატისა და კუმაფოსის ტაუფლუვალინატისა და ბიფენტრინის და სხვა პესტიციდების ერთდროული მოქმედებისას, როდესაც ერთი ტოქსინის გავლენით მეორის ტოქსიკურობა რამდენიმეჯერ მატულობს.
მოწამვლაზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია საველე პირობებში ფუტკრის ოჯახების დათვალიერებით, თუმცა ამ დროს უნდა მოხდეს დიაგნოსტიკის სისტემური მიდგომის გამოყენება და საფუტკრე მეურნეობის მრავალმხრივი შეფასება, რათა გამოირიცხოს ოჯახების დაავადების, დასუსტებისა და დაღუპვის სხვა მიზეზები.
ასევე რთული საკითხია ფუტკრის ოჯახების მოწამვლის შემთხვევების ლაბორატორიული მეთოდებით დადასტურება.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: რა მდგომარეობაში და რამდენად სწრაფად მიაღწევს მოწამლული ფუტკრის ნიმუში ლაბორატორიამდე. მაგალითად, ნეონიკოტინოიდ იმიდაკლოპრიდით ფუტკრის მოწამვლისას შესაძლოა ტოქსინის დაშლა დააჩქაროს მკვდარი ფუტკრების დღის სინათლეზე დაყოვნებამ. რიგ შემთხვევებში, ფუტკარი ერთი შეხედვით მკვდარია, თუმცა მის სხეულში ჯერ კიდევ მიმდინარეობს იმიდაკლოპრიდის დეტოქსიფიკაცია, შესაძლოა მუშა ფუტკარი გამოცოცხლდეს კიდეც და შემდგომში გაძნელდეს მასში ამ ტოქსინის დეტექცია . ამიტომ მნიშვნელოვანია მოწამლული ფუტკრის ოჯახიდან აღებული ზრდასრული ფუტკრის ან/და ბუდიდან აღებული საკვები მარაგი გაყინულ მდგომარეობაში რაც შეიძლება სწრაფად გაიგზავნოს შესაბამის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად.
ასევე გასათვალისწინებელია, რა ტოქსინია ნიმუშში წარმოდგენილი და რა რაოდენობით. ზოგჯერ ნიმუშში ტოქსინის აღმოჩენის შესაძლებლობის რაოდენობრივი ზღვარი ბევრად აჭარბებს მის მწვავე ტოქსიკურ კონცენტრაციას. სხვა სიტყვებით – ფუტკარი მოწამლულია ისეთი დოზით, რომლის დადგენაც ლაბორატორიული მეთოდით შეუძლებელია.
როგორ უნდა მოხდეს ფუტკრის პესტიციდებით მოწამვლის თავიდან არიდება ან მოწამვლის ეფექტის შერბილება?
- მეფუტკრე ფუტკრის ოჯახებს სხვა დაავადებებზე (ვაროოზი, აკაროზი) გააზრებულად, წესების დაცვით უნდა მკურნალობდეს და ფუტკრის მოვლის ტექნოლოგიის ოპტიმალური დაგეგმვით მაქსიმალურად უნდა ამცირებდეს სინთეზური აკარიციდების გამოყენების საჭიროებას. ამით გარემოდან ოჯახში შემოტანილი სხვა პესტიციდის ტოქსიკურობის გაძლიერება (სინერგიული ეფექტი) იქნება თავიდან არიდებული.
- სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან საფუტკრეების ახლოს განთავსებისას, მეფუტკრემ მჭიდრო კავშირი უნდა იქონიოს მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელ ფერმერებთან და სხვა პირებთან, რათა ორივე მხარე მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს ფუტკრის მოწამვლის შესაძლო საფრთხის შესახებ და ცვლიდეს ერთმანეთში ინფორმაციას.
- მეურნეობაში მუდმივად უნდა იყოს დაცული მეფუტკრეობის სანიმუშო პრაქტიკა. ვენტილირებად სკებში განთავსებული ფუტკრის ძლიერი და საკვებით უზრუნველყოფილი ოჯახები მოწამვლის საფრთხის შემთხვევაში იოლად გადაიტანენ გარემოსგან დროებით იზოლირებას და სხვა ადგილზე გადაყვანასაც.
- ოჯახის მწვავე მოწამვლის შემთხვევაში, რეკომენდებულია ფუტკრის ბუდიდან პესტიციდებით დაბინძურებული საკვები მარაგიანი ჩარჩოების ამოტანა და განადგურება, ხოლო მათ ნაცვლად ახალი ასაშენებელი ფიჭის ან მარაგის სახით არსებული აშენებული ფიჭების მიცემა, საჭიროებისას კი ოჯახისთვის შაქრის წყალხსნარის მიწოდება.
წყარო : მეთაფლე ფუტკრის დაავადებების მართვა და უვნებელი თაფლის წარმოება