დარგებიმეფუტკრეობა

სკების გაუვნებლობა

სკების დეზინფექცია უპირობოდ და დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს:
– სხვა საფუტკრე მეურნეობაში გამოყენებული სკების ახალ საფუტკრეში შეტანისას;
– დაავადებული ოჯახის სკიდან ამოყვანისთანავე ან დაავადებული ოჯახის ნასახლარი სკების ხელმეორე გამოყენებამდე.

რეკომენდებულია ასევე სკების პერიოდული გაუვნებლება (მაგ.: 5-7 წელიწადში ერთხელ) მიუხედავად იმისა, რომ მათში არ სახლობდნენ დაავადებული ოჯახები. შესაძლოა, რომ ამა თუ იმ პათოგენის რაოდენობა ოჯახში თანდათან მატულოდეს და დაავადება ფარული ფორმით მიმდინარეობდეს.

სკების დეზინფიცირებამდე უნდა მოხდეს სკის დასუფთავება კედლის ზედაპირზე მინაშენი ცვილის, დინდგელისა და ნაპრალებში არსებული სკის ნარჩენებისა და დინდგელის საგულდაგულოდ აფხეკით. გულისყურით დასუფთავებას საჭიროებს სკის განსაკუთრებულად დაბინძურებული ნაწილი – ფსკერი (ძირი), კერძოდ, მასში არსებული ნაპრალები და საფრენი, რომლებიც ამოვსებულია დინდგელით, ცვილითა და სხვა ნარჩენებით.

მეფუტკრე სკების გაუვნებლების მეთოდს გაუვნებლების მიზეზიდან გამომდინარე ირჩევს. ამერიკული სიდამპლის სპორებით დაბინძურებული სკების დეზინფექცია განსაკუთრებული სიფრთხილისა და სიზუსტის დაცვით უნდა მოხდეს ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი მეთოდით:

  • ხის სკის კედლის შიდა ზედაპირების ცეცხლის ალით გამოწვა გამუქებამდე (ბურბუშელა, სარჩილავი ლამფა, ე.წ. ფარსუნკა);
  • ხის სკის 160°C ტემპერატურის გამდნარ პარაფინში 10 წუთით ჩაძირვა;
  • როგორც ხის, ისე სინთეზური მასალისგან (პლასტმასა, პოლისტიროლი და სხვა) დამზადებული სკის შემთხვევაში, 0.5%-იანი ნატრიუმის ჰიპოქლორიტის ხსნარით სკის კედლების დანამვა/გაპოხვა. 20-წუთის შემდეგ ზედაპირი უნდა ჩამოირეცხოს წყლით.

ჩარჩოებისა და სკის სხვა პატარა ხის დეტალების გაუვნებლება ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებით უნდა მოხდეს, თუკი დეზინფექცია ამერიკული სიდამპლის გამო ტარდება.

სხვა შემთხვევებში შესაძლოა არანაკლებ 110°C ტემპერატურის წყლის ორთქლის რამდენიმე წუთის განმავლობაში გამოყენებაც საკმარისი აღმოჩნდეს. ასევე მისაღებია საყოფაცხოვრებო სოდის წყალხსნარის გამოყენებაც, რომლის მოსამზადებლადაც სოდას წყალში ხსნიან 1×5 შეფარდებით. ხსნარი უნდა გაცხელდეს დუღილამდე და მოხდეს მასში ჩარჩოების ჩაძირვა, სულ მცირე, 2 წუთით. ამგვარად დამუშავებული ჩარჩოებიდან სოდის ნარჩენი უნდა ჩამოირეცხოს სუფთა წყლის ჭავლით.

წყარო  : მეთაფლე ფუტკრის დაავადებების მართვა  და უვნებელი თაფლის წარმოება