აგრარული განათლებადარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის ოჯახის ბუდის სტრუქტურა _ რა როლს ასრულებს ფიჭა

ფუტკრის ოჯახი, როგორც წესი, საცხოვრებლად ირჩევს ატმოსფერული ნალექებისგან, ქარისგან დაცულ სივრცეს: ფუღუროს, ნაპრალს კლდეში, კონსტრუქციულ ღრუს სახლის სხვენზე და ..
დაცულ გარემოში ახლადშესახლებული ფუტკრის ოჯახი სწრაფადვე იწყებს ახალი ბუდის მშენებლობას.

ფუტკრის ბუდე საცხოვრებლის ჭერიდან ვერტიკალურად ჩამოშენებული, ერთმანეთის მიმართ პარალელურად განლაგებული ფიჭებისგან შედგება, რომლებსაც მშენებელი მუშა ფუტკრების კასტა საკუთარი საცვილე ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ცვილით აშენებს.

292614112

ფიჭა ფუტკრის ოჯახში უნივერსალური სათავსოა, მის უჯრებში დედა ფუტკარი დებს კვერცხს და მასშივე მიმდინარეობს მწერის მეტამორფოზი. ფიჭის უჯრებშივე ხდება ნექტრის განთავსება და მისი გარდაქმნა (დამწიფება) თაფლად, ასევე ყვავილის მტვრის მარაგის ჭეოს სახით დასაწყობება-შენახვა. ფუტკრის ოჯახის ზრდასრული წევრებიც ფიჭის ზედაპირზე ატარებენ თავიანთი ცხოვრების უმეტეს ნაწილს.

საინტერესოა იმის ცოდნა, რომ ფიჭის უჯრა მისი მშენებლობისას, თავდაპირველად, ცილინდრულია (მრგვალია) და მხოლოდ მოგვიანებით იღებს ექვსკუთხა პრიზმის ფორმას, კონსტრუქციის ტემპერატურის ცვლილებისას წარმოქმნილი დაჭიმულობის ძალებით.

ღია მოყვითალო ან მოთეთრო ფერის ახლადჩამოშენებული ფიჭა მყიფეა და ტემპერატურის 45°C-მდე მატებისას ჩაღვენთვას იწყებს. ბუდის მშენებლობის კვალდაკვალ ფიჭის უჯრების ნაწილში ფუტკრის ბარტყი იწყებს განვითარებას, დაჭუპრებისას ფუტკარი უჯრაშივე იქსოვს აბრეშუმის ძაფის მსგავსი მასალისგან პერანგს, რომელიც ფუტკრის უჯრიდან გამოჩეკის შემდგომ უჯრაშივე რჩება. პერანგს მუშა ფუტკრები ცვილის მიკროსკოპულ ფენას ამატებენ და ფიჭა თანდათან აბრეშუმის ძაფებით არმირებულ მტკიცე კონსტრუქციად იქცევა , რაც ბუდის სიმყარესა და წონისა და ტემპერატურის რყევების მიმართ მდგრადობას განაპირობებს.

ფიჭაში ფუტკრის რამდენიმე თაობის განვითარების შემდეგ ფიჭის საერთო წონის მესამედზე მეტი, შესაძლოა, სწორედ ჭუპრის პერანგზე მოდიოდეს, ასევე ვიწროვდება თავად უჯრის სანათური და მოცულობაც.

ძველი (მრავალჯერ ბარტყგამოვლილი) ფიჭებისგან შემდგარ ბუდეში შედარებით მცირე წონის მქონე ფუტკრები ვითარდებიან. ასეთ ოჯახებში ბუდის ბარტყიანი ნაწილს შედარებით უფრო მცირე ფართობი უჭირავს ღია ფერის, ახალგაზრდა ფიჭებით დაკომპლექტებულ ბუდიან ოჯახებთან შედარებით.

honeye280936

ფუტკრის ოჯახში ფიჭის დაძველებასთან ერთად მასში მატულობს სხვადასხვა მიკრობული პათოგენის რაოდენო ბაც, შესაბამისად მატულობს ინფექციურ დაავადებათა განვითარების რისკიც.

ფუტკრის ცვილი, ძირითადად, ცხიმოვანი მჟავების, ცვილის რთული ეთერებისა და ალკანებისგან შედგება. თავისი ცხიმოვანი ბუნების გამო ცვილს აქვს უნარი, შთანთქას ცხიმში ხსნადი მრავალი სახეობის ქიმიური ნაერთი. იგი აგრეთვე ბოჭავს გარემოდან ფუტკრის ოჯახში მოხვედრილ ტოქსინებსა და ვეტერინარული პრეპარატების (ანტიბიოტიკების, პესტიციდების) ნარჩენებს. ამგვარად, ცვილი ფუტკრის ოჯახში, ღვიძლის მსგავსად, ერთგვარ შხამის გამანეიტრალებელ ორგანოდ გვევლინება. დროთა განმავლობაში ცვილში ტოქსიკური ნაერთების კონცენტრაციამ შესაძლოა ისე იმატოს, რომ  ცვილიდან მათი უკუმიგრაცია მოხდეს თაფლში, ჭეოსა და ლარვების საკვებში.

ფიჭის დაძველებასთან დაკავშირებული უარყოფითი მოვლენების თავიდან ასარიდებლად მეფუტკრეები ძველ მუქ ფიჭებს რეგულარულად ანაცვლებენ ასაშენებელი ფიჭით.

მეთაფლე ფუტკრის დაავადებების მართვა და უვნებელი თაფლის წარმოება