სხვადასხვა სტატუსის მქონე ფურის წველა
ახლადმოგებული ფურის წველა
– ხბოს მოგების შემდეგ ძროხას ასვენებენ და მოგებიდან არაუგვიანეს 2 საათის შემდეგ წველიან.
მშობიარობის შემდგომი პარეზის თავიდან აცილების მიზნით, რძის ნაწილი ცურში უნდა დავტოვოთ, ძროხას ასევე უნდა მიეცეს მსუბუქი საკვები. ამ პერიოდში წველის წინ ცურის მასაჟი განსაკუთრებულად გულმოდგინედ უნდა ჩატარდეს. აუცილებელია ძროხის მოციონი (სეირნობა). ახლადმოგებული ფურების ცურთითები ადვილად ზიანდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პერიოდში საწველი აპარატის ვაკუუმის დონე ცოტათი შევამციროთ.
პირველადმოგებული ფურის წველა
– პირველადმოგებული ძროხები წველისას წყნარად დგომას და რძის კარგად მოცემას უნდა მივაჩვიოთ. უშობლებსა და პირველადმოგებულებზე უხეში მოპყრობა და ხმაური ხშირად იწვევს მათ დაფრთხობას, სტრესს, შედეგად ძროხები ცუდად იძლევიან რძეს. შეჩვევის მიზნით მაკე უშობელს მწველავი უნდა უვლიდეს მოგებამდე არაუგვიანეს ორი თვისა. მომვლელის საქმიანობაში შედის: ძროხის ყოველდღიური გასეირნება, ცურის მასაჟი (ცურის განვითარებისთვის).
მაღალპროდუქტიული ფურის წველა
– მაღალპროდუქტიული ძროხები პირველ დღეებში უნდა მოიწველოს 5-6-ჯერ დღე-ღამეში. ყოველი წველის შემდეგ აუცილებელია ცურის გულმოდგინე მასაჟის ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს შეშუპების სწრაფად გაწოვას. მაღალპროდუქტიული ძროხები პარეზით შეიძლება დაავადდნენ არა მხოლოდ მოგების შემდეგ პირველ დღეებში, არამედ განწველის შემდეგაც (პირველი 2-3 თვის განმავლობაში), ამიტომ აუცილებელია მუდმივად თვალყური ადევნოთ მათ ჯანმრთელობასა და მიიღოთ შესაბამისი ზომები.
ძნელადსაწველი ფურის წველა-წველის პრაქტიკაში ხშირად აღინიშნება ფურის დაუმორჩილებლობა წველის დროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მწველავის ტრამვირება. ასეთ შემთხვევებში ფერმერმა უნდა მიმართოს ფურის ფიქსაციას მარტივი ფიქსატორის მეშვეობით. ფიქსატორით ხდება უკანა კიდურის მჭიდროდ ფიქსირება-დაჭიმვა, რის შედეგადაც ფურის მთლიანი სხეულის ფიქსირება ხდება (სურათი).
ძროხის ფეხის დასაფიქსირებელი მოწყობილობა
დაავადებული ფურის წველა
ანტიბიოტიკებითა და სხვადასხვა ვეტერინარული პრეპარატებით მკურნალობის დროს, პრეპარატების დაყოვნების (მოცდის) პერიოდში მიღებული რძის გამოყენება სასურსათოდ აკრძალულია. რძის მთლიანი ოდენობის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მასტიტით დაავადებული/მკურნალობაში მყოფი ფურის განცალკევება ჯოგისგან, ან მისი მოწველა ცალკე სპეციალურ ჭურჭელში, წველის პროცესის ბოლო ეტაპზე.
საწველი სივრცის მოწყობა
ფურის მოწველა შესაძლებელია უშუალოდ სადგომში, თუმცა, ჰიგიენური თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ რძის უვნებლობასა და ხარისხზეც აისახება, რეკომენდებულია მათი წველა ცალკე ორგანიზებულ სივრცეში. მცირე მეურნეობებისათვის კარგ პრაქტიკას წარმოადგენს ფერმას მიშენებული მცირე ზომის საწველი სივრცის მოწყობა, სადაც საწველ აპარატთან ერთად, როგორც წესი, თავსდება ყველა საჭირო ნივთი და რძის შესანახი/გამაცივებელი ავზი.
ცალკე საწველ სივრცეს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია. მასში უკეთესადაა დაცული, როგორც ცხოველის ასევე, რძის ჰიგიენა. რეკომენდირებულია, საწველი ოთახის კედლები და იატაკი მოპირკეთებული იყოს ადვილად რეცხვადი მასალით, ხოლო წველისათვის საჭირო ყველა ნივთი და აღჭურვილობა ინახებოდეს სათანადო ჰიგიენის წესების დაცვით
იმ ტიპის სადგომის აშენებისას, როდესაც წველა უშუალოდ სადგომშია განსაზღვრული მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას საჭირო სივრცე საწველი აპარატის ტრანსპორტირებისათვის, კერძოდ, საწველი აპარატის გადაადგილებისთვის საჭიროა არანაკლებ 70 სმ გასავლელი სივრცე საქონლის უკან, ხოლო ძროხებს შორის მანძილი, სასურველია, არ იყოს 1.5 მეტრზე ნაკლები.
„წველის საუკეთესო პრაქტიკა და მობილური საწველი აპარატის მოხმარება“,
სახელმძღვანელო, ვეტკომპანია „როქი“,
ავტორები: მიხეილ ჭიჭაყუა, დავით ბოსტაშვილი, ლიკა ჭიჭაყუა,
(SQIL) ლაშა ავალიანი,
პროექტი _ „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში _ საქართველო“