ვაზის დაავადება ესკა _ ზაფხულის დამბლა
ვაზის კულტურა და მოსავალი ბევრადაა დამოკიდებული გავრცელებულ მავნე დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების დროულად ჩატარებაზე. თუ ეს ღონისძიებები დროულად და აგროვადებში არ ჩატარდა, მოსავლიანობა მინიმუმადე შემცირდება, მოსავლის ხარისხი გაუარესდება და შეფერხდება თვით მცენარის ზრდა-განვითარება. საბოლოოდ კი მცენარე დაკნინდება და დაიღუპება.
ვაზის ესკა – ზაფხულის დამბლა – ტრაქეომიკოზური სოკოვანი დაავადებაა. გავრცელებულია ყველგან, სადაც ვაზია გაშენებული.
დაავადებას აღწერდნენ ჯერ კიდევ რომაელები და ბერძნები და ითვლება ვაზის უძველეს და სერიოზულ დაავადებად, რომელსაც იწვევს სხვადასხვა სახეობის სოკოები. ამგვარად ესკა კომპლექსური დაავადებაა, რომლის გამომწვევი რამდენიმე პათოგენური სოკოა: Fomitoporia mediterranea, Phaeomoniella chlamydospora, Phaeoacremonium aleophilum, Stereum hirsutum. ხოლო Phellinus igniarius, Fomitoporia punctata, Phellinus punctatus – უფრო მეორადი როლი აკისრიათ.
ესკა აავადებს 10 წლის და უფრო მეტი ხნოვანების ვაზს, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ იგი სანერგეშიც გვხვდება.
დაავადება შეიძლება გამოიწვიოს აქტიურმა გასხვლამ, შტამბის მექანიკურმა დაზიანებამ, ცივმა ზამთარმა.
მერქანში შეღწეული ეს დაავადება ვრცელდება პერიფერიაში, გადადის წლიურ კონცენტრულ რგოლებზე. იწვევს გამტარი ჭურჭელბოჭკოვანი სისტემის პარალიზებას და საბოლოოდ ვაზი იწყებს ხმობას. ვაზი უეცრად იღუპება.
დაავადება ვითარდება ორი განსხვავებული ფორმით: ნელი (ქრონიკული) და მწვავე (აპოპლექსური). დაავადების ქრონიკულად განვითარება მიმდინარეობს რამდენიმე წლის განმავლობაში და ხასიათდება ფოთლების ძარღვებს შორის ფერის შეცვლით. თეთრი ფერის ჯიშის ვაზზე წარმოიქმნება ყვითელ-მოყავისფრო ლაქები, ხოლო შეფერილ (წითელ) ჯიშებზე მოწითალო ფერის ლაქები. ლაქები თანდათან ერწყმიან ერთმანეთს და მწვანე რჩება მხოლოდ ძარღვები. ფოთლები კარგავენ ტურგორს. ეს სიმპტომები თვალსაჩინოა თავიდან ყლორტის ქვედა ფოთლებზე, ხოლო შემდეგ ვითარდება მთელ ყლორტზე. პროგრესირებად ფაზაში ფოთლები ხმება და დროზე ადრე ცვივა. ეს პირველი ფორმა წლიდან წლამდე შეიძლება შეგხვდეს სხვადასხვაგვარად. ერთ წელს დაავადებულ ვაზის მხარზე სიმპტომი ხილულია მტევნებსა და ფოთლებზე, მაგრამ შემდეგ წელს იგივე მხარზე შესაძლებებლია დაავადების სიმპტომი საერთოდ არ შეინიშნებოდეს. ქრონიკული ესკის შემთხვევაში ვაზის ბუჩქის ხმობა ხდება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ. ფოთლის სიმპტომი შეიძლება აგვერიოს სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პრობლემებში, როგორიცაა მაგნიუმის ნაკლებობა, წყლის დეფიციტი ან ინფექციური დაავადება – პათოგენური სოკო Armillaria melea-თ გამოწვეული ხმობა.
მცირე შემთხვევაში უცაბედი ხმობა (აპოპლექსური) ხდება ხილული სიმპტომის გარეშე. ზაფხულის პირველი ცხელი დღეების დადგომისას ჩნდება პატარა შეუმჩნეველი ლაქები, რომლებიც სწრაფად დიდდება, რამდენიმე დღის განმავლობაში ფოთლები ხმება ქვემოდან ზევით, ყლორტი კვდება. ორივე შემთხვევაში შტამბის შიდა ქსოვილი შეიცავს მკვდარ ფაშარ ზონას, რომელიც საღი ნაწილიდან გამოიყოფა თხელი მოშავო-ყავისფერი მაგარი კონსისტენციის ზონით.
დაავადება სწრაფად ვრცელდება სხვა მცენარეებზე. თავდაპირველად ღეროს და მხრების შიგნითა ნაწილი მუქდება ქერქის მოცლის შემთხვევაში. ყავისფერი ლაქა ვრცელდება გამხმარი ყლორტიდან ფესვამდე. განივ ჭრილზე კი ცენტრში ჩანს ყვითელი ფაშარი მერქანი. დასნეულებული ვაზი მერქანში სკდება, მისი ფხვნილის მასასავით შიგთავსი ქარის მიერ გადადის სხვა ჯანმრთელ მცენარეებზე და მათში აღწევს, შეიძლება მთელი ვენახების დიდი ფართობები მოიცვას ან სხვა კულტურაზე გადავიდეს, მაგალითად ხეხილიც დასნეულდეს. დაავადებას ხელს უწყობს ვეგატაციის პერიოდი, მაღალ ტემპერატურაზე ხდება ფოთლებიდან ინტენსიური აორთქლება, რომლის შევსებაც არ ხდება ფესვებიდან, რადგანაც სოკომ უკვე დაშალა გამტარი ჭურჭლები და წყალი ვერ მიედინება მასში. ამ სინდრომს ადგილი აქვს განსაკუთრებით ზაფხულში. ესკა შტამბის ზედა ნაწილზე ვითარდება, მის ქვემოთ წასვლა არ ხდება და ხშირად ვაზის ფესვი საღია.
სიმწიფის დასაწყისში თეთრ ჯიშებზე ნაყოფებზე წარმოიქმნება წვრილი მუქი ყავისფერიდან იისფერამდე ლაქები, რომლებიც ნელა ვრცელდება ნაყოფის მთელ ზედაპირზე. დაავადების ქრონიკული ფორმის დროს ცალკეული ნაყოფები და მტევნები შეიძლება დასნებოვდეს. ძლიერი დაავადებისას კი დაავადებული ნაყოფი ხმება.
დაავადებული მცენარეები ზრდაში ჩამორჩება. ნაკლებია მათი გამძლეობა ყინვების, სიცხის და საერთოდ გარემოს არახელსაყრელი პირობების მიმართ.
დაავადება ვრცელდება ქარით და დაავადებული მცენარეებით.
ნინო ბოკერია
სოფლის მეურნეობის დოქტორი Ph.D
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი,
ანნა დადეგაშვილი
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი