მესხური თაფლის გზა ევროპის ბაზრამდე
საქმიანობა 2011 წელს, მეგობრის ნაჩუქარი ერთი სკით დაიწყო, მალე მიხვდა, რომ ,,მეფუტკრეობა ფილოსოფიაა, ფუტკარი კი სოციალური მწერი“. ამის გააზრების შემდეგ ჰობი ბიზნესად აქცია და ახლა ევროკავშირის ბაზრის დაპყრობას გეგმავს.
ბიზნესს ორი მიმართულებით მისდევს – პირველი ანუ საფუტკრე და მეორე გადამმუშავებელი საამქრო, რაც თაფლის, ფუტკრის რძისა და ჭეოს (ფიჭის უჯრედებში ჩატკეპნილი ფუტკრის მიერ შემოტანილი ვიტამინებით და მინერალური ნივთიერებებით მდიდარი ყვავილის მტვერი) წარმოებას გულისხმობს.
ევროკავშირის ბაზარზე თაფლის გატანის ფიქრმა 11 მეფუტკრე გააერთიანა და კოოპერატივი ,,კოდი“ შეიქმნა, სადაც ხუთი ქალი და ექვსი მამაკაცი საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას ახალგაზრდებსაც უზიარებს. პედაგოგიური საქმიანობის ერთ-ერთი მიზანი კოოპერატივში ახალგაზრდა მეფუტკრეების მოზიდვა იყო.
,,როდესაც კოოპერატივი შევქმენით, გვინდოდა რომ მოგვეყვანა ახალი თაობა, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური პირობებისა და ჩვენი ფინანსური პრობლემების გამო, ჯერ-ჯერობით ვერ მოვახერხეთ ახალგაზრდების მოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კარგი ახალგაზრდა გამოვზარდეთ. სხვაგან უკეთესი პირობებითა და უკეთესი ხელფასით დააინტერესეს“ _ გიორგი მერაბიშვილი.
,,ჩავთვალეთ, რომ რეგიონში დედა ფუტკრის ხელოვნურად განაყოფიერების მიმართულების განვითარება კოოპერატივში მნიშვნელოვანია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოში ამისი მასწავლებლები არ გვყავს და ინფორმაციის მიღება სხვადასხვა ინტერნეტწყაროებიდან გვიწევს, თუმცა ჩვენი მცდელობები ამ მიმართულებით ჯერ წარუმატებელია“.
პრობლემათა ჩამონათვალი არ ილევა, თუმცა გიორგი მერაბიშვილისთვის მთავარი ის მიზანია, რომელიც ევროპელებისთვის ქართული და კონკრეტულად მესხური თაფლის გაცნობაა. ამბობს, რომ მისი საქმიანობის ,,ფლაგმანი – ნინოწმინდის თაფლია“, რომელმაც საქართველოში, გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია 2020 წელს გაიარა. ამბობს, რომ ბიოწარმოებამდე მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა აშორებთ, მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი ის თანხაა, რომელიც ბიოსერთიფიკაციის მისაღებად არის საჭირო. ამის შემდეგ მათი პროდუქციის ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება. გული სწყდება, რომ ევროკავშირის ბაზარზე, თაფლის მცირე რაოდენობის გამო, წელსაც ვერ გავიდნენ, სამაგიეროდ 2021/22 წლებში, ,,ნინოწმინდის თაფლმა“ ორჯერ მიიღო მონაწილეობა ლონდონის თაფლის საერთაშორისო ფესტივალში, სადაც ორივეჯერ ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
წარმატებებთან ერთად მესხ მეფუტკრეებს ბიზნესის განვითარებაში კლიმატური ცვლილებები და ფუტკართა დაავადებებიც ხელს უშლის. კოოპერატივის თავმჯდომარის აზრით, მეფუტკრეთა ნაწილს არ აქვს სათანადო ცოდნა, როგორ გაუმკლავდეს ახალ გამოწვევებს.
,,წლების განმავლობაში იხოცებოდა ფუტკრის ოჯახები, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები წლობით მუშაობდნენ, მაგრამ მიზეზს ვერავინ ადგენდა. ორი წლის წინ გაირკვა, რომ იყო ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ტკიპა ვარუასგან, რომელიც პირდაპირი გზითაც იწვევს ფუტკრის დაზიანებას და გადააქვს ვირუსებიც. მეფუტკრეთა ნაწილს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ტკიპა ისევ ვრცელდება და ისევ იხოცება ფუტკრის ოჯახებიც, შესაბამისად, ესეც გამოწვევად რჩება“ – ამბობს გიორგი.
საქართველო კავკასიური რუხი ფუტკრის სამშობლოა, რომელიც ცნობილია 7.2მმ სიგრძის ხორთუმით. მისი თავისებურებებიდან აღსანიშნავია თვინიერება, მაღალი თაფლპროდუქტიულობა, კარგი შრომისუნარიანობა და ნექტრის მოპოვების განსაკუთრებული უნარი. გიორგი მერაბიშვილი რუხი ფუტკრის ქვეპოპულაციებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ არსებობს მესხური ქვეპოპულაცია, რომელიც მეცნიერების მიერ შესასწავლია.
,,მესხეთში არსებული ფუტკარი უფრო ადრე იწყებს მუშაობას, უფრო დიდია და შეფერილობაშიც სხვაგვარია. მორგებულია რეგიონის კლიმატსა და პირობებს და უფრო მაღალპროდუქტიულია. ჩემი მიზანია ადგილობრივი მესხური პოპულაციის რეგისტრაცია, რათა მეფუტკრეებისთვის მისი მოშენების რეკომენდაცია გაიცეს“.