როგორ გვიცავენ ფრინველები
ყოველი ცოცხალი ორგანიზმი, ჩიტების ჩათვლით, კვებითი ჯაჭვის რგოლია. ეკოსისტემის ბალანსის შენარჩუნებისათვის თითოეული რგოლი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროცესში ჩარევა აუცილებლად მოქმედებს ადამიანებზეც.
ფრინველთა ზოგიერთი სახეობა გვეხმარება მწერებისა და მღრღნელების პოპულაციების გაკონტროლებაში. სხვა სახეობები პოლინატორებს წარმოადგენენ. სწორედ პოლინატორების დამსახურებაა ბევრი ყვავილოვანი მცენარის არსებობა. ავრცელებენ მცენარის თესლს. ლეშიჭამიები გვიცავენ სხვადასხვა დაავადებებისაგან.
ადამიანთა კეთილდღეობაში ეკოსისტემების მიერ შეტანილი პირდაპირ და არაპირდაპირ წვლილს ეკოსისტემური სერვისები ეწოდება. სწორედ ჯანმრთელი ეკოსისტემაა ჩვენი და მთლიანად მსოფლიოს მომავალი თაობების კეთილდღეობის საფუძველი.
როგორ იკვლევენ ფრინველთა პოპულაციებს?
ფრინველებზე საველე პირობებში დაკვირვების სამი ძირითადი მეთოდი არსებობს: დათვლა, ბუდეების მონიტორინგი და მონიშვნა.
ფრინველების დათვლა ყველაზე მარტივი გზაა პოპულაციებში ცვლილებების დასადგენად. მათი წარმოება მარტივია და შედარებით იაფი ჯდება. გადამფრენი მტაცებელი ფრინველების დათვლა ყველაზე მარტივი საიმიგრაციო მარშრუტის სხვადასხვა წერტილებზეა. სხვა შემთხვევაში – ტიხტიხის დროს.
უფრო რთულია ღამით მფრენი და მცირე ზომის ფრინველების მონიტორინგი. თუმცა, ამ სფეროშიც პროგრესია – რადარებისა და მიკროფონების საშუალებით შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება გადაფრენის დროს.
ბუდეების მონიტორინგი რეპროდუქციული წარმატების შესაფასებლად აუცილებელია. ასევე დგინდება შობადობის კოეფიციენტი. ამის გარდა, ბუდეებზე დაკვირვება გვაწვდის იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა ქცევა ბუდეში, ჰაბიტატის შერჩევა, მტაცებლები. დგინდება კავშირი ამინდსა და ბუდობას შორის, კორელაცია საკვებისა და კვერცხების ზომას შორის და ა.შ.
ფრინველთა დაჭერა და მონიშვნა საშუალებას გვაძლევს ამოვიცნოთ ის ნებისმიერ ადგილას. ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშნელოვანია მიგრაციაზე დაკვირვებისას. დარგოლვისას ფრინველს ფეხზე ადებენ რგოლს უნიკალური კოდით. სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ ფერებსაც. და ბოლოს, მათი მონიშვნა ხდება GPS და სატელიტური გადამცემებითაც. ასეთი გადამცემით მონიშნული ფრინველის გადაადგილებას შეგვიძლია თვალი ნებისმიერ დროს ვადევნოთ.
რა საფრთხეები ემუქრებათ ფრინველებს?
ფრინველებისათვის საფრთხეებს წარმოადგენს: ინვაზიური სახეობები; მიწათმოქმედება, მშენებლობები, ტყის ჭრა – ჰაბიტატის დაკარგვა და დეგრადაცია; ნადირობა; კლიმატის ცვლილება და ამინდი; დაბინძურება; ელექტროგადამცემი ხაზები; ადამიანების მიერ შეწუხება; თევზჭერა.
მიგრაციისას უამრავი ფრინველი ეწირება უკანონო ნადირობას, ქარის ელექტროსადგურების ტურბინებს, ელექტროგადამცემ სადენებს, შუშის შენობებთან შეჯახებას.
ფრინველთა სიკვდილიანობის შემცირების გზებია რეგულაციები ნადირობაზე და კანონის დაცვის უზრუნველყოფა, ქარის ტურბინებისა და ელექტროგადამცემი ხაზების საიმიგრაციო მარშრუტებიდან შორს განთავსება, ელექტროხაზების იზოლაცია, სინათლით დაბინძურების შემცირება მიგრაციის პერიოდში, შუშის შენობებზე არეკვლადობის შემცირება, ფრინველთათვის მნიშვნელოვანი და საბუდარი ადგილების დაცვა.
ფრინველები როგორც გარემოს ჯანმრთელობის ინდიკატორები
ადამიანებმა უამრავი ხელსაწყო გამოიგონეს ეკოსისტემის მდგომარეობის შესამოწმებლად. მაგალითად, ჭაობიან ადგილებში წყლის ხარისხის შესამოწმებლად, მეცნიერი იყენებს სენსორს, რათა გაიგოს წყალში არსებული ჟანგბადის დონე. ასევე ლაბორატორიული ანალიზით შესაძლებელია დადგინდეს მძიმე მეტალების შემცველობა ნიადაგში. თუმცა არსებობს გზებიც, რომლებიც არ საჭიროებენ ადამიანების მიერ გამოგონებული ინსტრუმენტების გამოყენებას. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია ფრინველებზე დაკვირვება. მათ ქცევასა და პოპულაციების რაოდენობის ცვლას შეუძლია საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოგვცეს არსებულ ეკოსისტემაზე და მის პრობლემებზე.
ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, რომელიც გამოიყენება ეკოსისტემის მდგომარეობის შესასწავლად, უწოდებენ ინდიკატორ სახეობას. ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია, იადონის შეყვანა ქვანახშირის შახტაში მუშაობის დროს. იადონები ძალიან მგრძნობიარეები არიან კარბონის მონოქსიდისა და მეთანის მიმართ. მეტად მგრძნობიარენი, ვიდრე ადამიანები. თუ ფრინველის ქცევაში შეინიშნება მოწამვლის რაიმე ნიშნები, მეშახტეები მიხვდებიან, რომ ამ ადგილზე მუშაობა არაა უსაფრთხო და სასწრაფოდ დატოვებენ მას. ფრინველებზე დაკვირვება ეკოსისტემის მდგომარეობის გამოსაკვლევად გრძელდება, რადგანაც ფრინველებს შეუძლიათ მოგვაწოდონ სასარგებლო ინფორმაცია გარემო ცვლილებებზე.
როგორ ვარჩევთ ინდიკატორ სახეობას?
პირველ რიგში არჩეული სახეობა სწრაფად უნდა რეაგირებდეს გარემო ცვლილებებზე. სახეობა, რომელიც ნაკლებად რეაგირებს ჰაბიტატში მომხდარ ცვლილებებზე, შესაბამისად ნაკლებ ინფორმაციას მოგვაწვდის.
ინდიკატორი სახეობა უნდა იყოს ფართოდ გავრცელებული და არ უნდა იყოს იშვიათი, რადგან იშვიათ ფრინველებზე დაკვირვება და მათი ქცევის შესწავლა ძალიან რთული და გრძელვადიანი პროცესია.
10 მიზეზი, თუ რატომ არიან ფრინველები ეკოსისტემის შეფასების კარგი ინდიკატორები
• ფრინველების ტაქსონომია კარგადაა ცნობილი და შედარებით სტაბილურია. ფრინველთა სახეობების რაოდენობა ბოლო 10 წელიწადში სულ რაღაც 5-8%-ით გაიზარდა. ხოლო ძუძუმწოვრებისა და ამფიბიების – 15-24%-ით
• ფრინველების გავრცელება, ეკოლოგია და სიცოცხლის ციკლი კარგადაა შესწავლილი. ყოველ წელიწადს ფრინველების შესახებ 16 000-მდე სამეცნიერო სტატია ქვეყნდება
• ფრინველების ინდენტიფიცირება, გამოკვლევა და შესწავლა შედარებით მარტივია. აგრეთვე არსებობს ძველი მონაცემების დიდი ბაზა, უამრავი სახეობის შესახებ
• ფრინველები თითქმის ყველა საარსებო არეალში გვხვდებიან. არსებობს მსოფლიოში 10 000-მდე სახეობაა გავრცელებული, ერთ ქვეყანაზე კი საშულად 400 სახეობა მოდის
• ფრინველთა ჰაბიტატისადმი მოთხოვნილება სპეციალიზირებულია
• ფრინველები ხშირ შემთხვევაში კვებითი ჯაჭვის მაღალ საფეხურებზე დგანან. ამიტომ მგრძნობიარენი არიან ეკოსისტემაში მომხდარ ცვლილებებზე
• ფრინველთა პოპულაციების ტენდენციები, სხვა ცხოველების (ქვეწარმავლების, ამფიბიების, ძუძუმწოვრების…) პოპულაციების ტენდენციებსაც გამოხატავს
• ფრინველები ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი არიან, მაგ: ბერდვოჩინგი რომელიც ეკოტურიზმის თანამედროვე მიმართულებად წარმოადგენს.
• ფრინველთა გავრცელება, როგორც წესი, ასახავს ველური ბუნების სხვა წარმომადგენლების გავრცელებასაც (ძუძუმწოვრები, ამფიბიები, რეპტილიები, მწერები და ა.შ.)
• ფრინველები ველური ბუნების გამორჩეული წარმომადგენლები არიან და ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 20% და ბრიტანეთის მოსახლეობის 30% ფრინველებს კვებავს ან აკვირდება.
ფრინველებსა და მათ საარსებო არეალს შორის მჭირდო დამოკიდებულება, ფრინველებს ძალიან სასარგებლოს ხდის გარემოს შეფასებისთვის. ასეთ დროს ისინი არიან ინდოკატორები, გარემო პირობების გაუმჯობესებისა თუ გაუარესების. ამით ისინი დიდ სამსახურს უწევენ როგორც საარსებო არეალს, ასევე ადამიანებს.
ფრინველები, როგორც კლიმატის ცვლილების ინდიკატორები
1950-იან წლებში ევერგლეიდსში (ფლორიდა, აშშ) დაიწყეს არხებისა და ჯებირების მშენებლობა, რათა შეეცვალათ წყლის მიმართულება. ევერგლეიდსი ჭარბტენიანი ადგილების მოყვარული ფრინველებისთვის საბუდარ ადგილს წარმოადგენდა. ფრინველების პოპულაცია კი დამოკიდებულია მათი მსხვერპლი სახეობების (ამფიბიები, რეპტილიები, თევზები და სხვა) რაოდენობაზე. მშენებლობების დაწყების შემდეგ, მსხვერპლი სახეობების რაოდენობა ძალიან შემცირდა, რამაც გავლენა იქონია მობუდარ ფრინველებზეც. მათი რაოდენობა ევერგლეიდსში ყოველწლიურად მცირდებოდა, რის შემდეგაც მეცნიერები მიხვდნენ, რომ მშენებლობების დაწყების შემდეგ ადგილობრივი ეკოსისტემის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაშიც ფრინველები გვეხმარებიან, არის დაბინძურების დონის განსაზღვრა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ფრინველთა პოპულაციების კლება პესტიციდი „დდტ“-ს გამო, რომელიც საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა რეიჩელ კარსონის ნაშრომის „ჩუმი გაზაფხულის“ გამოსვლის შემდეგ. ფრინველები იყვნენ პირველი არსებები, რომელთა პოპულაციებმაც დაიწყო კლება. „დდტ“-ს ორგანიზმში დაგროვების შემდეგ მდედრები დებდნენ თხელნაჭუჭიან კვერცხებს, რომლებიც ინკუბაციის დროს ტყდებოდა და შესაბამისად ბარტყებსაც ვერ ზრდიდნენ. სწორედ ამიტომ იკლო უამრავი სახეობის პოპულაციამ. მეცნიერებს დიდი წვალება არ დასჭირვებიათ ხალხის დასარწმუნებლად, რომ „დდტ“ მავნებელია ფრინველებისათვის, რადგან ხალხის უმრავლესობა თავადაც ამჩნევდა ფრინველთა მასიურ კლებას.
მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ აზიელი ლეშიჭამიები. უეცრად მათი სიკვდილიანობა მკვეთრად გაიზარდა. მეცნიერებს 10 წელიწადი დასჭირდათ, რათა გაეგოთ ამ მოვლენის მიზეზი: წამალი დიკლოფენაკი. ეს პრეპარატი გამოიყენება პირუტყვისათვის, რათა მოურჩინონ ჭრილობები, მაგრამ ტოქსიკურია ლეშიჭამიებისთვის. ფრინველები იკვებებოდნენ საქონლის ლეშით, რომელიც დიდი რაოდენობით დიკლოფენაკს შეიცავდა, რის შედეგადაც ფრინვლებიც იხოცებოდნენ.ისევე როგორც „დდტ“-ს შემთხვევაში, დიკლოფენაკის გამოყენებაც აიკრძალა და ამოიღეს ბაზრიდან.
შესაძლოა შეგხვედრიათ პატარა ფრინველი სახელად ღობემძვრალა, რომელიც ხშირად ჩვენს ბაღებში შეიძლება ვნახოთ. ეს მცირე ზომის არსება ძალიან დიდ ინფორმაციას გვაწვდის გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით. დოქტორმა სტივენ ვილისმა და დოქტორმა ფილიპ სტივენსმა გამოიკვლიეს ის სახეობა და დადგინდა,რომ ევროპის ჩრდილოეთი ნაწილის (სადაც ზამთარი უფრო ლმობიერი ხდება) პოპულაციები სულ უფრო იზრდება. კონტინენტის სამხრეთ ნაწილში კი, ტემპერატურის მატებასა და ზაფხულის გაუსაძლისობასთან ერთად ღობემძვრალას პოპულაციები შემცირდა.
წყარო: https://www.sabuko.org