აგროსიახლეები

ბუნების სანიტრები ანუ  ლეშიჭამიები

ლეშიჭამიები დიდი ზომის, ხორცისმჭამელი ფრინველები არიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი იკვებებიან გარემოში სხვა მტაცებლის მიერ დატოვებული ნანადირევის ნარჩენებით. ეს კი ეკოსისტემაში მათ  სანიტრის ფუნქციას აკისრებს. ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფრინველთა ჯგუფია, რომლებიც გვხვდებიან ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიკისა, ავსტალიისა და მათი მიმდებარე კუნძულებისა.
ახლა გვინდა ლეშიჭამიებიეს ერთ-ერთ გამორჩეულ სახეობაზე – ფასკუნჯზე მოგითხროთ  (სხვა ლეშიჭამიებზე სრულად გაეცანით წინამდებარე ბუკლეტში).

ფასკუნჯი (Neophron percnopterus) მომცრო ზომის ლეშიჭამია ფრინველია, 155-180 სმ ფრთების შლილით. ზრდასრულები ადვილად იცნობიან ყვითელი, უბუმბულო სახით და შავ-თეთრი კონტრასტული ფრთებით. აქვს მოკაუჭებული ნისკარტი, რომელიც ლეშის დანაწევრებისათვის მოსახერხებელია.  ზრდასრული შებუმბვლის ფერის ჩამოყალიბებას 5 წელი მაინც სჭირდება.

ფასკუნჯი საქართველოში ბინადარი ლეშიჭამიებიდან ერთადერთია, რომელიც ჩვენს ტერიტორიას მხოლოდ გამრავლების პერიოდში სტუმრობს. შემდეგ კი აფრიკის მიმართულებით მიგრირებს.

ფასკუნჯები გამორჩეული არიან ინტელექტით და მათთვის „ხელსაწყოების“ გამოყენება ჩვეულებრივი ამბავია. აფრიკაში, სირაქლემას კვერცხების დასამტვრევად ხშირად იყენებენ  ქვებს – თანაც შესაბამისი ზომისა და სიბასრის ქვას გულმოდგინედ არჩევენ. ჯოხზე მატყლის დახვევა და მისი ბუდეში წაღებაც სჩვევით.

მონოგამი ფრინველები არიან. ბუდეს კლდეებსა და მაღალი ხის კენწეროებზე იკეთებენ. მდედრი ტიპიურად ორ კვერცხს დებს. კვერცხზე ჯდომა დაახლოებით თვე-ნახევარი გრძელდება. თუმცა, რადგანაც კვერცხები სხვადასხვა დროს იჩეკება, შედარებით გვიან გამოჩეკილი უმეტესად შიმშილისაგან იღუპება.

სახცოვრებლად არჩევენ კლდეებს, რომლებიც გარშემორტყმულია ღია სივრცით. ცხოვროვენ როგორც მთიან ადგილებში, ასევე დაბლობში, ნახევარუდაბნოებში, ჭარბტენიან ტერიტორიებთან და სავანაშიც კი.

იკვებებიან მწერებით, ლეშით, ბოსტნეულითაც და ხანდახან – მცირე ზომის ცხოველებით. ხშირად ბინადრობენ სანაგვეებთან ახლოს.

სწორედ საკვების ტიპის გამო ადამიანებს ფასკუნჯები, ისევე როგორც სხვა ლეშიჭამიები, მაინცდამაინც არ უყვართ. ისინი ხშირად ასოცირდებიან სიბინძურესთან. რეალურად კი ლეშიჭამიები ბუნების სანიტრები არიან და უამრავი დაავადების გავრცელებისაგან გვიცავენ. მათი კუჭის წვენი იმდენად კოროზიულია, რომ ციმბირის წყლულით, ჭირითა და  ცოფით დაავადებული ცხოველის ნარჩენის ჭამის შემთხვევაშიც კი არაფერი ემართებათ. სწორედ ასეთი საშიში ნარჩენებისგან ასუფთავებენ გარემოს და ჯანსაღი ეკოსისტემის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ.

ამ ეკოლოგიური სარგებლისა და თვისებების გამო ფასკუნჯს ბევრ კულტურაში გამორჩეული ადგილი ეკავა. თუმცა, დღესდღეობით ადამიანი მისი ყველაზე დიდი მტერია. ჰაბიტატის განადგურება, შეწუხება, დევნა, ბრაკონიერობა, მოწამვლა, ბუდის გაქურდვა – კვერცხებისა და ბარტყების მოპარვა, ელექტროხაზებთან შეჯახება – მათი შევიწროვებისა და მოსპობისათვის ბევრი გზა არსებობს. პოპულაციას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მეცხოველეობის ტრადიციული მეთოდების შეცვლაც. მაშინ, როდესაც მიზანმიმართული მოწამვლაც ხშირია, ის ხდება უნებლიედაც – ამის მიზეზი პრეპარატი დიკლოფენაკია, რომელსაც მეცხოველეობაში ხშირად იყენებენ. თუ ფასკუნჯი დიკლოფენაკით ნამკურნალები ცხოველის ლეშს შეჭამს, ვითარდება თირკმლის უკმარისობა და სიკვდილი რამდენიმე საათში დგება.

ევროპის პოპულაცია ბოლო 40 წელიწადში 50% -ით შემცირდა. გლობალურად კი შვიდიდან მხოლოდ ერთი ფასკუნჯი აღწევს ზრდასრულობის ასაკს. არადა, ადამიანისაგან გამოწვეული საფრთხეები რომ არა, ისინი 30 წლამდეც იცოცხლებდნენ.

სახეობა გლობალური სტატუსით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფია (EN), საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით კი – მოწყვლადი (VU).