ნედლი რძის, მაწვნის, ყველის და ხორცის ფასების დინამიკა წლევანდელ და შარშანდელ იანვარ-ივნისში
რძის და ხორცის სექტორის საბაზრო ფასების საინფორმაციო სისტემისთვის (MPIS) მონაცემების შეგროვება 2021 წლის აპრილში დაიწყო. ამ დრომდე გამოქვეყნდა 25-ზე მეტი ყოველთვიური მიმოხილვა და რამდენიმე კვარტალური და წლიური ანგარიში.
სისტემა მერძევეობის და ზოგადად, მეცხოველეობის სექტორში ფასებზე დასაკვირვებლად უნიკალურია, ვინაიდან ფასები გროვდება არამხოლოდ სამომხმარებლო პროდუქტებზე, როგორიცაა რძის პროდუქტები და ხორცი, არამედ ამ პროდუქტების საწარმოებლად საჭირო რესურსებზე, როგორიცაა ნედლი რძე, ცოცხალი საქონელი, საქონლის საკვები, ვეტერინარული სერვისები და რძის ფხვნილი.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ფასები გროვდება როგორც ქსელურ მაღაზიებში, ისე აგრარულ ბაზრებში საქართველოს 11 რეგიონში.
მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია ნედლი რძის, ეტიკეტირებული მაწვნის, ეტიკეტირებული და არაეტიკეტირებული ყველის (სულგუნი, იმერული, ქარხნული) და ხორცის ფასების ყოველთვიური ცვლილება, როგორც წინა თვესთან, ისე წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით.
მონაცემების აგრეგირებისა და ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ ცხოველის საკვების უმრავლესობა სახეობაზე შეინიშნება ფასის კლება, როგორც წინა თვესთან შედარებით, ისე წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, თუმცა საკვებზე ფასის კლებამ წარმოებული პროდუქტის ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ მოხადინა. მაწვნის, ყველისა და ხორცის ფასები როგორც ქსელურ მარკეტებში, ისე აგრარულ ბაზრებში, ბოლო 6 თვის განმავლობაში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საშუალოდ 12%-ით, 18.2%-ით და 24%-ით არის გაზრდილი შესაბამისად. ამასთან, სეზონურობის ფაქტორის გამო წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. ფასების საშუალო ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასევე შეინიშნებოდა ნედლი რძის (+16%) ფერმის კართან ფასის შემთხვევაშიც, ხოლო წინა თვესთან შედარებით ნედლი რძის ფასი ყოველთვიურად იკლებდა.
თუ გადავხედავთ, ბოლო ორი წლის მონაცემებს ვხედავთ, რომ ნედლი რძის ფასი ყველაზე მეტად განსაზღვრავს აგრარულ ბაზრებზე არსებულ იმერულიყველისა და სულგუნის ფასებს. ხოლო თავად ნედლი რძის ფასის ცვლილება ყველაზე მეტად დაკავშირებულია იონჯის ფასის ცვლილებასთან. როგორც პირველ გრაფიკზე ჩანს, არაეტიკეტირებული იმერულის და სულგუნის შემთხვევაში მონაცემთა წერტილები რეგრესიის ხაზთან ახლოს არიან თავმოყრილები, რაც თავის მხრივ, ამ პროდუქტების ფასებსა და ნედლი რძის ფასებს შორის დადებით წრფივ კავშირს ასახავს.
ნედლი რძის ფასი ფერმის კართან ბოლო 6 თვის განმავლობაში საშუალოდ ყოველთვიურად 4.33%-ით შემცირდა, რაც სეზონურობის ფაქტორით აიხსნება.
როგორც წესი გაზაფხულზე ახალი ბალახის წამოსვლასთან ერთად ცხოველის საკვებზე წვდომა იზრდება შესაბამისად, ნედლი რძის რაოდენობა იმატებს და ფასიც კლებას იწყებს. 2023 წლის დასაწყისში ნედლი რძის ფასი აღემატებოდა 2022 წლის შესაბამისი პეროდის მაჩვენებლებს, თუმცა აპრილი ივნისის თვეებში უახლოვდება წინა წლის ნიშნულს, რაც ნაჩვენებია მესამე გრაფიკზე.
ნედლი რძის ფასი
(ერთი ლიტრი)
ცხოველის საკვები
ნედლი რძის ფასების ფორმირებაზე გავლენას ახდენს იმ საწარმოო საშუალებების ფასები, რომლებიც მონაწილეობენ რძის მიღებაში, კერძოდ, ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხოველის საკვები.
ცხოველის საკვები პროდუქტებიდან, იონჯისა და თივის ფასების ცვლილება ყველაზე მეტად არის ასოცირებული ნედლი რძის ფასების ცვლილებასთან. კერძოდ, ცხოველის საკვების ფასის შემცირება, მის ხელმისაწვდომობას ზრდის და შესაბამისად, მეტი რძის მიღების საშუალებას იძლევა და ამცირებს რძის ფასებს, ამის მსგავსად საპირისპირო ეფექტი აქვს ცხოველის საკვების გაძვირებას.
გასული 6 თვის განმავლობაში, ცხოველის საკვების ფასები საშუალოდ თვეში 5.12%-ით შემცირდა. ხოლო თუ გადავხედავთ ფასებს წინა წლების შესაბამის თვესთან შედარებით ვნახავთ, რომ ფასები წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებითაც უმეტესად შემცირების ტენდენციით ხასიათდება, რაც ნაჩვენებია მეოთხე გრაფიკზე.
მაწონი
ეტიკეტირებული მაწონი ბოლო 6 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ თვეში 1.77%-ით გაძვირდა. ეტიკეტირებული მაწონი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირებული წლის დასაწყისში იყო. ფასები წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ყოველთვის უფრო მაღალია თუმცა, თვიდან თვემდე ეს განსხვავება მცირდება. კლების ტენდენცია ივნისამდე გრძელდება, ხოლო მიმდინარე წლის ივნისის თვეში წინა წლის ივნისთან შედარებით ფასი 15%-ით იმატებს.
რაც შეეხება წინა თვესთან შედარებულ ფასის ცვლილებას, იანვარი-ივნისის განმავლობაში ფასი წინა თვესთან შედარებით არაერთგვაროვნად იცვლებოდა. კერძოდ, თებერვალსა და აპრილში დაფიქსირდა ზრდა, ხოლო მარტსა და მაისში კლება წინა თვესთან შედარებით. ივნისში ეტიკეტირებული მაწონი მაისთან შედარებით დაახლოებით 7%-ით გაძვირდა.
იმერული ყველი
იმერული ყველის შემთხვევაში ცოტათი განსხვავებული ტენდენციით ხასიათდება ეტიკეტირებული და არაეტიკეტირებული ყველის ფასები. კერძოდ, ეტიკეტირებული იმერული ყველის შემთხვევაში ფასები მცირედით (-0.1%) იცვლება, ხოლო არაეტიკეტირებული იმერული ყველის ფასი უფრო მეტად რეაგირებს სეზონურ ფაქტორებზე და შესაბამისად, თვეში საშუალოდ 4.1%-ით მცირდება.
ფასები წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით უფრო მეტად იზრდებოდა არაეტიკეტირებული იმერული ყველის შემთხვევაში იანვარი-მაისის განმავლობაში.
ქარხნული ყველი
მსგავსად ეტიკეტირებული იმერული ყველის ფასისა, ეტიკეტირებული ქარხნული ყველის ფასი წინა თვესთან შედარებით ბოლო 6 თვის განმავლობაში მცირედით იცვლებოდა. ხოლო არაეტიკეტირებული ქარხნული ყველის ფასი ჯერ იკლებდა (იანვარი აპრილი), ხოლო აპრილის თვიდან ფასმა მცირე მატება დაიწყო.
წინა წლის შესაბამის თვეებს თუ შევადარებთ, ფასები 2023 წლის იანვარ-ივნისში უფრო მაღალი იყო ვიდრე 2022 წლის იანვარ-ივნისში როგორც ეტიკეტირებული, ისე არაეტიკეტირებული ქარხნული ყველის შემთხვევაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იმერული ყველის მსგავსად, არაეტიკეტირებული ქარხნული ყველის ფასებიც უფრო მეტად გაიზარდა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით ვიდრე ეტიკეტირებული ქარხნულის ფასები.
სულგუნი
იანვარ-მარტში წინა თვესთან შედარებით არაეტიკეტირებული და ეტიკეტირებული სულგუნი თითქმის ერთნაირად გაიაფდა. აპრილი-მაისის თვეებში არაეტიკეტირებული სულგუნი უფრო მეტად გაიაფდა, ვიდრე ეტიკეტირებული.
რაც შეეხება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებულ ინდექსირებულ ფასებს, ვხედავთ, რომ 2023 წლის იანვრის თვეში ეტიკეტირებული სულგუნი უფრო მეტად იყო გაძვირებული წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ვიდრე არაეტიკეტირებული.
თებერვალ-მარტში ორივე სახის სულგუნი ერთნაირად გაძვირდა (+21% საშუალოდ), მიმდინარე წლის აპრილის თვეში ეტიკეტირებული სულგუნის გაძვირება (+16%) 2022 წლის აპრილის თვესთან შედარებით უფრო მაღალი იყო, ვიდრე არაეტიკეტირებულის (+8.5%).
ასევე აღსანიშნავია, რომ ნედლი რძის ფასის ცვლილება ყველაზე მეტად არაეტიკეტირებული იმერული და სულგუნის ფასების ცვლილებასთან არის კავშირში.
საქონლის ხორცი
რაც შეეხება ხორცის ფასებს, საქონლის ძვლიანი და რბილი ხორცის ფასები ერთნაირად იცვლებოდა ბოლო 6 თვის განმავლობაში, კერძოდ საქონლის ძვლიანი ხორცი საშუალოდ თვეში 1.5%-ით იზრდებოდა, ხოლო რბილი ხორცის ფასის საშუალოთვიური ზრდა იყო 1.9 %. საქონლის არტალის ფასის შემთხვევაში გამონაკლისი აპრილის თვეა, როცა ფასმა წინა თვესთან შედარებით 2%-ით დაიკლო, ხოლო დანარჩენ სხვა თვეებში ფასის ცვლილება მსგავსი იყო ყველა სხვა სახეობის ხორცის ფასის ცვლილებისა.
რაც შეეხება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებულ ფასებს, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქონლის ძვლიანი და რბილი ხორცი საშუალოდ 10.7%-ით გაძვირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო საქონლის ძვლიანი არტალა საშუალოდ _ 30%-ით.
ნედლი რძის, მაწვნის, ყველის და ხორცის ფასების ყოველთვიური ცვლილება, როგორც წინა თვესთან, ისე წინა წლის შესაბამის შედარებით შედარებით.
გამოცემა მომზადებული „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ SQIL ფარგლებში, რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37 ახორციელებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) პარტნიორობით, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით