აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

რეკომენდაციები  – ბოცვრის   მოვლა,   კვება  და შენახვა

მებოცვრეობა მეცხოველეობის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და პერსპექტიული დარგია. ბოცვრის მოვლა-პატრონობის, სელექციის, შენახვის, კვების და ჩვენში გავრცელებული ჯიშების შესახებ, ლიტერატურულ წყაროებში ძალზე მცირე მონაცემები მოიპოვება, რაც თავის მხრივ გარკვეულ წილად ხელს უშლის ფერმერებს სრულად გამოავლინონ ბოცვრის პოტენციური   პროდუქტიულობა.
დარგის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირადი საკარმიდამო და ფერმერული მეურნეობები. ეს მეურნეობები წარმოადგენენ სერიოზულ დამატებით წყაროს მოსახლეობის სასურსათო  რესურსებით უზრუნველყოფისათვის. მათ შეუძლიათ არა მარტო დაიკმაყოფილონ საკუთარი მოთხოვნილებები პროდუქციაზე, არამედ მოახდინონ ნამატი ხორცის რეალიზაციაც და ამით გაიუმჯობესონ საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობა.

ფერმერულ მეურნეობაში წვრილფეხა ცხოველების. მათ შორის ბოცვრების მოშენება შედარებით ადვილია. მათი მოვლა-პატრონობა შეიძლება მიენდოს ბავშვებსაც, რომლებიც ამავე დროს ადრევე მიიღებენ შრომით რჩევებს. ბოცვრების საკვებად წარმატებით იყენებენ სამზარეულოს, ბოსტნის, ბაღის ანარჩენებს, რაც საგრძნობლად აიაფებს გაწეულ დანახარჯებს. ბოცვრის მოშენება ხელმისაწვდომია ყველა ფერმერისათვის, რომელთაც აქვთ  გარკვეული მიწის ფართობი, მაგრამ აუცილებელია ამ ცხოველის მოვლა-პატრონობის  რეკომენდირებული წესების საფუძვლიანი ცოდნა.

ბოცვერი წარმოშობილია გარეული კურდღლისაგან, რომლის სამშობლოდ ითვლება ესპანეთი და სამხრეთ აფრიკა. ესპანეთში გავრცელებული გარეული კურდღლისაგან წარმოშობილია ევროპაში გავრცელებული ჩვეულებრივი ბოცვერი. ბოცვრის ძირითადი და მთავარი ბიოლოგიური თავისებურებანი, რომლებსაც სამეურნეო-ეკონომიკური მნიშვნელობა აქვთ – ეს არის მისი ადრეულობა, მაღალნაყოფიერება და სწრაფი გამრავლების უნარი, ზრდის და განვითარების ინტენსიურობა; კვების დანახარჯების ეფექტური უკუგება, კარგი აკლიმატიზაციის უნარი.

საქართველოში მოშენებულ დედა ბოცვრებს (შინშილა, რუხი გოლიათი, თეთრი გოლიათი, ქართული სახორცე-საქურქე, კალიფორნიული, ახალზელანდიური თეთრი) წლის განმავლობაში 10-ჯერ დაგრილება და თითო მოგებაზე 8-10 ბაჭიის მოცემა შეუძლია.  ადრეული სქესობრივი სიმწიფის მაღალნაყოფიერების და მაკეობის პერიოდის  ხანგრძლივობის გამო ერთი  დედა ბოცვრისაგან წლის განმავლობაში ფერმერს შეუძლია მიიღოს 24-40 ბაჭია, 60-70 კგ ხორცი.

ბოცვერი ყველა სასოფლო-სამეურნეო ცხოველზე უფრო მაღალი ადრემწიფადობით ხასიათდება. განსაკუთრებით ინტენსიურად იზრდება პოსტემბრიონული პერიოდის 3-4 თვის ასაკში.

მსოფლიოში ცნობილია ბოცვრის 60-მდე ჯიში და ჯიშური ჯგუფი, საქართველოში 6 ჯიშია მოშენებული. არჩევენ სახორცე, სახორცე-ტყავბეწევული და სათივთიკე მიმართულების ჯიშის ბოცვრებს;   ჩვენს  ქვეყანაში აშენებენ, როგორც სახორცე (კალიფორნიული, ახალზელანდიური თეთრი) ასევე სახორცე-ტყავბეწვეულ (საბჭოური შინშილა, რუხი გოლიათი, თეთრი გოლიათი, ქართული სახორცე-საქურქე ) ჯიშებს. ფერმერულ მეურნეობაში ძირითადად გავრცელებულია სახორცე-ტყავბეწვეული მიმართულების ჯიშის ბოცვრები.

ვერც ერთი სასოფლო-სამეურნეო ცხოველი ვერ შეედრება  ბოცვერს ზრდის სისწრაფეში. ბაჭიები დაბადებისას იწონიან 40-90 გ. მეექვსე დღეს მათი წონა ორმაგდება, ხოლო 1 თვის ასაკში 10-12 -ჯერ იზრდება. ბოცვრები ძალიან სწრაფად მრავლდებიან.  3,5-4 თვის ასაკში აღწევენ სქესობრივ სიმწიფეს. წლის დასაწყისში უნდა შედგეს გაგრილება-მოგების გრაფიკი. გათვალისწინებული  იქნეს ბოცვრის მაკეობის ხანგრძლივობა (28-31 დღე). დედა ბოცვერმა ერთდროულად უნდა დაყაროს არანაკლებ 2-3 ბაჭია, რათა შესაძლებელი იყოს  მცირერძიანი დედების ბაჭიების უხვრძიან დედებთან ჩასმა და უხვრძიანი დედების ძიძებად გამოყენება. მოგება ძირითადად ღამის საათებში მიმდინარეობს, იშვიათად დილით და დღისით, გრძელდება 15-30 წუთის განმავლობაში, ცალკეულ შემთხვევაში მოგება შეიძლება 50-60 წუთს გაგრძელდეს.

მოგების დროს ბოცვერი განიცდის წყურვილს, ამიტომ სასმელი წყლის ნაკლებობა მიზეზია იმისა, რომ დედა ჭამს თავის ბაჭიებს. ამის გამო აუცილებელია დედალი უზრუნველყოფილი იყოს სუფთა სასმელი წყლით. ბოცვრების მიერ თავისი ბაჭიების შეჭმის  ერთ-ერთი მიზეზია მაკეობის დროს მათი არასრულფასოვანი კვება, საკვებში  მინერალური მარილებისა და ვიტამინების ნაკლებობა. დედა ბოცვერი, რომელიც შემჩნეულია ბაჭიების ჭამაში, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოწუნებული.

ფერმერმა არა მარტო უნდა გამოზარდოს ბოცვერი, არამედ გაზარდოს  მათი ცოცხალი მასა, ტყავის ზომები და ხარისხი. დედობრივი ინსტიქტი და სხვა ბევრი თვისება გადაიცემა შთამომავლობით, ამიტომ იმ ბოცვრებს, რომლებსაც ტოვებენ შთამომავლობის მისაღებად, აფასებენ არა მარტო გარეგნობით, არამედ მშობლებისა და წინაპრების  მაჩვენებლის მიხედვით.

სანაშენედ არჩევენ კარგ ბაჭიებს. ადგილი არ უნდა ჰქონდეს ნათესაურ შეწყვილებას. ეს იწვევს სუსტი და მახინჯი შთამომავლობის მიღებას, მკვდარი ბაჭიების დაბადებას. ეს რომ არ მოხდეს, ჩანაწერების მიხედვით ამოწმებენ დედლისა და მამლის წარმოშობას, როდესაც ბოცვრების მცირე სულადობა ჰყავთ, უმჯობესია სხვა მამლების გამოყენება ან მათი გადაცვლა. სარემონტოდ   ბოცვრებს არჩევენ 3 თვის ასაკში. მათი  გადარჩევა ხდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როდესაც ბოცვრებს აფასებენ ბეწვის ხარისხის მიხედვით.

ბოცვრების ძირითად საკვებს წარმოადგენს მცენარეული საკვები, რომელიც შეიცავს ცხოველებისათვის სასარგებლო ყველა ნივთიერებას – ცილებს, ცხიმებს, სახამებელს, ვიტამინებს, მინერალებს. წყლისადმი განსაკუთრებული მომთხოვნია მაწოვარი დედა, რომელიც რძესთან ერთად გამოყოფს მნიშვნელოვანი რაოდენობის სითხეს,  ხშირად წყლის უკმარისობა დედების მიერ ბაჭიების შეჭმის მიზეზი ხდება. წყლისადმი დიდი მოთხოვნილება აქვს მოზარდეულსაც. ბოცვრები უწყლობას უფრო ცუდად იტანენ, ვიდრე შიმშილს. მწვანე საკვები – ბალახი, ხის ყლორტები ფოთლებით აუცილებელია ბოცვრებისათვის ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. ულუფაში მწვანე საკვების ჩართვით შეიძლება კონცენტრანტების სანახევროდ შემცირება  და ამ გზით პროდუქციის გაიაფება. ბოცვრების საკვებად იყენებენ  არა მარტო ნათეს ბალახებს, არამედ მინდვრის ბალახებსაც, ასევე კარგად იკვებებიან ბოცვრები  ისეთი ბალახებით, როგორიცაა ბაბუაწვერა, მრავალძარღვა, ფარსმანდუკი, ჭინჭარი, სამყურა და ა.შ.

ბოცვრები კარგად ჭამენ სტაფილოს და ჭარხლის ფოთლებს, კომბოსტოს, ნიახურს, მარწყვის ფოთლებს. ზრდასრულ ბოცვრებს აძლევენ აგრეთვე კარტოფილის ფოთლებს. წვნიან საკვებად იყენებენ ჭანგას ძირებს, რომლებსაც აგროვებენ მინდვრის საგაზაფხულო ფარცხვის დროს. საკვებად გამოყენების წინ საჭიროა მიწისაგან მათი კარგად გასუფთავება.

კარგ საკვებს წარმოადგენს ვენახის მწვანე ნარჩენები, აგრეთვე ვაზის საშემოდგომო ან საგაზაფხულო ანასხლავი. მწვანე მასა გამოიყენება მხოლოდ შაბიამნით შეწამვლიდან 20 დღის შემდეგ. ბოცვრები მზესუმზირას ყვავილობამდე კარგად ინელებენ,  მაგრამ შემდგომში ქვეითდება მისი მონელება და ნაკლებ ყუთიანი ხდება. მიწავაშლას, როგორც მწვანე მასა, ასევე თვით ტუბერებიც ბოცვრების კვებისას ფართოდ გამოიყენება.  კარგ საკვებად ითვლება მერძეულ დედა ბოცვრებისათვის რევანდი.

ბოცვრებს უყვართ ნეკერი-ხემცენარეების საკვები. ფოთლოვანი მცენარეების ნედლი, წვრილი ყლორტები. კარგია, როგორც ძირითადი საკვების დანამატი. უკეთესია აკაციიის, ტირიფის, მუხის, მურყნის, თხილის, თელის ყლორტები.

მწვანე საკვები კვების წინ სპეციალურ შემზადებას არ საჭიროებს. ამასთან აუცილებელია, რომ ბოსტნეული  კულტურების ფოჩი კარგად გაირეცხოს. ჭარხლის ფოჩს  კი, რომელიც კუჭის აშლილობას იწვევს, მცირე  რაოდენობით ცარცი უნდა მოეყაროს.

ბოცვრისათვის ზამთრის პერიოდში აუცილებელია უხეში საკვები  თივა, პარკოსნების ძენძო, ფოთლოვანი და წიწვოვანი ხემცენარეების ნეკერი. თივას ბოცვრები ცუდად ინელებენ, ამიტომ ზამთრის განმავლობაში მარტო თივით კვება არ არის მიზანშეწონილი და  ერთი ბოცვრისათვის ამზადებენ 40 კგ-მდე  თივას . უკეთესია, თუ თივას წვრილად დავჭრით, დავალბობთ თბილ წყალში, წყალს გადავწურავთ, მოვაყრით  კომბინირებულ საკვებს და ასე მივცემთ. ამ შემთხვევაში საკმარისია დღეში ერთხელ კვება. წვნიან საკვებს ბოცვრებს აძლევენ წლის ნებისმიერ დროს. ყველაზე უკეთეს საკვებად ითვლება სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი, კომბოსტო, გოგრა; აძლევენ აგრეთვე საზამთროს, ნესვის ქერქებს.

მარცვლოვანი, ანუ კონცენტრირებული საკვები ყველაზე ყუათიანია, საჭიროა მისი  ეკონომიკური გამოყენება. ამისათვის მას აქუცმაცებენ  და ღერღილის სახით აძლევენ ცხოველებს. უკეთესია, თუ  სხვა სახის საკვებთან ერთად გამოვიყენებთ. საუკეთესო მარცვლოვანი საკვებია შვრია, ქერი, სიმინდი, ცერცველა და სხვა, რომლებიც კვების წინ 2-3 საათს უნდა დალბეს წყალში. უმჯობესია სხვადსხვა სახის მარცვლის ერთმანეთში არევა და მათთვის მინერალური საკვების სახით დაფქული ნიჟარებისა და წვრილი კენჭების დამატება.

ბოცვრების შეძენამდე ფერმერმა უნდა გააკეთოს სათანადო გალია და შეაჩეროს ადგილი ან შენობა, სადაც მოთავსდება გალიები. გალიები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: იყოს იაფი და ადვილად გამოსაყენებელი, გალიაში არ უნდა ჩერდებოდეს შარდი და განავალი, დაცული უნდა იყოს წვიმა-ქარისაგან და მტაცებლებისაგან, უნდა იყოს ნათელი, ჰქონდეს ისეთი მოცულობა, რომ ბოცვრებს თავისუფლად შეეძლოთ გადაადგილება.

გალიების ყველაზე მოხერხებული ზომებია სიგრძე-120სმ, სიგანე 60-65 და სიმაღლე 70 სმ. ღია ცის  ქვეშ გამოსაყენებლად გალიებს სახურავის წინა მხარე უფრო მაღალი უნდა ჰქონდეს უკანა მხარეზე. ასეთი გალიის წინა მხარის სიმაღლე უნდა იყოს 70-75 სმ. სახურავი წინა კედელზე გადმოვიდეს 30 სმ-ით, გვერდებზე -15 სმ-ით. გალიებს აკეთებენ სხვადასხვა საამშენებლო მასალით; ფართოდ იყენებენ ფანერას, რადგან ბოცვერი ერიდება მის ღრღნას. იატაკი  იყოს კარგად მორგებული, მისი უკანა ნაწილი მაღალი უნდა იყოს წინა ნაწილზე 5 სმ-ით. გალიის წინა ნაწილის მთელ სიგრძეზე ტოვებენ 2 სმ სიგანის ზოლს, სადაც გროვდება და გამოაქვთ ბოცვრის შარდი და განავალი.

იმისათვის, რომ გალიაში ყოველთვის იყოს სიმშრალე და სისუფთავე აკეთებენ ორმაგ იატაკს. ზედა ნაწილი – 2X2  სმ უჯრედიანი ხის ბადეა, რომელიც უძრავია, ხოლოქვედა ნაწილი მოძრავი. გალიის წინა კედელზე გარედან აწყობენ ბალახის და თივის ჩასაყრელ მოწყობილობას, შიგნითა მხრიდან ხის ან რკინის ბადით. დედა ბოცვრის გალიას ყოფენ ორ განყოფილებად – საკვები და საბუდე. საბუდე განყოფილების წინა კედლის სიგანე 40 სმ-ია და ამავე დროს წარმოადგენს მთლიან კარებს. ტიხარი უმჯობესია იყოს ამოსაღები. საბუდე განყოფილებაში 25-30 სმ-ის სიმაღლეზე აწყობენ თაროს დედის დასასვენებლად, თაროს იატაკი  ამავე დროს იქნება ბუდის ჭერი – ამით მცირდება ბუდის ზომები, რაც ხელს უწყობს ტემპერატურის უკეთ შენარჩუნებას ზამთარში. თუ გალიები გადატიხრული არ არის, ასეთ შემთხვევაში იყენებენ სადედეს. ეს არის ფანერის ყუთი, რომლის სიგრძე 50 სმ-ია, სიგანე 30, სიმაღლე 30-32 სმ, სადედის ადგილზე ამოჭრილია 15-20 სმ დიამეტრის საძრომი. სადედის მაღლითა კედელი მოძრავია, მაგრამ  უნდა ჰქონდეს საკეტი. მოზარდეულისათვის უკეთესია იგივე გალია, სადაც ისინი იბადებიან.  2,5 თვის ასაკამდე თითეულ ბაჭიაზე საკმარისია 0,2 მ2 ფართობის იატაკი. შემდგომში ეს ნორმა იზრდება 0,3-0,4 მ2 -მდე. ამ დროს ახდენენ დედლების და მამლების განცალკავებას. თუ ბოცვრებს ზაფხულის განმავლობაში ინახავენ ღია ცის ქვეშ, ითვალისწინებენ  იმ გარემოებას, რომ მაკე ბოცვერი ადვილად იხოცება სითბური დარტყმით, გალიაზე აწყობენ ხის ტოტებს ან ნამჯას.

ზაფხულის პერიოდში სასურველია ბოცვრების შენახვა  გადასატან მოძრავ სპეციალურ გალიებში. გადასატან  გალიებს აქვთ სამკუთხა ფორმა. დაბლითა გვერდი იატაკის დანიშნულებას ასრულებს. ასეთი გალიის მოსახერხებელი ზომებია: სიგრძე – 2მ, სიგანე – 1 მ და სიმაღლე 1 მ. გალიებს  ამზადებენ ხის   ჯოხებისა და რკინის ბადისაგან. სიცხის და წვიმისაგან ბოცვრების დაცვის მიზნით გალიის ერთ მხარეზე აკეთებენ 35-40 სმ -ის ზომის თავშესაფარს, ამისათვის მის ყველა გვერდს ფარავენ ფანერით. აქვე აკეთებენ კარებს თავისი სიმაგრით. ზრდასრულ მამალ ბოცვერს გალიაში ინახავენ ერთს, ხოლო დედალ ბოცვრებს დასვენების პერიოდში და მაკეობის 10  დღემდე გალიაში ათავსებენ ერთ ან ორ სულს, რომლებსაც აცალკავებენ. ერთი ბუდის მოზარდს 3 თვის ასაკამდე ინახავენ ერთად, სქესის მიხედვით გაყოფის შემდეგ კი გალიაში ათავსებენ 2-4 სულს.

ჩვენს მიერ  შემოთავაზებული ზოგიერთი რეკომენდაცია, რომელიც დაკავშირებულია ბოცვრის მოვლის, კვების და შენახვის საკითხებთან, ხელს შეუწყობს ფერმერს მცირე  დანახარჯებით, უმოკლეს პერიოდში, მიიღოს მაღალხარისხოვანი დიეტური ხორცი და ტყავბეწვეული.

 

ჯემალ გუგუშვილი,

აკადემიკოსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის   მეცნიერებათა აკადემია