„შავი ზღვა და ბიომრავალფეროვნება”
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ სტუდენტური კონფერენციის „შავი ზღვა და ბიომრავალფეროვნება” გამარჯვებულები დააჯილდოვეს. კონფერენციაში მონაწილეობა შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა მიიღეს.
კონფერენციის გამარჯვებული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი რევაზ ბერულავაა; მეორე ადგილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა კესანე არშბამ დაიკავა, მესამე ადგილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე კობაიძე გავიდა.
გამარჯვებულებს სერტიფიკატები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ვაუჩერები და ფარმადეპოს სასაჩუქრე ნაკრები გადაეცათ.
ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით კონკურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.
შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში 1996 წლიდან აღინიშნება.