აგროსიახლეები

ქვეყნის ხორბლით მომარაგების პრობლემა არ არსებობს

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებით ხორბლისა და ფქვილის ბაზრის სტაბილური ფუნქციონირების და ქვეყნის ხორბლით შეუფერხებლად მომარაგების მხრივ პრობლემა არ არსებობს.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს იმის შესახებ, რომ თითქოს რუსეთიდან ხორბლის იმპორტის შეფერხების შემთხვევაში, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების კუთხით შესაძლოა პრობლემები შეიქმნას, რადგან ხორბლის მოწოდების ძირითადი წილი ამ ქვეყნიდან ხორციელდება“ _ აღნიშნულია საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებაში.

საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განმარტებით, დღეის მდგომარეობით არავითარი პრობლემა ქვეყნის ხორბლით მომარაგების კუთხის არ არსებობს და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება სრულად არის დაცული, არსებული 2 თვიანი მარაგები შესაბამისობაშია გაეროს რეკომენდაციებთან და უზრუნველყოფილია წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობაზე დაყრდნობით.

კერძოდ:

– საქართველოს წისქვილკომბინატებსა და ელევატორებში არსებობს 2 თვის მოხმარების სასურსათო ხორბლის მარაგები, რომელიც ხარჯვის პარალელურად მუდმივად ივსება და ეს უწყვეტი პროცესია;

– ქართველ ფერმერებთან დამატებით ინახება დაახლოებით 1 თვის მოხმარების სასურსათო ხორბალი;

– ხორბლის ფასი მსოფლიო და რეგიონულ ბაზრებზე არის სტაბილური;

– ქვეყანაში შეუფერხებლად და საკმარისი რაოდენობით ხორციელდება ხორბლის და ფქვილის იმპორტი.

– რაც შეეხება უმეტეს წილად ხორბლის და ფქვილის რუსეთიდან შემოსვლას, დღეს რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი ხორციელდება პროდუქციის ყველაზე დაბალი ფასის გამო. გარდა რუსეთისა მუდმივი კონტაქტი და მონიტორინგი გვაქვს მინიმუმ 3 ახლომდებარე ალტერნატიულ ქვეყანასთან -რუმინეთი, უკრაინა და ყაზახეთი. თუმცა დღესაც და ბოლო წლების განმავლობაში ეს ბაზრები შედარებით უფრო მაღალ ფასს გვთავაზობენ (შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს რუსეთთან ხორბლის ტრანსპორტირების სიძვირე).

– წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობის პირობებში არც დღეს და არც შემდგომში არავითარი პრობლემა ხორბლით ქვეყნის მომარაგების კუთხით არ არსებობს, რადგან წისქვილკომბინატების მუშაობის ბიზნეს პროცესები თავის თავში გულისხმობს ხორბლის ფქვილად გადამუშავების (ხარჯვის) პარალელურად გარდამავალი მარაგების მუდმივ შევსებას (მოქმედებს 3 კომპონენტიანი უწყვეტი მომარაგების სქემა: წისქვილში არსებული ხორბლის გადამუშავება ფქვილად -გზაში მომავალი ხორბალი – ახალი ხორბლის პარტიის შესაძენად კონტრაქტის დადება)

ზემოთ აღნიშნული სქემით ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში, ხდება სხვა ალტერნატიულ ბაზრებზე მყისიერი გადასვლა და ბაზრის ავტომატური დივერსიფიცირება, რაზეც საკმარისზე მეტი დრო არსებობს(ხორბლის 2 თვიანი მარაგის ხარჯზე).

აქვე კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ წისქვილკომბინატების ინდუსტრიის სტაბილური და შეუფერხებელი მუშაობა დღევანდელ სიტუაციაში სრულად არის უზრუნველყოფილი დამაბალანსებელი მოსაკრებლით ხორბლის იმპორტზე, რომელიც თავისი არსით ათანაბრებს ხორბლისა და ფქვილის იმპორტის დაბეგვრის რეჟიმებს და არც ერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს რაიმე სახის უპირატეს რეჟიმს წისქვილკომბინატების სასარგებლოდ ფქვილის იმპორტიორებთან მიმართებაში.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია აღნიშნავს, რადგან საკითხი ხორბლის ბაზარზე არსებული მდგომარეობის და სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მუდმივად წარმოადგენს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, რომ საერთაშორისო და საქართველოს ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს ბაზარზე უახლოესი თვეების განმავლობაში მდგომარეობა იქნება სტაბილური.

ასოციაცია, ტრადიციულად შემდგომშიც პერიოდულად გამოაქვეყნებს ინფორმაციას ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ.