თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მცენარეთა გენეტიკური რესურსები: შესაძლებლობები და გამოწვევები” გაიხსნა
საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც სექციათა ჭრილში მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მცენარეთა გენეტიკური რესურსების მართვა და გამოყენება მდგრადი სოფლის მეურნეობისთვის, ველური ფლორის გენეტიკური რესურსების კონსერვაცია და სერვისები, კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნება, მსოფლიოს 14 ქვეყნის 150-მდე მეცნიერი და მკვლევარი ესწრება.
კონფერენცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ გახსნა. კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდნენ. იური ნოზაძემ მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმიმართა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბუნებაში გამქრალი სახეობების თუ ჯიშების რეინტროდუცირებისათვის გენეტიკური რესურსების კონსერვაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„აგრობიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების შენარჩუნება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და სხვა აქტივობები საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიის უახლესი წლების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და სახელმწიფო ინსტიტუციების აღნიშნულ საქმიანობაში მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს“, – განაცხადა იური ნოზაძემ.
საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC), საქართველოს ეროვნული და სოფლის მეურნეობის აკადემიის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, უნივერსიტეტების, ფერმერთა გაერთიანებების ხელმძღვანელმა პირებმა და წარმომადგენლებმა მიმართეს.
„საერთაშორისო კონფერენცია ემსახურება მცენარეთა გენეტიკური რესურსების არსებული მდგომარეობის გაანალიზებას, მისი შენარჩუნება-დაცვის მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე განხორციელებული კვლევის შედეგების გაცვლას, გაზიარებას და სამომავლო პერსპექტივებს”, – აღნიშნა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ სიტყვით გამოსვლისას.
საერთაშორისო კონფერენცია ადგილობრივ, საერთაშორისო მეცნიერებს და მკვლევარებს საშუალებას აძლევს, მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის სხვადასხვა მეთოდის შესახებ წარმოადგინონ განხორციელებული კვლევის შედეგები და მათი მდგრადი გამოყენების პერსპექტივებზე იმსჯელონ.
საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით იმართება, 22 მაისს გაიხსნა და 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ორდღიანი პლენარული სხდომების და თემატური სესიების დასრულების შემდეგ, კონფერენციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას, ასევე წილკნის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებს, თესლის გენეტიკურ ბანკსა და სამეცნიერო-კვლევით სივრცეებს ესტუმრებიან.