აგროსიახლეები

მეფუტკრეების მხარდასაჭერად მიზნობრივი პროგრამა განხორციელდება

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეებს დაუფინანსდებათ პროგრამით გათვალისწინებული  სკების ღირებულების  50% არაუმეტეს 70 ლარი,  არაუმეტეს 5,000 ლარი  ერთი ბენეფიციარზე გადაანგარიშებით.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად  პოტენციურ ბენეფიციარს  უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახი (არანაკლებ 10 სკა), ხოლო მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის პოტენციური ბენეფიციარის საფუტკრე მეურნეობაში რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს.

პროგრამის აუცილებელი პირობაა, რომ პოტენციური ბენეფიციარი რეგისტირებული იყოს ბიზნესოპერატორად და საფუტკრე დარეგისტრირებული ჰქონდეს  ცხოველთა  იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS).

მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია  კონკურენტუნარიანი და მდგრადი მეფუტკრეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო  მეფუტკრეობის განვითარებას არაერთი  პროგრამისა თუ პროექტის საშუალებით უჭერს მხარს, რომელთა მიზანია ხარისხიანი  თაფლის წარმოების  მდგრადობის  ხელშეწყობა, დარგობრივ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და  საერთაშორისო ბაზარზე ქართული თაფლის შესახებ ცნობადონის ზრდა, რაც სამომავლოდ შესაძლებელს  გახდის, მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი მოხვდეს როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ  მეფუტკრეთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროგრამით ისარგებლა 200-ზე მეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა, მათ სახელმწიფოს მხრიდან 70%-იანი თანადაფინანსებით მიიღეს 18,000-ზე მეტი სკა და მეფუკრეობისათვის საჭირო ინვენტარი.

 თუმცა,   გაჩნდა  საჭიროება, რომ მსგავსმა პროგრამამ მოიცვას არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები არამედ, როგორც  ფიზიკური, ასევე საქართველოში რეგისტრირებული  მეწარმე იურიდიული და ფიზიკური პირები. მომზადდა  მიზნობრივი პროგრამა, სადაც გათვალისწინებულია ამ ეტაპზე ყველა ის პირობა, თუ დათქმა, რაც საჭიროა პროგრამის ეფექტური და დროული განხორციელებისათვის.