აგროსიახლეები

გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართა

გურჯაანში ტრადიციულ ღვინის ფესტივალში 400-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი მონაწილეობდა, რომელთაც სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელი წარმოადგინეს.
გურჯაანის ღვინის ფესტივალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი,  პირველ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სტუმრობდნენ.

გურჯაანი ფესტივალი

მთავრობის მეთაური ესტუმრა მეწარმეთა და მეღვინეთა სივრცეებს, “აისის” პროფესიული სასწავლებლისა და მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების სტენდს გაეცნო, ასევე დაათვალიერა “საქპატენტის” გამოფენა ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან, დაცვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით და მოსახლეობას გაესაუბრა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის ფარგლებში ირაკლი კობახიძე დაესწრო სომელიეთა შოუს, სადაც გაიმართა ღვინის დეგუსტაცია, ასევე მონაწილეობა მიიღო ჩურჩხელის ამოვლებაში.

ფესტივალი, რომელიც ქალაქ გურჯაანის ახტალის პარკში გაიმართა, წელსაც ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. გურჯაანის ღვინის ფესტივალი, 2022 წლიდან, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,  საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა.

გურჯაანაი ღვინის ფესტივალი ლაკჯსდფლკასჯდლფ

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში; წარმოდგენილი იყო IWSC-ის ოქროს მედალოსანი ღვინოები. მოეწყო შემოდგომის ნობათისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

გურჯაანი ღვინის ფესტივალი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, გურჯაანის ღვინის ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქპატენტი და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამით დასრულდება.