აგროსიახლეები

მეტი სარწყავი წყალი ბაღდათის სავარგულებისთვის

დიმი-როკითისა და ვარციხის სარწყავი სისტემების რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოები ბაღდათის მუნიციპალიტეტში საირიგაციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

პროექტების მთლიანი ღირებულება, დაახლოებით, 2,92 მილიონი ლარია.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების შედეგად, დიმი-როკითისა და ვარციხის სარწყავი სისტემებით მოსარგებლე ფერმერებისთვის წყლის მიწოდების პირობები ჯამში 2 010 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

შპს „საქართველოს მელიორაცია“ დიმი-როკითის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 1,1 მილიონი ლარია.

სამუშაოების დასრულების შემდეგ სარწყავი წყლის მიწოდების პირობები 1 200 ჰექტარზე გაუმჯობესდება.

დიმი-როკითის სარწყავი სისტემა საქართველოში ერთ-ერთი უძველესია. იგი სოფლების — დიმის, როკითისა და დიდველის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს სარწყავი წყლით ამარაგებს. სისტემის რეაბილიტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მეურნეობებისთვის, რომელთა მოსავლიანობა და წარმოების სტაბილურობა მნიშვნელოვანწილად საირიგაციო წყლის ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული.

მიმდინარე წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ვარციხის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციაც არის დაგეგმილი. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 820 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება დამატებით 810 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

სარეაბილიტაციო პროექტებთან ერთად, მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოებიც მიმდინარეობს. იწმინდება არხები და მილსადენები, წესრიგდება მოძველებული ინფრასტრუქტურა, საჭიროების შემთხვევაში კი დაზიანებული მონაკვეთები ახლით იცვლება.

სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

წყლის დროული და შეუფერხებელი მიწოდება ფერმერებს საშუალებას აძლევს, უკეთ დაგეგმონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, შეამცირონ გვალვით გამოწვეული რისკები და უფრო სტაბილური მოსავალი მიიღონ. ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაც სწორედ ამ მიზანს უკავშირდება.