აგროსიახლეები

აგრარული ფორუმი „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბათუმში სასტუმრო რედისონში აგრარული ფორუმი „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ გახსნა. თავის გამოსვლაში მინისტრი აჭარაში აგრარული სექტორის განვითარების პერსპექტივებს და ამ სფეროში დაგეგმილ პროექტებს შეეხო.

აჭარის აგრარული ფურუმი

ფორუმს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფორუმი მიზნად ისახავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აგრარული შესაძლებლობების წარმოჩენას, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციის ზრდას, სოფლის მეურნეობის სექტორის საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის ხელშეწყობას, ადგილობრივი აგრო-მეწარმეების დაკავშირებას და აგრარულ დარგში დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლებას.

ფორუმზე განხილული იქნა აჭარის აგრარულ სექტორში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები, აგრო-ბიზნესის პერსპექტივები და გამოწვევები, ასევე, სოფლად ტურიზმის განვითარების მიმართულებით არსებული ტენდენციები.

ფორუმში მონაწილეობდნენ აგრარულ სექტორში მოქმედი კომპანიები, სავაჭრო სამრეწველო პალატა, ბიზნეს ასოციაციები და სამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები აჭარის აგრარული შესაძლებლობებისა და აგრო-ბიზნესის წარმატებული ისტორიების შესახებ.