დარგებიმებაღეობა

რა დროს უნდა მოიკრიფოს ვაშლი და როგორ განვსაზღვროთ მისი სიმწიფე?

ვაშლის კულტურის წარმოების პროცესში მოსავლის აღება ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ დროს მწარმოებელთა უმეტესობას აწუხებს კითხვა, თუ რომელი ჯიში რა დროს უნდა მოიკრიფოს, რადგან მაღალი ხარისხის ნაყოფის მიღებას და მისი შენახვის ხანგრძლივობას სწორედ სათანადო ეტაპზე მოსავლის აღება განსაზღვრავს.
ნაყოფი, რომელიც ხანგრძლივი შენახვისთვისაა განკუთვნილი, სრულ სიმწიფემდე უნდა დაიკრიფოს, განსხვავებით იმ ნაყოფებისგან, რომლებიც მცირე დროით ინახება. მკვახე ნაყოფი ადვილად იჟეჟება, შენახვის დროს ზიანდება ქეცით, ლაქიანობით და ჭკნება, ამასთანავე ნაკლებად შეფერილი და უგემურია. არასასურველია ასევე გადამწიფებული ნაყოფის მოკრეფა, ამ შემთხვევაში, ვაშლის ხარისხი მალე გაუარესდება, შეიქმნება შენახვასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც: მინისებრი დაავადება და დაქაშება.  სათანადო კონდიციაში აღებული ვაშლი დამწიფდება და კონკრეტული ჯიშისთვის დამახასიათებელ გემოს და არომატს მიიღებს. ვაშლის ადრე, დამწიფებამდე კრეფა ნაყოფის ზომასა და ხარისხს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.

ვაშლის მოსავლის აღების სათანადო დროის განსაზღვრისთვის სიმწიფის სხვადასხვა ინდექსი გამოიყენება. ყველა ჯიშს ერთი სიმწიფის ინდექსით ვერ განვსაზღვრავთ, რადგან ეს ინდივიდუალურია და ჯიშების მიხედვით განსხვავდება. სიმწიფის პერიოდი განისაზღვრება ერთი ან მეტი სიმწიფის ინდექსის გამოყენებით, მათ შორის: კანის ფერით, ხსნადი მშრალი ნივთიერებებისა და სახამებლის შემცველობით, სიმკვრივით და გემოვნური თვისებებით. ჯიშების უმეტესობაში სიმწიფე კანის შეფერილობით და ნაყოფის ზედაპირზე ბუნებრივი ცვილის წარმოქმნით შეიძლება განისაზღვროს. სიმწიფესთან ერთად კანის ფერი იცვლება და კონკრეტული ჯიშისთვის დამახასიათებელ ფერს იღებს. ამასთან ერთად, დამწიფებისას ბუნებრივი ცვილის შემცველობა მატულობს და კანი უფრო პრიალა ხდება. თუ ნაყოფს  დამახასიათებელი შეფერილობა არ აქვს, მისი რეალიზაცია რთულდება.

ვაშლში მშრალი ხსნადი ნივთიერებების მაჩვენებელი შაქრის შემცველობასთან და სიტკბოსთან არის დაკავშირებული. ხსნადი მშრალი ნივთიერებების პროცენტული შემცველობა განისაზღვრება რეფრაქტომეტრით. ნაყოფის რბილობიდან გამოწურული წვენი უნდა მოთავსდეს რეფრაქტომეტრის მინის პრიზმაზე, ოკულარში ჩახედვით მზის სინათლისკენ სადემარკაციო ხაზზე დავინახავთ ციფრს, რომელიც შეესაბამება ნაყოფში შაქრის შემცველობას. როგორც წესი, ეს ანალიზი, გამოიყენება ნაყოფის შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ ნიმუშებში, რათა დადგინდეს კავშირი ნაყოფის ზომას, ვიზუალურ თვისებებსა და  სიმწიფეს შორის. მოკრეფისას რედ დელიშესის კლონების ხსნადი მშრალი ნივთიერების მაჩვენებელი (SS%) მინიმუმ 10% უნდა იყოს,  გოლდენის კლონებისთვის კი მინიმუმ 10.5%. თუმცა ნაყოფს, რომელსაც ხსნადი მშრალი ნივთიერება უფრო მაღალი მაჩვენებლით ექნება, უფრო არომატული და გემრიელი იქნება.

ნაყოფის დამწიფებასთან ერთად რბილობში არსებული სახამებელი თანდათან შაქრად გადაიქცევა. სახამებლის შემცირებული დოზის და შაქრის გარდაქმნის გაზომვა შესაძლებელია გაჭრილი ვაშლის იოდის ხსნარში მოთავსებით. სახამებელი შედის რეაქციაში იოდის ხსნართან და მოლურჯო-მოშავო ფერს იღებს იმ მოდელით, რაც კონკრეტული ჯიშისათვისაა დამახასიათებელი. თუ ხსნარში მოთავსებისას გაჭრილი ვაშლი ფერს არ შეიცვლის, ეს იმას ნიშნავს, რომ სახამებელი მთლიანად შაქრად გარდაიქმნა და ნაყოფი გადამწიფებულია, ამიტომ  მისი შენახვა ხანგრძლივი პერიოდით ვეღარ მოხერხდება და მალე უნდა გაიყიდოს. იოდსახამებლის მეთოდი ერთ-ერთი ზუსტი მეთოდია სიმწიფის განსაზღვრისათვის და მას მწარმოებლები ხშირად იყენებენ.

ხსნარის მომზადება შემდეგნაირად ხდება: 10გ კალიუმის იოდიდის კრისტალები გახსენით 265 მლ გამოხდილ წყალში, კარგად მოურიეთ, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება, დაამატეთ 2.5გ იოდის კრისტალები და კვლავ მოურიეთ. შემდეგ გახსნილ მასას დაუმატეთ გამოხდილი წყალი, რომ მთლიანობაში 1ლიტრი მივიღოთ. ხსნარი მგრძნობიარეა სინათლის მიმართ, ამიტომ ის მუქ ჭურჭელში ინახება და ყოველ სეზონზე ახალი ხსნარი მზადდება. გამოსაკვლევი ნაყოფი უნდა იყოს ახალი, შეგროვდეს ერთი ჯიშის ხეებიდან 10 ცალი, შემთხვევითობის პრინციპით. თუ ნაყოფების ან ხსნარის ტემპერატურა 10 გრადუსზე დაბალია, მცდარ პასუხებს მივიღებთ. ტესტის დასაწყებად იოდის ხსნარი უნდა დავასხათ ფართო ზედაპირის მქონე სინზე 5-8 მილიმეტრის სიღრმეზე. შერჩეული ვაშლები გაჭერით სიგანეზე ისე, რომ სათესლე კამერები ჩანდეს და ჩადეთ ხსნარში გაჭრილი ზედაპირით. გააჩერეთ 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ ამოიღეთ და მსუბუქად გადარეცხეთ წყლით. ასე უნდა გავიმეოროთ ათივე ნაყოფის ნიმუშზე. თითოეული ნაყოფი უნდა შეფასდეს ვიზუალურად და შევადაროდ შეფერვის მოდელის საორიენტაციო ცხრილს, რის შედეგადაც მივანიჭებთ შესაბამის ნომერს. ნაყოფის სიმწიფის დონის დასადგენად ათივე ნაყოფის საშუალო ქულა უნდა გამოვითვალოთ. ამ ტესტს ვიმეორებთ 3-4 დღეში ერთხელ, სანამ ჩვენთვის სასურველ სიმწიფეს არ მიაღწევს, ამის შემდეგ ვიწყებთ მოსავლის აღებას.

სახამებლის გაქრობის მოდელი ყველა ჯიშს განსხვავებული აქვს. მაგალითად, რედ დელიშესზე სახამებლის გაქრობის შემთხვევაში თითქმის თანაბარი წრე წარმოიქმნება, გოლდენზე კი უსწორმასწორო. მიღებულია, რომ თუ ვაშლის შენახვას ხანგრძლივი დროით ვაპირებთ, ნაყოფი უნდა მოიკრიფოს მაშინ, როცა სახამებლის ინდექსი 3-დან 5-მდე მერყეობს. მაქსიმალური პერიოდით ინახება მაშინ, როდესაც შუაგულში სახამებელი 100%-ით დაშლილია, ხოლო რბილობის ქსოვილში 60%-ს უნდა აღემატებოდეს, ანუ გაჭრილი ნაყოფის შუაგული სათესლე კამერების გარშემო შეუღებავია, ხოლო რბილობი 40%-ით შეღებილი. ვაშლი, რომელსაც 7-8 ქულას მივანიჭებთ, გადამწიფებულია და მისი რეალიზაცია სწრაფად უნდა მოხდეს. შედარებისათვის წარმოგიდგენთ სახამებლის დაშლის საორიენტაციო მოდელებს სხვადასხვა ჯიშის მიხედვით…

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბარაქას ვებგვერდი: https://baraka.ge/siakhleebi/ და გაეცანით ვაშლის დაცვის სქემას: https://baraka.ge/crop/vashli/  ან დაგვიკავშირდით ნომერზე:  0322044449