მომავალი 4 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად 3 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება
„საქართველოს სოფლის მეურნეობის შემდეგი ეტაპის განვითარება მისი პოტენციალის მიზნობრივ გამოყენებასა და საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრას ეხება.
ამ პროცესში მნიშვნელოვანია სოფლის ტიპის დასახლებების განვითარება და სოფლის მეურნეობაში ჩართული მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ბატონმა დავითმა აღნიშნა, მომავალი 4 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის დარგის მხარდასაჭერად, დაგეგმილია 3 მილიარდ ლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფა.
დავით სონღულაშვილმა იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც სამინისტრო განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს:
სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და რეალიზაციის პროცესების გაუმჯობესებაზე;
თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე, სერვისების ხელმისაწვდომობასა და ახალი სასოფლო-სამეურნეო პროექტების განვითარებაზე;
ფერმერებისა და მეწარმეების ცოდნის ამაღლებაზე და მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაზე;
აგროდაზღვევის სისტემის გაუმჯობესებასა და სამელიორაციო მომსახურების გაძლიერებაზე, რაც სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებასა და დარგის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს.