აგრარული განათლებადარგებიმეფრინველეობა

პრაქტიკული რჩევები დამწყებ ფერმერთათვის მეფრინველეობაში, როგორ გავზარდოთ ფრინველი საკარმიდამო პირობებში?

მეფრინველეობა (მექათმეობა) მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი დარგია. მსოფლიოში შინაური ფრინველის რაოდენობა დაახლოებით 34 მილიარდია.  ფრინველი იძლევა ძვირფას საკვებ პროდუქტს, მათ შორის, კვერცხს, რომელიც ბიოლოგიურად სრულფასოვანია და  შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა საყუათო ნივთიერებას.
ფრინველის ხორცი დიეტურ-ცილოვანი პროდუქტია. ის დამატებით იძლევა ფრთა-ბუმბულს, და ორგანული სასუქის სახით ნაკელს. გადამუშავების პროცესში ნარჩენებისგან მზადდება ცხოველური წარმოშობის საკვები დანამატები, რასაც წარმატებით იყენებენ მეცხოველეობის ცალკეულ დარგებში.

კვებითი ღირებულებით 1 ქათმის კვერცხი 40-45გრ. ძროხის ხორცის და 200 გრ. რძის ტოლფასია. 100 გრ. კვერცხის მასა 160-165 კ/კალორია ენერგიას შეიცავს. ქათმის კვერცხი ადვილად მოსანელებელია, შენახვის ხანგრძლივობითაც აღემატება სხვა ცხოველურ საკვებს. მისგან მზადდება სხვადასხვა კერძი. კვერცხის ცილა გამოირჩევა ბაქტერიოციდული თვისებებით, რასაც განაპირობებს მასში ლიზოციმის არსებობა ის აჩერებს მიკრობების განვითარებას.

ფრინველებიდან განსაკუთრებული კვებითი ღირებულებით გამოირჩევა მწერის კვერცხი.მას აქვს სამკურნალო თვისებები, კერძოდ, სასარგებლოა ასთმის და სისხლის მიმოქცევის დარღვევისას. მწერის კვერცხი B ჯგუფის ვიტამინებსა  და მიკროელემენტებს (რკინას, კალციუმს,სპილენძს, კობალტს და სხვა) გაცილებით დიდი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე სხვა შინაური ფრინველის კვერცხი. განსაკუთრებით გამოირჩევა ფარაონის ჯიშის მწყერი, რომლის მამლის (40-45 დღის)  წონა 250 გრამია,  დედლის კი 200 გრამი. ის წელიწადში დებს 12-16 გრამ წონის მქონე 150-300 ცალ კვერცხს.

მწყრის კვერცხი განსაკუთრებით კარგია ბავშვისთვის. სასურველია მისი მიღება ჭამამდე, 2-5 ცალი. არ იწვევს დიათეზს.

მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა შინაური ქათმის ხორცი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ბუნებრივად (“შინაურულად”) არის  გაზრდილი.

ქათმის ხორცის შეთვისება თითქმის 85%-ით ხდება (ძროხის 75%-ით, ღორის 70%-ით, ცხვრის 65%-ით.).

ქათმის 1 კგ ხორცის კალორიულობა 200 კ/კალ. – ხორცის საკვებად ვარგისი ნაწილია 52%; ქათმის წიწილის 1 კგ ხორცის კალორიულობაა 185 კ/კალ. – ხორცის საკვებად ვარგისი ნაწილი 46%.

მწყრის 1 კგ ხორცის კალორიულობაა 280 კ/კალ, საკვებად ვარგისიანობა 50%.

შინაური ფრინველის ხორცის და კვერცხის კალორიულობა დამოკიდებულია ფრინველის ასაკზე. არჩევენ ზრდასრულ ფრინველს (10-12 თვის)  და მოზრდილს (2-3 თვის).

ფრინველის ხორცი ნაზი ადვილად მოსანელებელია, ყუათიანი დიეტური საკვებია. კუჭ-ნაწლავით, ღვიძლით, გულითა და  ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანისთვის ერთადერთი უვნებელ საკვებს წარმოადგენს.

კვერცხს ფრინველის ორგანიზმი ახალი თაობის წარმოსაქმნელად გამოიმუშავებს. არჩევენ განაყოფიერებული და გაუნაყოფიერებელი ფრინველის კვერცხს. ორივე თანაბარი კალორიულობით ხასიათდება. ფრინველის გაუნაყოფიერებელი კვერცხი საინკუბაციოდ  (ახალი თაობის მისაღებად) გამოუსადეგარია.

ფრინველის კვერცხი შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან: ცილა, ყვითრი და ნაჭუჭი. ცილა კვერცხის დაახლოებით 60%-ია, ყვითრი -30%, ხოლო ნაჭუჭი 10-12%.

ყვითრის ქიმიური შედგენილობა სხვადასხვა სახეობის ფრინველისათვის სხვადასხვაა. ცილის შემადგენლობაში 75% უკავია წყალს.

ფრინველი სწრაფად იზრდება (სხვა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთან შედარებით), მალე აღწევს სამეურნეო სიმწიფეს და ადვილად მრავლდება. მეხორცული ქათამი სამეურნეო სიმწიფეს აღწევს 2-3 თვის, ინდაური და ბატი 5-6 თვის, იხვი 2.5-3 თვის ასაკში.  მეკვერცხული ქათამი კვერცხის დებას იწყებს 120-180 დღიდან (კვერცხის დადების ასაკი დამოკიდებულია ქათმის ჯიშზე, მეხორცული ჯიშები კვერცხი დებას იწყებენ მოგვიანებით, დაახლოებით 8 თვის ასაკში).

1 წლის განმავლობაში თითოეული ქათმისგან შეიძლება მივიღოთ საშუალოდ 100 , იხვისგან 80-100, ბატისგან 15-90,  ინდაურისგან 40-50 ფრთა მოზარდი.

ქათმების კვერცხდება და დადების სიხშირე დამოკიდებულია ჯიშზე (მერყეობს 130დან-220 კვერცხამდე წელიწადში), ქათმები კვერცხებს დებს ყოველ 2-3 დღეში.

არსებობს კვერცხდების დაჩქარების გზები, მაგალითად ხელ ხელოვნური განათების დახმარებით, დღის საათების გადიდებით. ასევე მაღალი ხარისხის საკვები ბუნებრივად ზრდის კვერცხის წარმოებას. თუმცა, უნდა გვახსოვდეს რომ ქათამი ცოცხალი ორგანიზმია და მისი კვერცხუჯრედის ორგანოები ყოველ დადებულ კვერცხთან ერთად ცვდება, ამიტომ თუ ქათამი კვერცხს ყოველდღე დებს მისი რესურსი 10 თვის შემდეგ ამოიწურება.

ჩვეულებრივ ქათმების კვერცხის დადების პერიოდი, იმ პირობით, რომ ისინი კვერცხს დებენ ყოველ 2-3 დღეში, დაახლოებით 2 წელია. ამ პერიოდის შემდეგ ქათმებს ჩვეულებრივ კლავენ ხორცისთვის, რადგან ფრინველების შენახვა წამგებიანი ხდება.

სახლის პირობებში ყველაზე მომგებიანია ქათმის და მწყრის გამოზრდა

 ახალდადებული კვერცხის ტემპერატურა ფრინველის ტემპერატურის ტოლია. გაცივების გამო კვერცხის ბლაგვ ბოლოში საჰაერო კამერა წარმოიქმნება, რომელშიც წნევა ატმოსფერულზე ნაკლებია, ამის გამო ნაჭუჭის ფორების გავლით საჰაერო კამერაში აღწევს ჰაერი, რომელსაც ბაქტერიები შეაქვს. ეს კი კვერცხის დაბინძურების და ინკუბაციის უნარის შემცირებას იწვევს.

დავიმახსოვროთ:

  1. ფრინველის ბუდე მშრალი და სუფთა უნდა იყოს.ფრინველის ახალდადებული კვერცხი გარედან ლორწოვანი სითხის თხელი  ფენითაა დაფარული. სითხის გაშრობის შემდეგ კვერცხის ნაჭუჭის გარე ზედაპირზე თხელი აპკი წარმოიქმნება, რომელიც კვერცხის შიგთავსს ბაქტერიების ზემოქმედებისგან იცავს. კვერცხის ნაჭუჭი ძირითადად, კალციუმის კარბონატის (კირქვა) და ფოსფორის შენაერთებისაგან შედგება. მასში გარედან მისი ფოსოვან-მემბრანული აგებულების გამო ადვილად აღწევს ჟანგბადი, ხოლო შიგთავსიდან გარეთ კი – ნახშირორჟანგი.

როგორც აღნიშნეთ ფრინველის აღწარმოებისათვის გამოიყენება განაყოფიერებული საინკუბაციო კვერცხი.

  1. საინკუბაციოკვერცხის სწორი შენახვა განაპირობებს გამოჩეკის მაღალ პროცენტს.
  2. საინკუბაციოკვერცხის მასა ქათმისთვის საშუალოდ 52-55 გრამზე ნაკლები არ უნდა იყოს.
  3. საინკუბაციოკვერცხი შენახვის დროს არ უნდა ხდებოდეს ორპირ ქარში, რადგან ეს გამოიწვევს კვერცხიდან წყლის აორთქლებას და ნაჭუჭის შრობას.
  4. ინკუბაციისათვისგანკუთვნილი კვერცხი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მშრალ სათავსოში ინახება, რომლის ტემპერატურა +14 გრადუსს არ აღემატება, ხოლო ტენიანობა-75%-ს.
  5. რაც უფრო ადრე დავიწყებთ კვერცხის ინკუბაციას,უფრო მეტად გამოსადეგია, კარგია თუ არ გადავაცილებთ 7 დღეს.
  6. ინკუბაციისდაწყების წინ თუ კვერცხს შუქზე გავხედავთ და დავინახავთ, რომ საჰაერო კამერა ან ყვითრი ადვილად მოძრაობს, ის საინკუბაციოდ არ გამოგვადგება. საინკუბაციო კვერცხს საჰაერო კამერა ბლაგვ ბოლოზე უნდა ჰქონდეს და არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი კვერცხის მოცულობის 2-4%-ს.  თუ საჰაერო კამერა ბლაგვ ბოლოზე არ არის, ჩანასახი უჰაერობით იხრჩობა.  ყვითრი საინკუბაციო კვერცხის ცენტრში უნდა მდებარეობდეს. ცილა მკვრივი უნდა იყოს და არ უნდა ლაყლაყებდეს.

საინკუბაციო კვერცხის ნაჭუჭიდან პათოგენური მიკრობების შეღწევის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია საბუდრებში  სისუფთავის დაცვა, კვერცხის ხშირად აკრეფა სუფთა ხელებით. საინკუბაციო კვერცხის გარეცხვა დაუშვებელია. კვერცხის ნაჭუჭი არ უნდა იყოს არც ძალიან სქელი და არც ძალიან თხელი.

  1. კვერცხებისშერჩევის შემდეგ ამზადებენ ბუდეს, რომელსაც ყუთში ან კალათაში აწყობენ. მისი ზომებია 60სმX40სმX40სმ.
  2. ბუდეშისუფთა, მშრალ თივას ან ნამჯას აფენენ და ნახევრად ბნელ ადგილას ათავსებენ, სადაც ტემპერატურა 12-13 გრადუსზე მეტია.
  3. ბუდეშიკვერცხების რაოდენობა ფრინველის კვერცხის ზომაზე და გარემო ტემპერატურაზეა დამოკიდებული.
  4. ბუდეშიმჯდომი ფრინველი კვერცხებს მთლიანად უნდა ფარავდეს.
  5. ცივგარემოში მყოფ ბუდეში ნაკლები რაოდენობის კვერცხებს ათავსებენ, მაგალითად, ქათმისას – +11-12 გრადუსზე-13 ცალს,  ხოლო +20 გრადუსზე – 16-17 ცალს.
  6. ბუდისმახლობლად, ფრინველისთვის მისაწვდომ ადგილზე, უნდა იყოს სუფთა წყალი, მშრალი საკვები და ცილა. ბუდეზე მჯდარ ფრინველს წყალი და საკვები არ ეძლევა.
  7. ინკუბაციისათვისსაუკეთესო დრო გაზაფხულია.
  8. კრუხადუნდა ავარჩიოთ წყნარი ფრინველი, შემდეგი ნიშნებით: ფრინველი წყვეტს კვერცხდებას, დიდხანს ყოვნდება ბუდეში, იმზადებს ბუდეს და მასთან არ უშვებს სხვა ფრინველს, მიახლოებისას კრიახობს.
  9. შეიძლება ქათმისხელოვნური მოკრუხებაც. ქათამს საღამოს სვამენ ბუდეში, რომელშიც

4-5 კვერცხია. წინასწარ რამდენიმე ბუმბულს აცლიან და ბუდეში უფენენ. ბუდეს თავს ისე აფარებენ, რომ ფრინველს არ შეეძლოს ადგომა , 5-6 დღეში ფრინველი კრიახს იწყებს.

დასაწყისში ცრუკრუხობა რომ არ იყოს, ფრინველს ვამოწმებთ, 3-4 დღე დავსვამთ 3-4 კვერცხზე და თუ არ შეწყვიტა  კრუხობა,  გადასვამთ ნამდვილ ბუდეში.

  1. ბუდეშიმჯდარ კრუხს კვერცხებს საღამოს უწყობენ. კრუხი კვერცხებს ფეხებით და ფრთებით დაფარავს. თუ ფრინველი  კვერცხებს ვერ ფარავს, მაშინ ბუდიდან ზედმეტ კვერცხს ვიღებთ.

ტემპერატურა

კრუხის ქვეშ ტემპერატურა ძალიან ცვალებადიაიგი მერყეობს 33.4-38.8 გრადუსამდე (ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 37.5-38.5oC). ტემპერატურა სხვადასხვაა კვერცხის ზედა და ქვედა მხარეს, საბუდრის ცენტრსა და პერიფერიებს შორის. ზედმეტი ან ნაკლები  ტემპერატურისადმი ჩანასახი ძალიან მგრძნობიარეა.

კრუხის საშუალებით გამოჩეკას ბუნებრივი ინკუბაცია ეწოდება. კვერცხზე ჯდომის პირველი 2-5 დღის განმავლობაში თუ ფრინველი ბუდიდან არ ამოვიდა, ის ფრთხილად ამოჰყავთ და საკვებთან სვამენ. შემდეგ დღეებში ფრინველი ბუდიდან 10-15წუთი ამოდის. ამ დროს შეიძლება ბუდის დათვალიერებაც. ბუდეში მყოფი ფრინველი არ უნდა შევაწუხოთ.  ის ვერ ეგუება ხმაურს და ბუდის მახლობლად სხვა ფრინველის ყოფნას. ბუდიდან შეიძლება ცუდი კვერცხის ამოღება. ახლის ჩამატება დაუშვებელია.

კრუხებად ყველა სახეობის ფრინველი გამოდგება, გარდა იხვისა და ბრინჯაოსფერი ინდაურისა. უმჯობესია ადგილობრივი ფრინველი,

ქათმის წიწილი 20-21 დღეში გამოიჩეკება.

იხვი და ინდაური- 26-28 დღეში, ბატი-28 დღეში (ჯიშის მიხედვით შეიძლება იყოს 27-30 დღე).

ბუნებრივი გამოზრდა

კვერცხის გამოჩეკის შემდეგ კრუხი ზრუნავს წიწილების გამოზრდაზე და უქმნის მას შესაფერის პირობებს. გამოჩეკის პირველ სამ დღეს წიწილები დროის უმეტეს ნაწილს დედასთან შებუდებულები ატარებენ. გარეთ მხოლოდ საკვების მისაღებად გამოდიან. გარემოში სითბოს მატებასთან ერთად დაბუდების დრო მცირდება.

კვერცხის ხელოვნური ინკუბაცია ფრინველთა დიდი რაოდენობით   გამრავლების  მიზნით ბუნებრივი ინკუბაცია არ არის ხელსაყრელი. ამიტომ ხელოვნური ინკუბაციისთვის მიმართავენ ინკუბატორებს. თანამედროვე ინკუბატორები იძლევა არჩევის საშუალებას გამოსაჩეკი კვერცხის რაოდენობაზე.

შეიძლება შეირჩეს 25,50,100,250,500,1200 და ა.შ კვერცხიანი ინკუბატორი, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ხარისხით და მოხერხებულობით.

ხელოვნური გამოზრდა

ხელოვნური გამოზრდის დროს მოზარდის ზრდა-განვითარებისათვის ყველა საჭირო პირობები ხელოვნურად იქმნება.  ამ დროს მთელი წლის განმავლობაში ერთდროულად შესაძლებელია მრავალი ფრინველის გამოზრდა.

წიწილების გამოზრდა შეიძლება როგორც საფენიან იატაკზე (საფენად გამოვიყენოთ ნახერხი,ნამჯა).  ასევე გალიებით. ფრინველის ხორცის ხარისხის მიხედვით საფენზე გამოზრდილ ფრინველს უპირატესობას ანიჭებენ.

ინკუბატორში გამოჩეკის შემდეგ წიწილები სპეციალურ ყუთში გადაჰყავთ, რომელიც თანაბრად თბება. საწყისი ტემპერატურა წიწილების სიმაღლეზე უნდა იყოს 31-35 გრადუსი, ტენიანობა 75%. ყოველი კვირის ბოლოს ტემპერატურა 2-3 გრადუსით მცირდება და  საბოლოოდ უნდა იყოს არანაკლებ 24 გრადუსისა. ამ დროს წიწილა ინტენსიურად იზრდება.

ჯანსაღ წიწილებს ახასიათებთ: ფართო თავი, კარგი სუფთა შებუსვა, მოკლე ჩამჯდარი კისერი, ცოცხალი თვალები, გრძელი და განიერი ზურგი, მაგარი ფეხები, აკრული მუცელი და სუფთა უკანა ტანი.

სუსტ წიწილებს ახასიათებთ: წაგრძელებული ვიწრო თავი, უფერული ნისკარტი, ჩაცვენილი უსიცოცხლო თვალები, მოკლე ზურგი, წვრილი ფეხები, სხეულის არათანაბარი შებუსვა. დიდი ჩამოშვებული მუცელი.

დაუშვებელია სხვადასხვა ასაკის წიწილების ერთად მოთავსება.

აგრო ექსპერტთა ასოციაცია,

მიხეილ ჭიჭაყუა-ვეტერინარი ექიმი, ბიოლოგიის  დოქტორი