აგროსიახლეები

დაცული ლანდშაფტის შექმნა ხელს უწყობს რეგიონის ბუნებრივი და კულტურული ფასეულობების დაცვასა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს დაცული ლანდშაფტების ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრმა ინფორმაცია მოისმინა დაცულ ლანდშაფტებში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ვიზიტორთა ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, ტურისტული ბილიკების, საინფორმაციო დაფებისა და გზის მანიშნებლების განთავსების სამუშაოებზე; საუბარი შეეხო სმარტ-მოწყობილობებისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის, ასევე, „საქმიანი ეზოების“, სახერხი საამქროების და საძოვრების მოწყობის საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ დაცული ლანდშაფტი არის დაცული ტერიტორიების კატეგორია, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მართავს. დაცული ლანდშაფტის შექმნა ხელს უწყობს რეგიონის ბუნებრივი და კულტურული ფასეულობების დაცვასა და შენარჩუნებას, ადგილობრივი ტრადიციული საქმიანობის განვითარებას, ადამიანისა და ბუნების ჰარმონიულ თანაცხოვრებას.

დავით სონღულაშვილმა დაცული ლანდშაფტების ადმინისტრაციების წარმომადგენლებს გარემოს დაცვის მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სურვილი გამოთქვა, ადგილზე გაეცნოს მიღწეულ შედეგებს.

შეხვედრას ხუთი დაცული ლანდშაფტის: არაგვის (დუშეთის მუნიციპალიტეტი), თრუსოს (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი), მაჭახელას (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი), ტანასა და თეძმის (გორის მუნიციპალიტეტი) და თუშეთის (ახმეტის მუნიციპალიტეტი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მდგომარეობით, საქართველოში დაცული ტერიტორიების ფართობი 927 729 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13,3%-ია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს დაცული ტერიტორიების ზრდის მიმართულებით.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, შესაბამისი ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სამინისტროს უწყებაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.