უწყებებს შორის სამოქმედო გეგმა საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის აქტიური თანამშრომლობის გაძლიერების საფუძველია
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეთაურობდა, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
მინისტრმა ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომაში მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
„ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციას და საექსპორტო მიმართულება უზბეკეთში განსაკუთრებულად აღსანიშნავია. ეს შესაძლებლობები ასათვისებელია“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყებებს შორის სამოქმედო გეგმა ორ ქვეყანას შორის აქტიური თანამშრომლობის გაძლიერების საფუძველია.
„მემორანდუმი ითვალისწინებს დამატებით და აქტიურ თანამშრომლობას როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ასევე, ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებებით, რაც, თავისთავად ცხადია, პირდაპირ აისახება აგრარულ სექტორზე და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.