ინდონეზიური შავი ქათამი Ayam Cemani
ინდონეზიური შავი ქათამი მსოფლიოში ყველაზე უცნაური, ძვირადღირებული და ქათმის უიშვიათესი ჯიშია.
ცხოველებს შორის შავი იშვიათი ფერი არ არის. ბუნებაში გვხვდებიან შავი დათვები, ცხენები, ძაღლები, კატები, ფრინველები, მაგრამ ინდონეზიურ ჯიშის ქათამი Ayam Cemani თავისი სიშავით სრულიად გამორჩეული და უნიკალურია; ფრინველებს ყველაფერი შავი აქვთ: ბუმბული, კანი, ენა, ნისკარტი, შინაგანი ორგანოები, ხორცი და ძვლებიც კი.
ქათმის ეს სახეობა იმდენად საოცარი და ლამაზია, რომ მას „ქათმების ლამბორგინიც“ უწოდეს.
ამ სახეობის ქათამი ინდონეზიაში, ჯუნგლების მწვანე მამლის და შინაური ქათმის (სხვა წყაროების მიხედვით – მდედრი წითელი ჯუნგლების ფრინველის) შეჯვარების შედეგად გაჩნდა.
სახელი „ayam cemani” ითარგმნება როგორც „მთლიანად შავი ქათამი” (ინდონეზიური და იავური ენები) და ეს სახელი აბსოლუტურად ზუსტად ასახავს ამ ჯიშის მთავარ, სხვა ქათმებისგან მკვეთრად გამოსარჩევ, ნიშან-თვისებებს.
მაშინ, როცა ჩვეულებრივ შინაურ ქათმებს ძირითადად მხოლოდ შავი ბუმბული აქვთ, ზოგიერთს შეიძლება კანიც შავი ჰქონდეთ, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში პოპულარულ ჯიშს, ეგრეთწოდებულ „აბრეშუმის ქათმებს“, „ლამბორგინი“ _ Ayam Cemani მთლიანად შავია.
ამ ფენომენის მიზეზი დომინანტური გენის (EDN3 გენი) არსებობაა, რაც იწვევს ჰიპერპიგმენტაციას.
მისი უჩვეულო შეღებვა ასოცირდება დომინანტურ მუტაციასთან, რომელიც ვრცელდება არა მხოლოდ კანზე, არამედ კუნთებზე, შინაგან ორგანოებზე და ძვლებზე.
ეს გენი ჩვეულებრივ ქათმებშიც გვხვდება, მაგრამ, მათთან შედარებით, გაურკვეველი მიზეზების გამო, მისი აქტივობა ინდონეზიურ ჯიშში 10-ჯერ მაღალია.
ინდონეზიური ქათამი სხვა ჯიშის ქათმებისგან არა მხოლოდ გარეგნულად განსხვავდებიან, არამედ ისინი უფრო ადაპტირებულნი არიან კლიმატის ცვალებადობასთან და დაავადებების მიმართ, აქვთ ძლიერი იმუნიტეტი, მათ შორის ფრინველის გრიპის ვირუსის მიმართ.
ასეთი ქათმების შავ ხორცს გამოხატულად სასიამოვნო გემო აქვს, ხოლო მათი მოშენება და გაზრდა, ჩვეულებრივ ქათმებთან შედარებით, იაფი და იოლია, რადგან არ სჭირდება მუდმივად ანტიბიოტიკების მიცემა, თითქმის არ ავადდებიან.
ლამბორჯინის ქათამი ითვლება ნელა მზარდ ჯიშად, ზრდის პერიოდის გახანგრძლივება გავლენას ახდენს ხორცში ქიმიური კომპონენტების კონცენტრაციაზე, რაც პროდუქტს აძლევს უფრო მიმზიდველ სუნს და გემოს.
ინდონეზიური ქათმის ხორცი მდიდარია პროტეინებით, ხასიათდება დაბალი ცხიმიანობით, რაც მის მაღალ ღირებულებას განაპირობებს.
Ayam Cemani-ის მოშენების მრავალი სარგებლის მიუხედავად, ეს ჯიშს ძალზე იშვიათად შეხვდებით აზიაში, ან მის ფარგლებს გარეთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ამ ჯიშისადმი დამახასიათებელი ნელი ზრდა იყოს და კიდევ ის, რომ „ლამბორგინის“ ქათმები, იშვიათად კრუხდებიან და ხშირად „უარს ამბობენ“ კვერცხების გამოჩეკაზე. წიწილების გამოჩეკა ხშირად მხოლოდ ინკუბატორებშია შესაძლებელი.
სხვათა შორის, ლამბორგინის კვერცხები, მისი ყველა ორგანოს სიშავის მიუხედავად, შავი არ არის. ისინი შინაური ქათმის კვერცხის საშუალო ზომაზე ოდნავ მცირეა, დაახლოებით 40-45 გრამი, რომელთაც ღია ვარდისფერი დაჰკრავთ.
ინდონეზიურ ქათმებს, სხვა ჯიშის ფრინველების მსგავსად, სისხლი წითელი აქვს, მათი საშუალო წონა _ მამლების 2-2,5 კგ.-ია. დედლისა _ 1,5-2კგ.
კვერცხის ნაჭუჭი შედგება კალციუმის კარბონატის კრისტალებისგან, რომლებიც, თითქმის ყველა ქათმის კვერცხში ერთნაირია.
ამ ჯიშის ქათმები ბევრ კვერცხ არ დებენ.
დღესდღეობით „ლამბორგინი“ უფრო ხშირად ზოოპარკებში ან კერძო მეურნეობებში გვხვდება, როგორც ორნამენტული ჯიში.
იმის მიუხედავად, რომ ეს ქათამი სხვაგან პოპულარული არ არის, მათ სამშობლოში, ინდონეზიაში, ყოველდღიურად იყენებენ, გემრიელი კერძების მოსამზადებლად, ხალხური მედიცინაში და თქვენ წარმიდგინეთ რელიგიურ რიტუალებშიც კი, მათ სწირავენ ღმერთებს უბედურების თავიდან ასაცილებლად ან მშობიარე ქალის უსაფრთხოდ მოლოგინებისთვის.
კუნძულ ბალიზე შავ მამლებს დღესასწაულებზე მამლების ორთაბრძოლაშიც იყენებენ.
დღეს ეს ჯიში ინდონეზიაში საკმაოდ იშვიათად გვხვდება, ხშირად ერთი ქათმის ფასი 200 დოლარსაც აღწევს.
ამჟამად Ayam Cemani მსოფლიოში ქათმის ყველაზე ძვირადღირებულ ჯიშად ითვლება, აშშ-ში კი ერთი ასეთ ქათამში 2500 დოლარსაც კი იხდიან.
საერთოდ უნდა ითქვას, რომ დღეს მსოფლიოში ჩვეულებრივ და დეკორატიული ქათმის უამრავი ჯიშია გამოყვანილი, რომელთაგან ბევრი მხოლოდ მათი სილამაზისთვის ფასობს და ეზოების გასალამაზებლად გამოიყენება.
მათ შორის ინდონეზიურ ჯიშის ქათამი Ayam Cemani გამორჩეულია და მათი გამოყენება როგორც სამეურნეო, ისე დეკორატიული დანიშნულებითაც შეიძლება.