ჰიბრიდული სიმინდის უხვი მოსავლის მისაღებად
მარცვლოვანი კულტურებით უზრუნველყოფა ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ძლიერების საფუძველია. საქართველო, როგორც უძველესი მიწათმოქმედების ქვეყანა, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მარცვლოვნების მრავალფეროვნებას. თანამედროვე პირობებში აგრო-სასურსათო უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სიმინდის კულტურას.
სიმინდი თავისი მოსავლიანობის პოტენციალით მკვეთრად აღემატება სხვა მარცვლოვან კულტურებს.
დღეისათვის ხორბლის პოტენციალური მოსავლიანობა გაზრდილია 12-15 ტ/ჰა-მდე, მაშინ როდესაც სიმინდის პოტენციალია 25-29 ტ/ჰა. სიმინდის, როგორც სასურსათო მცენარეს, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. იგი გამოიყენება ფქვილად და მისგან ამზადებენ სხვადასხვა პროდუქტებს. კვებითი ღირებულებით ბევრად არ ჩამოუვარდება ხორბალს. საქართველოში სიმინდის შემოტანისთანავე ქართველმა ხალხმა დაიწყო მისგან მჭადის და ღომის მომზადება და იმდენად შეიყვარა, რომ დღეს საქართველოში შექმნილი სიმინდის მრავალფეროვნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მსოფლიოში.
სიმინდის კულტურამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „მწვანე რევოლუციაში“. ჰიბრიდული სიმინდის შექმნით მსოფლიოს მეცნიერებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია. გენეტიკურმა მიღწევებმა მეცნიერებს საშუალება მისცა აღმოეჩინათ ციტოპლაზმური მამრობითი სტერილობა. ამან კი ხელი შეუწყო ჰიბრიდული სიმინდის ფართოდ გავრცელებას, რომელიც თითქმის ორჯერ მეტ მოსავალს იძლევა ვიდრე ჩვეულებრივი სიმინდის ჯიშები.
ჰიბრიდული სიმინდის უპირატესობები დაკავშირებულია პირველი თაობის მცენარეთა მაღალპროდუქტიულობასთან, რასაც განაპირობებს ჰიბრიდული ძალა. ეს მცენარეს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად გამოავლინოს ყველა შესაძლებლობა. ახასიათებს აზიდული ფოთლები და ძლიერდება ფოტოსინთეზი. ამის გამო შემცირებულია კვების არე და იზრდება მცენარეთა რაოდენობა ჰექტარზე. ყველა მცენარე ერთნაირი განვითარებისაა და ადვილად ემორჩილება მექანიზებულ მოსავლის აღებას. ეს დადებითი თვისებები საშუალებას იძლევა სიმინდის მოსავლიანობა გავზარდოთ 15-20 ტ/ჰა-მდე. არის შემთხვევები, როცა ჰიბრიდული სიმინდით მიღებულია 29.0 ტ/ჰა-ზე.
ჰიბრიდული სიმინდის უპირატესობები მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი მიღება დაკავშირებულია აუცილებელ ფაქტორებთან, როგორიცაა: ნიადაგის დროული და ნორმალური დამუშავება, თესვის ვადების და ნორმების დაცვა, სარეველებისგან და მავნებელ-დაავადებებისგან დაცვა და მორწყვა.
ჰიბრიდული სიმინდის მოყვანისათვის აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი ძირითადი თავისებურებები: 1. თესლი აუცილებლად უნდა იყოს პირველი თაობის (ჰიბრიდული). 2. აუცილებელია სარწყავი სისტემით უზრუნველყოფა. ურწყავ პირობებში ჰიბრიდული სიმინდის მოსავალი მცირდება 50%-დან 70%-მდე. ყველაზე უკეთესია დასაწვიმებელი სისტემის გამოყენება. ზუსტად უნდა განისაზღვროს რწყვის დრო. ყველაზე მნიშვნელოვანია მორწყვა ტაროს და ქოჩოჩის ფორმირების დროს, ასევე მარცვლის ფორმირების – რძისებრი სიმწიფის პერიოდში. 3. მნიშვნელოვანია სასუქებით უზრუნველყოფა. მაღალი მოსავლის გარანტიაა სასუქების მაღალი დოზების გამოყენება. ნიადაგის ანალიზის შემთხვევაში დოზები წინასწარ ზუსტად იქნება განსაზღვრული. სასუქების დაბალი დოზები მოსავალს შეამცირებს 40-50%-ით. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სასუქების და რწყვის რეჟიმის თანხვედრა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია მივიღოთ სასუქების დანაკარგი და უარყოფითი ემისიები.
ნიადაგის დამუშავება
სიმინდისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მზრალად დამუშავების სისტემას. ამიტომ, დამუშავება უნდა განხორციელდეს ყველგან სადაც კი რელიეფი და კლიმატური პირობები ამის საშუალებას იძლევა. მზრალად დამუშავების სისტემა ორი ღონისძიებისაგან შედგება: ნაწვერლის აჩეჩვა და მზრალად ხვნა.ნაწვერლის აჩეჩვა მოსავლის აღებისთანავე ტარდება 4–8 სმ სიღრმეზე. ის ხელს უწყობს, როგორც სარეველების მოსპობას ისე ნიადაგის თვისებების გაუმჯობესებას. აჩეჩვას დიდი მნიშვნელობა აქვს მზრალად ხვნის ხარისხიანად ჩასატარებლად. ნაწვერლის ჯერ აჩეჩვა და შემოდგომა–ზამთარში სრულ სიღრმეზე ხვნა სიმინდის მოსავლიანობას მნიშვნელოვნად ადიდებს; კერძოდ, ნაწვერლის აჩეჩვის შედეგად სიმინდის მოსავლიანობა ჰექტარზე 2–3 ცენტნერით იზრდება, ხოლო ურწყავ პირობებში 2–4 ცენტნერით.
მზრალის თესვის წინა დამუშავების სისტემა გულისხმობს ღონისძიებათა კომპლექსს. ადრე გაზაფხულზე ნიადაგი უნდა დაიფარცხოს კბილებიანი ფარცხით ხნულის გარდიგარდმო; თუ ხნულზე სარეველები განვითარდა ან ნიადაგმა პირი წაიკრა დაუყოვნებლივ უნდა ჩავატაროთ კულტივაცია ან აოშვა 10–12 სმ სიღრმეზე. სიმინდისათვის საუკეთესო პირობები იქმნება ისეთ მზრალზე, რომელიც ადრე გაზაფხულზე დაიფარცხა და თესვის წინ დამუშავდა კულტივატორით. ეს უზრუნველყოფს როგორც სარეველების მოსპობას, ისე ტენის შენარჩუნებას. რაც უნდა მცირე ქანობის იყოს ფერდობი მასზე ხვნა აუცილებლად გარდიგარდმო უნდა ჩატარდეს. ძლიერ დაქანებულ ფერდობზე, ჭარბტენიან ფართობებზე მზრალად ხვნა სასურველ შედეგს არ მოგვცემს. ასეთი ნაკვეთები გაზაფხულზე რაც შეიძლება ადრე უნდა მოვხნათ. დასავლეთ საქართველოში ნასიმინდარი უნდა მოიხნას არა შემოდგომაზე არამედ ზამთარში – ნოემბრიდან თებერვლამდე.
ნიადაგის განოყიერება
სიმინდის ნიადაგის განოყიერების საუკეთესო საშუალებაა ორგანულ –მინერალური სასუქები ასეთ შემთხვევაში ერთდროულად ვიყენებთ სხვადასხვა ორგანულ და მინერალურ სასუქებს. სიმინდის გასანოყიერებლად მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა არსებული საშუალება: ნაკელი, მწვანე სასუქი, მინერალური სასუქი, ხოლო მჟავე ნიადაგებზე მათ გარდა კირი, კილი, დეფეკაციური ტალახი და კირის შემცველი სხვა სასუქები.
გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ სასუქების შეტანის წელს სიმინდის მოსავალი ჰექტარზე მხოლოდ ნაკელის გამოყენებით (20 ტონა/ჰა) 3 ცენტნერით გადიდდა. ნაკელზე ფოსფორის დამატებით – 6.1 ცენტნერით, ხოლო ნაკელი + აზოტი + ფოსფორით – 10.7 ცენტნერით. ორგანული და მინერალური სასუქების ერთობლივად გამოყენება საუკეთესო საშუალებაა სიმინდის მოსავლიანობის გადიდებისათვის. მწვანე სასუქად აღმოსავლეთ საქართველოში უნდა გამოვიყენოთ: ცულისპირა, ბარდა, ცერცველა. ისინი უნდა დაითესოს საშემოდგომო ხორბლის ან ქერის შემდეგ სანაწვერლოდ. ნაკვეთი მოსავლის აღებისთანავე უნდა მოიხნას, ჩაუტარდეს კულტივაცია და თესვა შუა აგვისტოს არ უნდა გადავაცილოთ. დათესვისთანავე ნაკვეთი ფრთხილად უნდა მოირწყას, ამით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 15–20 ტონა ჰა მწვანე მასა, რომელიც მზრალად მოხვნის დროს ჩაიხვნება. მწვანე სასუქის მოქმედება გრძელდება 3–4 წელს. ამ ხნის განმავლობაში მიღებული მარცვლის ნამატი ჯამში 45 ცენტნერს აჭარბებს ჰექტარზე. ეს ღონისძიება დიდ ხარჯს არ მოითხოვს; რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ მწვანე სასუქად უნდა გამოვიყენოთ ხანჭკოლა, ცულისპირა და ბარდა. სიმინდის გასანოყიერებლად აუცილებელია აზოტიანი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები.
სიმინდის ქვეშ ნიადაგში შესატანი მინერალური სასუქების ნორმები
(მინიმალური, მაქსიმალური)
# |
სასუქის დასახელება |
აღმოსავლეთ საქართველო | დასავლეთ საქართველო | ||
მოქმედი ნივთიერება | ფიზიკური წონა | მოქმედი ნივთიერება | ფიზიკური წონა | ||
აზოტიანი სასუქები |
N 60-90 P 60-90 K 30-45 |
N 90-120 P 90-120 K 45-60 |
|||
1 | ამონიუმის გვარჯილა N 36% | 180-270 | 270-350 | ||
2 | სულფატამონიუმი N 20% | 300-450 | 450-600 | ||
3 | შარდოვანა N 46% | 130-200 | 195-260 | ||
ფოსფორიანი სასუქები | |||||
4 | სუპერფოსფატი ფხვნილისებრი P18% | 330-500 | 500-660 | ||
5 | სუპერფოსფატი გრანულები P 20% | 300-450 | 450-600 | ||
6 | ორმაგი სუპერფოსფატი P 45% | 130-200 | 200-260 | ||
7 | სამმაგი სუპერფოსფატი P 54% | 110-165 | 165-220 | ||
კალიუმიანი სასუქი | |||||
8 | კალიუმის მარილი | 75-110 | 110-150 | ||
რთული სასუქები | |||||
9 | დიამოფოსკა N10 P16 K16 | 230-345 | 345-460 | ||
10 | ნიტროამოფოსკა N16 P16 K16 | 375-560 | 560-750 | ||
სასურველია ნიადაგის დამუშავების წინ შევიტანოთ 20-30 ტონა გადამწვარი ნაკელი.
თესლის მომზადება და თესვა
უნდა დაითესოს სიმინდის მხოლოდ დარაიონებული ჰიბრიდები. თესლი ჯიშური სიწმინდით უნდა იყოს პირველი კატეგორიის, სრული თესვითი ღირსებით – პირველი კლასის. სათესლედ შერჩეული უნდა იქნეს ჰიბრიდისთვის დამახასიათებელი საღი ტიპური ტაროები და თესვამდე 30-35 დღით ადრე უნდა დაიფშვნას, გაიწმინდოს და დახარისხდეს თესლის საწმენდი მანქანით. დათესვამდე თესლი უნდა შეიწამლოს ერთ–ერთი რომელიმე პრეპარატით (ფუნგიციდით) : რაქსილ ულტრა 0,2 ლიტრა 1 ტონა თესლზე, სერთიკორი 1ლ/1 ტ. ან ტებუჯი 0,5 ლ/ტ. შეწამვლა უნდა ჩატარდეს წყლის სუსპენზიით ( შესაბამისად 0.2 ლ. რაქსილ ულტრა, ან სერთიკორი 1 ლ, ან ტებუჯი 0,5 ლ. უნდა გაიხსნას 10 ლიტრ წყალში მოსხურდეს ერთ ტონა თესლზე და კარგად აირიოს ნიჩბით.) შეწამლული თესლი დათესვამდე უნდა ინახებოდეს იზოლირებულ მშრალ საცავში.
სიმინდის დათესვა უნდა დავიწყოთ მაშინ, როცა ნიადაგი თესლის ჩათესვის სიღრმეზე 10–12 გრადუსამდე გათბება. სიმინდი ითესება 70 ან 75 სმ მწკრივთაშორისებით.
სიმინდის თესვის ნორმები
რიგთა-შორისი მანძილი,სმ | მანძილი მცენარეებს შორის რიგში, სმ | ||||||||||||||
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 28 | 33 | 34 | 35 | |
მცენარეთა რაოდენობა 1 ჰექტარზე, ათასი | |||||||||||||||
70 | 90 | 84 | 78 | 75 | 71 | 68 | 65 | 62 | 60 | 57 | 55 | 51 | 43 | 42 | 41 |
75 | 83 | 78 | 74 | 70 | 66 | 63 | 60 | 58 | 55 | 53 | 51 | 48 | 40 | 39 | 38 |
ნათესის მოვლა
მწკრივთშრის პირველი კულტივაცია უნდა ჩატარდეს სიმინდის მცენარის 3–4 ფოთლის ფაზაში, მეორე კულტივაცია – პირველი კულტივაციიდან 12–16 დღის შემდეგ, რომელსაც უნდა დაუკავშიროთ ნათესის გამოკვება აზოტიანი სასუქით. სარწყავ პირობებში მეორე კულტივაცია უნდა შეიცვალოს მწკრივთშრისების დაბაზოებით, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს ნათესის მორწყვას. აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ მიწებზე, თუ თესვისას ნიადაგი გამომშრალია და თესლის აღმოცენებისათვის საკმარისი ტენი არ არის, დათესვისთანავე უნდა ჩატარდეს რწყვა. სარწყავი დროებითი არხები, ნაკვეთის რელიეფის გათვალისწინებით იჭრება სათესის 3–4 გავლის შემდეგ მარკერის ხაზზე. სიმინდის სავეგეტაციო მორწყვა ტარდება ამინდის პირობებისა და მცენარის განვითარების ფაზების მიხედვით. აღმოსავლეთ საქართველოს ბარის სარწყავ მიწებზე სიმინდი 3–4 მორწყვას საჭიროებს.
სარეველებთან ბრძოლა
ფესურიანი და ფესვთ ნაყრიანი სარეველების (შალაფა, ჭანგა) წინააღმდეგ სიმინდის წინამორბედი კულტურის მოსავლის აღებისთანავე, ნაწვერალი უნდა აიჩეჩოს 8–10 სმ სიღრმეზე და სარეველების 15–20 სმ სიმაღლის ფაზაში შესხურდეს რომელიმე ერთ–ერთი მთლიან მოქმედი პესტიციდი: რაუნდაპი, კლინი, ნოკდაუნი, ურაგან ფორტე 3–4 ლიტრი/ჰა; ურაგანი 4–5 ლ/ჰა. აღნიშნული პესტიციდები ნიადაგის მზრალად მოხვნამდე მოქმედებს, არა მხოლოდ სარეველების მიწისზედა ორგანოებზე არამედ სპობს ფესურებსაც.
სიმინდის ნათესში შეიძლება გამოვიყენოთ რომელიმე ჰერბიციდი: ტიტუსი, მაისი 50 გრამი/ჰა, ელუმისი 1.25-1.5 ლ/ჰა, ნიკოში, ნიკოგანი, კალსონი 1–1.5 ლ/ჰა, რიბასო1.1.25ლ/ჰა აღნიშნული ჰერბიციდები შეტანილი უნდა იქნეს სიმინდის მცენარის 3–5 ფოთლის ფაზაში. ისინი მოქმედებს, როგორც ერთწლიან, ისე მრავალწლიან მარცვლოვან სარეველებზე (შალაფა, ჭანგა, ძურწა, ბურჩხა და სხვა) ნათესში ორლებნიანი სარეველების გავრცელების შემთხვევაში მას უნდა დაემატოს 2,4 დ ამინის მარილი ან რომელიმე მისი ანალოგი. პესტიციდები უნდა გაიხსნას 200–300 ლიტრ წყალში და შესხურდეს მზიან, წყნარ ამინდში.
მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლა
ისევე, როგორც სარეველა მცენარეები, სიმინდს ყოველწლიურად აზიანებენ მავნებლები და დაავადებები, რომლებიც ხელსაყრელი გარემო პირობების შექმნისას მრავლდებიან.
სიმინდის ფარვანასა და ხვატარის წინააღმდეგ გამოიყენება ერთ-ერთი შემდეგი პრეპარატებიდან: ეფორია, ლამდექსი, კარატე ან კარატე ზეონი 0.2 ლ/ჰა ერთჯერადი შესხურებით ვეგეტაციის პერიოდში. მავთულა ჭიების, ცრუ მავთულა ჭიების, ჭიჭინობელების, ღრაჭების, მახრას წინააღმდეგ იხმარება ფორსი 10-15 კგ. ჰექტარზე სიმინდის დათესვამდე ან დათესვის შემდეგ.
მოსავლის აღება
სიმინდის მოსავალი აღებული უნდა იქნეს სრული სიმწიფის ფაზაში. სიმინდს მარცვლის ჩაცვენა არ ახასიათებს, მიუხედავად ამისა, დამწიფების შემდეგ მოსავლის აღების დაგვიანება არ არის მიზანშეწონილი, ნალექებით მდიდარი შემოდგომის პირობებში ამან შეიძლება გამოიწვიოს როგორც, ჩალის ისე მარცვლის გაფუჭება–დაავადება და მათი ხარისხის გაუარესება. ამასთანავე ძნელდება მათი გამოშრობა და შენახვა. სიმინდის მოსავლის აღების დაგვიანება მიუღებელია. ამას თან სდევს საშემოდგომო თავთავიანებისთვის ნიადაგის მომზადებისა და მათი დათესვის დაგვიანება. მოსავლის აღების პერიოდში სიმინდის მარცვლის ტენიანობა, უმეტეს შემთხვევაში, 25%–ზე ნაკლები არ არის. ასეთი ტენიანი მარცვლები შენახვისას ჩახურების გამო ადვილად ზიანდება, ამიტომ შენახვამდე საჭიროა სიმინდის ტაროებისა და მარცვლის კარგად გამოშრობა–ფუჩეჩგაცლილი ტაროები უნდა გაიშალოს თხელ ფენად, სანამ მარცვლის ტენიანობა 13–14%–მდე არ იქნება დაყვანილი. სიმინდის ტაროები უნდა შევინახოთ ძარებში, სპეციალურ სასიმინდეებში ან კარგი ვენტილაციის მქონე შენობაში.
სასიმინდეში ტაროების ხვავის სიმაღლე 1,4 –2 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს, შენახვის მთელი პერიოდის განმავლობაში საჭიროა თვალ–ყურის დევნება, ხვავის გაშლა, განიავება, მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ჩატარება და სხვა.
სიმინდის ახალი ქართული ჰიბრიდები
უკანასკნელ წლებში ქართველი მეცნიერების მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში გამოყვანილია და იწარმოება სიმინდის ხაზთაშორისი ჰიბრიდები: წილკანი 1, წილკანი 2, საბა, კახურა, თოლია, წეროვანი1, ყაზბეგი. ჰიბრიდები ადაპტირებული არიან ადგილობრივ ნიადაგურ – კლიმატურ პირობებთან. ხასიათდებიან სტაბილური მოსავლიანობით. ჰიბრიდების მარცვლის პოტენციალური მოსავლიანობაა 12-14 ტ/ჰა, ახალი ჰიბრიდები რეკომენდებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის.
ჰიბრიდული სიმინდის შემოტანილი ფორმებიდან უმრავლესობა სასაქონლე ფორმებია. ამიტომ, გირჩევთ, თუ ჰიბრიდული სიმინდის გამოყენება გსურთ სასურსათედ, თესლის შერჩევისას, გაითვალისწინეთ და მოითხოვეთ სასურსათო ფორმა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრსა და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში წარმოებს ქართული თეთრმარცვლიანი სიმინდის ჰიბრიდის – „თოლიას“ მეთესლეობა. ჰიბრიდი შეგუებულია ადგილობრივ პირობებს. არ ახასიათებს ჩაწოლა. გამძლეა ჩრდილოეთის ჰელმინთოსპორიოზის მიმართ. სავეგეტაციო პერიოდი 136 დღეა. რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს დაბლობ ზონაში და აღმოსავლეთ საქართველოს იმ სარწყავ რაიონებში გასავრცელებლად, სადაც ჰაერის აქტიურ ტემპერატურათა ჯამი არის 3900-45000C. მარცვლის მოსავალი 7-8 ტ/ჰა. ტარო ადვილად იტეხება და ადვილად იფშვნება. ამ ჰიბრიდის კვებითი ღირებულება მაღალია და აქვს გამორჩეულად კარგი საგემოვნო თვისებები. მისი გამოყენება თავიდან აგაცილებთ სასაქონლე სიმინდის სასურსათოდ გამოყენებას.
ყურადღება!
იმისათვის, რომ სრულად გამოვიყენოთ სიმინდის ჰიბრიდების გენეტიკური პოტენციალი ნათესი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაღალი აგროფონით და წყლით მთელი ვეგეტაციის პერიოდში.
ცოტნე სამადაშვილი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
ლიანა ქირიკაშვილი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,
ფილარეტ ბეგოიძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი