„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება“ _ იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს იაპონელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ. 12-კაციან ჯგუფს იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში ხელმძღვანელობდა.
სტუმრები ღვინის კომპანიებსა და მარნებს იმერეთსა და რაჭაში ეწვივნენ. მათი შთაბეჭდილებები და შეფასებები იაპონურ გამოცემებსა და სხვადასხვა ბლოგზე გავრცელდება, რაც ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge“ ხელმძღვანელი კენიჩი ოჰაში, იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია.
„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება, რაც მართლაც შთამბეჭდავია. გასულ წლებში, რამდენჯერმე ვიმოგზაურე კახეთში, იმერეთს უკვე მეორედ ვეწვიე და ყოველ ჯერზე ვფიქრობდი: რა არის ახალი? რა დარჩა აღმოსაჩენი? აღმოჩენები მართლაც ბევრია ჩემთვის. მე არ ვარ მეღვინე, მაგრამ კარგად ვიცნობ ბევრ მეღვინეს და ვხედავ, რამდენად დიდ ძალისხმევას იჩენთ იმისთვის, რომ ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესოთ და ღვინის გლობალურ ბაზარზე სწორად წარმოაჩინოთ. ძალიან კარგად ვგრძნობ ამას, ვხედავ დიდ წინსვლას და ეს ჩემთვის უდიდესი გამოცდილებაა. მიხარია, რომ თქვენგან ბევრი ახალი რამის სწავლა შემიძლია თქვენი 8000-წლიანი ტრადიციული ისტორიის წყალობით. მე ნამდვილად დიდ პატივს ვცემ ამ ღრმა და მდიდარ ისტორიას. გემრიელი საკვები, მრავალფეროვანი ღვინის სტილი, ყოველ ჯერზე მიხარია აქ დაბრუნება“, – აღნიშნა კენიჩი ოჰაშიმ.
საქართველოში ვიზიტის დროს, კენიჩი ოჰაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia 2025 ფარგლებში გამართული მე-15 საერთაშორისო ღვინის კონკურსის Georgia International Wine Award ჟიურის წევრიც იყო.
–
აღსანიშნავია, რომ იაპონიის ბაზარი მზარდი და, ამავე დროს, ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტს წარმაოდგენს, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება.