სოფლის განვითარების სააგენტო „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ მიმდინარე წელს მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს
განაცხადების მიღება 8 ივლისს, 12:00 საათზე დაიწყება და პროგრამის ბიუჯეტის (5 მლნ ლარი) ამოწურვამდე გაგრძელდება.
„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ 2023 წელს ამოქმედდა. დღეის მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში, 9 მლნ ლარზე მეტით 114 ბიზნესიდეა სახელმწიფოს მიერ უკვე თანადაფინანსებულია.
„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს. დამატებითი 10%-იანი ბენეფიტია განსაზღვრული ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის. პროექტის ჯამური ღირებულება, განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის, არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამით დაფინანსდება, როგორც სასოფლო-სამეურნეო (გარდა პირველადი წარმოებისა), ასევე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, შემნახველი, გადამმუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნესიდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული შეზღუდვებისა.
პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეებისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – www.rda.gov.ge