აგროსიახლეები

ქართული ხორბლის და პურის დღესასწაული თბილისში

17 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული „პურის ფესტივალი“ გაიხსნა, რომელიც 18 ოქტომბერს დასრულდება.

ღონისძიება ქართული ხორბლის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, პურის ცხობის ტრადიციებისა და ქვეყნის აგროკულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ემსახურება.

საქართველოში ხორბლის მოყვანასა და პურის ცხობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. პური ქართული ყოფისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია, ხოლო ადგილობრივი ხორბლის ენდემური სახეობები და ტრადიციული ჯიშები ქვეყნის აგრობიომრავალფეროვნების მნიშვნელოვანი სიმდიდრეა. სწორედ ამ მემკვიდრეობის შენარჩუნებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ტრადიციული ცოდნის მომავალი თაობებისთვის გადაცემას ემსახურება პურის ფესტივალი, რომელსაც ბოტანიკური ბაღი წელს მეშვიდედ მასპინძლობს.

ფესტივალმა წელს საერთაშორისო კონკურსზე Acanthus Prize-ის უმაღლესი ჯილდო — ოქროს მედალი მოიპოვა კატეგორიაში „საზოგადოებრივი ჩართულობა, განათლება და ცნობიერების ამაღლება“. ჯილდოს  საერთაშორისო გაერთიანება „ევროპის ისტორიული ბაღების მარშრუტი“ (ERHG) გასცემს.

ეს აღიარება ქართული ხორბლის, ტრადიციული ცოდნის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში ღონისძიების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ პურის ცხობის მასტერკლასებს, მონაწილეობა მიიღონ შემეცნებით და საბავშვო ღონისძიებებში, დაათვალიერონ მეწარმეთა სივრცე და მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული ენდემური ხორბლის სახეობებსა და ადგილობრივ ჯიშებს, ბოტანიკური ბაღის მარცვლოვან კულტურათა საკოლექციო ნაკვეთსა და პურის ცხობის უძველეს ტრადიციებს.

საგამოფენო სივრცეში ხორბალთად და პურთან ერთად წარმოდგენილია ჯიღაურას ბაზაზე დაცული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის ნიმუშებიც, რაც საქართველოს მცენარეული გენეტიკური რესურსებისა და ტრადიციული აგროკულტურის მრავალფეროვნებას წარმოაჩენს.

ფესტივალი ხელს უწყობს მცირე ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას, ტრადიციული ცოდნის გავრცელებასა და ქართული აგრარული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზებას.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება.

„პურის ფესტივალი“ მხოლოდ კულტურული ღონისძიება არ არის, მას ქართული ხორბლისა და პურის ტრადიციების შენარჩუნებასთან ერთად სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაც შეუძლია.

ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაცია რეალურ შედეგს მაშინ მოიტანს, თუ მას თან დაერთვება მათი სათესლე მასალის ხელმისაწვდომობის ზრდა, ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერა, წარმოების ეკონომიკური წახალისება და ბაზარზე ქართული ხორბლისგან დამზადებულ პროდუქტებზე მოთხოვნის გაძლიერება.

საერთაშორისო აღიარება ამ პროცესისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომლის გამოყენებაც ქართული აგრობიომრავალფეროვნების დაცვასა და ადგილობრივი მწარმოებლების შემოსავლების ზრდას უნდა მოხმარდეს