„ათასფერა“ სიმინდი – ეკოლოგიური თუ გენმოდიფიცირებული
სიმინდი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურაა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოჰყავთ, მათ შორის – საქართველოში. მისი ფართო გავრცელება განაპირობა მაღალმა მოსავლიანობამ და წარმოების დიდმა მასშტაბებმა. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ეს თანამედროვე, სელექციური გზით გამოყვანილი სიმინდის ჯიშებია.“
თავდაპირველი წარმოშობის ტრადიციული, „ფერადი“ და „ჭრელი“ სიმინდი მექსიკელმა ინდიელებმა საკვებად მოიშინაურეს და ერთ-ერთ ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურად აქციეს, რომლის გავრცელება და ცნობადობა დროთა განმავლობაში შემცირდა, რის გამოც გამოკითხულთა ნაწილს „ფერადი“ და „ჭრელი“ სიმინდის არსებობა გენმოდიფიცირებულ (GMO) პროდუქტად მიაჩნია. მივიწყებული სიმინდის პოპულარიზაციას მოგვიანებით ოკლაჰომას შტატიდან კარლ ბარნსი შეუდგა. მრავალწლიანი შრომატევადი პროცესის შედეგად Glass Gem Corn – „მინის ძვირფასი ქვის სიმინდმა“ ფართო აღიარება და განსაკუთრებული პოპულარობა 2012 წლიდან შეიძინა. სიმინდს მსოფლიოში ხორბლისა და ბრინჯის შემდეგ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და მნიშვნელოვან სასურსათო და ეკონომიკურ კულტურას წარმოადგენს.

სიმინდი (Maize, Zea mays) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მრავალმხრივი გამოყენების ერთწლიანი კულტურაა, თუმცა მისი თავდაპირველი წარმოშობა ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია. წარმოდგენილი „ფერადი“ სიმინდი რომელიც ერთი შეხედვით ესთეტიკურ სიამოვნებას უფრო გვანიჭებს ვიდრე მის კვებით ღირებულებას სინამდვილეში სიმინდის ის ნაკლებად ცნობილი ფერადი ჯიშებია (გენეტიკური სამშობლო მექსიკა -მაიას ტომი) რომლებიც ყვითელი სიმინდის ინდუსტრიულმა ჯიშებმა ჩაანაცვლა.
„Glass Gem“ – „შუშის ძვირფასი ქვა“, როგორც მას უწოდებენ არა მხოლოდ უბრალოდ სიმინდია, არამედ ბუნების ცოცხალი პალიტრაა, რომელიც სიმინდის თვითოეულ ტაროში აისახება და გენეტიკური მრავალფეროვნების სიმდიდრეს გვახსენებს, გამოირჩევა მაგარი „მინანქრისებური“ გარსით, ცნობილია თავისი ნათელი, ძვირფასი ქვის მსგავსი მარცვლებით და სრულიად ნატურალურია, თუმცა გამოკითხულთა ნაწილი მას გენმოდიფიცირებულად მიიჩნევს.
სიმინდის მრავალფეროვანი ჯიშები ერთმანეთისგან განირჩევიან ფორმით, ქიმიური შემადგენლობით და განსაკუთრებით ფერთა ინდივიდუალი შეფერილობით – „სიჭრელით“, რასაც გეოგრაფიული ფაქტორები – რელიეფი, კლიმატი, წყლის რესურსი, ნიადაგი და სხვა ბუნებრივი გარემოს ერთობლიობა განაპირობებს. ბევრმა არ იცის რომ ასეთ „ჭრელი“ სიმინდი ბუნებაში ნამდვილად არსებობს და თავდაპირველი სიმინდის ჯიშებია. მეცნიერების უმეტესობის მიხედვით მისი ველური წინაპარი ბალახოვანი მცენარე ტეოსინტეა (teosinte) და დღევანდელი კულტურული სიმინდის (Zea mays) უშუალო წინაპარს წარმოადგენს. სიმინდი (ლათ. Zea mays) — მარცვლოვანთა ოჯახის ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, მარცვლის შინაგანი აგებულებისა და მორფოლოგიის მიხედვით იყოფა 9 ჯგუფად: ბუშტარა სიმინდი (Zea mays everta), რბილი სიმინდი (Zea mays amylacea), კბილა სიმინდი (Zea mays indentata), ნახევარკბილა სიმინდი (Zea mays scmidentata), კაჟა სიმინდი (Zea mays imdurata), ტკბილი სიმინდი (Zea mays saccharata), რბილ-ტკბილი სიმინდი (Zea mays amyleosacharata), ცვილა სიმინდი (Zea mays ceratina), კილიანი სიმინდი (Zea mays tunicata).
სიმინდის გენეტიკური სამშობლო მექსიკა ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა სადაც სიმინდის ტრადიციული ჯიშები დაცულია და მათი კულტურული იდენტობის ნაწილს წარმოადგენს. „მექსიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრომ (SADER) ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის ვალდებულება შეინარჩუნოს ადგილობრივი სიმინდის ბიომრავალფეროვნება და შეინარჩუნოს აკრძალვა GMO (გმო, გენმოდიფიცირებული) სიმინდის კულტივირებაზე“. (აგრო სიახლეები, 20.01.2026)
პირველი ევროპელები, რომლებიც ამერიკის კონტინენტს ეწვივნენ თავიანთ ჩანაწერებში ახსენებენ უცნაურ მცენარეს რომელსაც ინდიელები მოიხმარდნენ და აღწერდენ როგორც თითისტარის ფორმის ძალიან „საეჭვოდ კაშკაშა“ შეფერილობით გამორჩეულ ნაყოფს – წითელი, ლურჯი, შავი, ყვითელი, თეთრი და სხვა ფერით ქაოსურად შევსებული მარცვლებს.
თავდაპირველი სიმინდის ესტეტიკური სილამაზის მიუხედავად მის საჭმელად მომზადებას ანუ საკვებ ვარგისიანობამდე მიყვანას დიდი დრო სჭირდებოდა, ამიტომ სიმინდის სამომხმარებლო ღირებულების გაზრდისა და კვებითი თვისებების შენარჩუნების მიზნით სელექციონერთა პირველმა თაობამ დაიწყო ექსპერიმენტების სერია, შედეგად მიღებული იქნა სადღეისოდ ფართოდ გავრცელებული სიმინდის ჯიშები და ჰიბრიდები, რომლებსაც მრავალი უპირატესობა გააჩნიათ და საკვებად გამოყენების გარდა მნიშვნელოვანი პრაქტიკული და ეკონომიკური მიმართულებებითაც გამოირჩევიან, როგორიცაა: კვების მრეწველობა – უშუალოდ სასურსათო პროდუქტები; სოფლის მეურნეობა – ცხოველთა მაღალკალორიული საკვები; ტექნიკური დანიშნულებით – ბიოსაწვავი, წებო, ქაღალდი, ფარმაცევტულ პროდუქტები; ხალხური მედიცინა და სხვ. თუმცა, თანამედრო ჯიშებზე არა ნაკლებ მნიშვნელოვანი გამოიყენება აქვს Glass Gem სიმინდის ჯიშებს:
♦ მაღალი ხარისხის პოპკორნის წარმოებაში უნიკალური გემოთი და ფერთა ვარიაციებით;
♦ ფერადი სიმინდის ფქვილის წარმოებაში ორიგინალური ცომეულისა და კერძებისთვის;
♦ სახლისა და ბაღის სანახაობრივი დეკორებისა და დეკორატიული კომპოზიციების შესაქმნელად;
♦ შინაური ფრინველების საკვებად გამოყენებისა და ფრინველების ბუმბულის შეფერილობის
გასაუმჯობესებლად;
♦ გამომშრალი მარცვლეულისგან უნიკალური სამკაულებისა და ორნამენტების შესაქმნელად.
ზემოაღნიშნული მრავალფეროვანი, თითქმის მივიწყებული სიმინდის ჯიშების აღდგენა-დაბრუნება კარლ ბარნსმა (ოკლაჰომის შტატი) გადაწყვიტა. იგი მრავალი წლის განმავლობაში მიზანმიმართულად მუშაობდა სიმინდის ყველაზე ფერადი, „მშობლიური“ ჯიშების შერჩევასა და შენარჩუნებაზე. ჩეროკისა და ოსაჯის ინდიელთა წარმოშობის ბარნსმა ჯიშების აღსადგენად წინაპრების მიერ შემონახული უძველესი ცოდნა და ტრადიციული გამოცდილება გამოიყენა. სელექციური სამუშაოები 1980-იან წლებში დაიწყო და მოიცავდა:
♦ იშვიათი ჰიბრიდული ჯიშების შეგროვებას სხვადასხვა ინდიელთა რეზერვაციიდან;
♦ ღია დამტვერვის გამოყენებას გენეტიკური მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად;
♦ ათეულობით წლის განმავლობაში ყველაზე კაშკაშა და უჩვეულო ნიმუშების ფრთხილად შერჩევას.
კარლ ბარნსმა ხანგრძლივი შრომატევადი შრომის შედეგად მიზანს მიაღწია და მიიღო ფერადი „მძივებივით ასხმული“ სიმინდის ტარო, თითოეული უნიკალური ფერითა და მარცვალების განლაგებით, რაც პაწაწინა „ფერად კენჭებს“ – მძივებს უფრო გვაგონებს. ჯიშმა ოფიციალური აღიარება 2012 წელს მოიპოვა უჩვეულო სიმინდის ფოტოების ინტერნეტში ვირუსულად გავრცელების შედეგად.
ფერადი სიმინდის უნიკალური მახასიათებლებია:
– ფერთა ფართო გამა (არჩევანი) – რბილი პასტელისფერი ლურჯიდან და ვარდისფერიდან დაწყებული და მდიდარი იისფერით, წითელით და მწვანე შეფერილობით დამთავრებული;
– მარგალიტისებრი ბზინვარება, რომელიც სხვადასხვა კუთხიდან განათებისას მოელვარე და მოციმციმე ძვირფასი ქვების ეფექტს ქმნის;
– მყარი, მინისებრი მარცვლის სტრუქტურა (კაჟა სიმინდი) უზრუნველყოფს ხანგრძლივ შენახვას;
– მცენარის სიმაღლე 2-2,5 მეტრამდე აღწევდეს;
– ვეგეტაციის პერიოდი 110-120 დღეს მოიცავს.
„ფერადი სიმინდის“ შესახებ მოპოვებულმა მრავალფეროვანმა და საინტერესო ინფორმაციამ საზოგადოების ინფორმირებულობის შესწავლის ინტერესი გამოიწვია. სწორედ „ფერადი სიმინდის“ შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ცოდნის გამოვლენის მიზნით ჩატარდა კვლევა. პირველადი გამოკითხვით მისი არსებობა ბევრი ადამიანისთვის მოულოდნელი ან/და ნაკლებად ცნობილი აღმოჩნდა – შედეგად გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა უმეტესობაზე მეტს არც კი სმენია „მრავალფეროვანი ჭრელი“ სიმინდის შესახებ, ნაწილი ასახელებენს მხოლოდ 2-3 ძირითად ფერს – თეთრი, ყვითელი და სტაფილოსფერი, ხოლო უფრო მცირე ნაწილი თანამედროვე ტექნოლოგიების ჩარევით მიღებულ გენმოდიფიცირებულ (GMO) პროდუქტად მიიჩნევს. კვლევა/გამოკითხვის ობიექტები: საკოლმეურნეო ბაზრები, სავაჭრო ცენტრები, კერძო პირები (თბილისი).
მსოფლიოში სიმინდის ნათესი ფართობები დაახლოებით 200 მილ. ჰა-ზე მეტია. ფართობების მიხედვით ლიდერობენ შემდეგი ქვეყნები – ჩინეთი, აშშ, ბრაზილია, ინდოეთი, არგენტინა, მექსიკა, სხვ. საქართველოში სიმინდის ნათეს ფართობებს დაახლოებით 140,5 ათასი ჰექტარი უჭირავს. მიუხედავად სიმინდის არაქართული (არაენდემური) წარმოშობისა, იგი თავის დროზე ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან კარგად ადაპტირებულ ერთ-ერთ წამყვან სასოფლო-სამეურნეო კულტურად ჩამოყალიბდა. საქართველოში სიმინდის შემოტანის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, სიმინდი იტალიიდან დასავლეთ საქართველოში XVII საუკუნის მეორე ნახევარში, ხოლო სხვა წყაროს თანახმად, XVI საუკუნიდან აღმოსავლეთ საქართველოში შემოვიდა.
სიმინდს ერთწლიან მარცვლოვან კულტურებს შორის, ხორბლისა და ბრინჯის შემდეგ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იგი მნიშვნელოვან სასურსათო და ეკონომიკურ კულტურას წარმოადგენს.
ციური (ციცო) დოსმიშვილი, აგროინფორმაციის სპეციალისტი

