აგროსიახლეები

ესპანელი მევენახეები და მეცნიერები ჯიღაურაში

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ჯიღაურას ბაზას ესპანეთის რიოხას მევენახეობისა და მეღვინეობის მეცნიერებათა კვლევითი ცენტრის 25-კაციანი დელეგაცია ეწვია. დელეგაციას პროფესორი ხოსე მ. მარტინეს ზაპატერი ხელმძღვანელობდა.
ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ მევენახეობა-მეღვინეობის სფეროსთან პროფესიულად დაკავშირებული სპეციალისტები — მევენახეები, მეღვინეები, მკვლევრები, კონსულტანტები და ფიტოსანიტარიული მიმართულების წარმომადგენლები.

სტუმრებს ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ უმასპინძლა. მან დელეგაციას დეტალურად გააცნო სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. სტუმრებმა დაათვალიერეს ვაზის საკოლექციო ნარგაობა და ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საერთო კვლევითი ინტერესების შესახებ — ვაზის უნიკალური გენეტიკური რესურსების დაცვა, სერტიფიცირებული სარგავი მასალის წარმოების თანამედროვე მიდგომები, კლიმატურ ცვლილებებზე ადაპტაციის გზები და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის როგორც ინტეგრირებული, ისე ორგანული მეთოდები.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ღვინის დეგუსტაციაც, რომელსაც მევენახეობა-მეღვინეობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ჩიჩუა უძღვებოდა. სტუმრებმა ქართულ ქვევრში დაყენებული, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები დააგემოვნეს და გაეცნენ ქვევრის ღვინის დაყენებისა და დავარგების ტექნოლოგიურ პროცესს.

ესპანური დელეგაციის ვიზიტი გახდა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს სამომავლო პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებას.